Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-479(კ-23) 18 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.ზ-ი, მ.ი-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ზ-მა 2020 წლის 7 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2020 წლის 18 ივნისის N03-749/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და დ.ზ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისა და სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილისათვის განკუთვნილი ყოველთვიური შემწეობის გაცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

მ.ი-ემ 2021 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2020 წლის 9 დეკემბრის №03/19458 წერილის ბათილად ცნობის, მ.ი-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისა და სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილისათვის განკუთვნილი ყოველთვიური შემწეობის გაცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები - დ.ზ-ის სარჩელისა გამო და მ.ი-ის სარჩელისა გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დ.ზ-ის და მ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 18 ივნისის №03-749/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 დეკემბრის №03/19458 გადაწყვეტილება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეების - დ.ზ-ისა და მ.ი-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დ.ზ-ისთვის კუთვნილი მიუღებელი ფულადი შემწეობის ანაზღაურება, თვეში 45 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანიდან - 2020 წლის 7 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მ.ი-ისთვის კუთვნილი მიუღებელი ფულადი შემწეობის ანაზღაურება, თვეში 45 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანიდან - 2021 წლის 27 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს - დევნილის სტატუსის მატარებელი პირი მუდმივად, თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ დ.ზ-ი დაიბადა ახალგორში და სწავლობდა სოფელ ...ის საჯარო სკოლაში, არ შეიძლება ჩაითვალოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, ვინაიდან თავად სასამართლო მიუთითებს, რომ 1986-2005 წლებში მოსარჩელე მუშაობდა თბილისში, მანამდე კი სწავლობდა თბილისში ...ის ტექნიკუმში. შესაბამისად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო არა მოსარჩელე მხარის მუდმივი ცხოვრების ფაქტი, არამედ მისი რეგისტრაციის ადგილი.

კასატორის მითითებით, დ.ზ-მა გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ახალგორში. 1969-79 წლებში სწავლობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. 1983-84 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში, ...ის ტექნიკუმში. 1983 წელს დაოჯახდა ახალგორში. 1985 და 1986 წლებში შეეძინა შვილები ახალგორში. 1984-85 წწ. მუშაობდა ახალგორის სასურსათო მაღაზიაში. 1986 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში ...ში. 2005-2008 წლებში მუშაობდა ...ის მოპოვებაზე. მისი მეუღლე - მ.ი-ე 1995-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში ...ში. მისმა შვილებმა სწავლა დაიწყეს ახალგორის სკოლაში და სკოლა დაამთავრეს ქ. თბილისში (სკოლის ნომერი არ ახსოვს). დ.ზ-მა ახალგორის რაიონი დატოვა 2008 წლის აგვისტოში ოჯახთან ერთად. ქ. თბილისში რეგისტრირებული იყო სამსახურის საერთო საცხოვრებელში. მისი განმარტებით აღნიშნულ მისამართზე არ უცხოვრია და მხოლოდ რეგისტრირებული იყო. სამსახურში დადიოდა ახალგორიდან და გარკვეული პერიოდი თბილისში ქირითაც ცხოვრობდა (მისამართები არ ახსოვს).

სააგენტო აღნიშნავს, რომ დ.ზ-ის განცხადებაზე თანდართული იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 22 დეკემბერს გაცემული №928 ცნობა, რომლის თანახმად, დ.ზ-ი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში. განცხადებაზე ასევე თანდართული იყო სამი მოქალაქის მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ დ.ზ-ი ცოლ-შვილთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე. განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დამატებითი მოკვლევის მიზნით კასატორმა მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის №19075 საპასუხო წერილის მიხედვით, დ.ზ-ი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში ცხოვრობდა სეზონურად. აღნიშნულს აგრეთვე ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული 2020 წლის 04 ივნისის №4 წერილით. ასევე, დ.ზ-ს, 2003 და 2007 წლებში აღებულ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში, საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება ქ. თბილისი. მხოლოდ 2009 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში ფიქსირდება მისამართად ახალგორის რაიონის სოფ. ... კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ 2008 წლამდე დ.ზ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფ. ... არ ყოფილა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მ.ი-ემ სააგენტოში წარადგინა ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების დამდგენი კომისიის 2014 წლის 03 აპრილის №536 დასკვნა, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2019 წლის 13 სექტემბრის №2-1337 ცნობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2019 წლის 12 სექტემბრის №5 წერილი და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2009 წლის 22 დეკემბრის №928 ცნობა. №536 დასკვნა და №928 ცნობა გაცემული იყო მ.ი-ის ოჯახის წევრებზე და მასში თავად მოსარჩელე ნახსენები არ იყო, ხოლო №2-1337 ცნობასა და №5 წერილში აღნიშნული იყო, რომ მ.ი-ე არ იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მუდმივად მცხოვრები პირი. მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით არ დასტურდებოდა 2008 წლის ომამდე მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. კასატორის მითითებით, 2020 წლის 7 დეკემბერს მ.ი-ემ კვლავ მიმართა სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. განცხადებას თან ერთოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-0430 და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №11 წერილები. ზემოაღნიშნული წერილების თანახმად, მ.ი-ე 2008 წლის აგვისტომდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფ. ...ში. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა 2008 წლის ომამდე მ.ი-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ახალგორის რაიონის სოფ. ...ში.

კასატორის მითითებით, სააგენტომ იმოქმედა სზაკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეებს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა, ასევე მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლებისათვის საფრთხის არსებობის გამო შეუძლებელი უნდა იყოს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელეების მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ სააგენტოში შევსებულ კითხვარში დ.ზ-მა აღნიშნა, რომ ... წელს დაიბადა ახალგორში. 1969-1979 წლებში სწავლობდა ახალგორის რაიონის, სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. 1981-1983 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1983-1984 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში, ...ის ტექნიკუმში. 1983 წელს დაოჯახდა ახალგორში მ.ი-ეზე. ჰყავს შვილები ი.ზ-ი - დევნილი და ირ.ზ-ი - არადევნილი. 1984-1985 წლებში მუშაობდა ახალგორში, სურსათის მაღაზიაში გამყიდველად. 1986-2005 წლებში ქ. თბილისში მუშაობდა ... სამსახურში, ...ად. მან ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოში დატოვა სოფელი .... 2008 წლიდან დღემდე ცხოვრობს ...ში, დევნილთა დასახლებაში, ქირით. მოსარჩელის შვილს - ი.ზ-ს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 26 ივლისის საქართველოს ...ის მიერ გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად, დ.ზ-ს გადაეცა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში (...) მდებარე 0,202 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2003 წლის 31 მარტის სარეგისტრაციო მოწმობით კი დასტურდება, რომ დ.ზ-ის ოჯახს გადაეცა ახალგორში (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,022 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე, 1999 წლის 29 იანვრის №161 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებ დ.ზ-ს გამოყოფილი აქვს სოფელ ...ში 0,4398 ჰა მიწის ნაკვეთი, ოთხ ნაკვეთად, საფუძველი: სოფელი ...ის 1992 წლის 20 აგვისტოს №2 დადგენილება.

საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 22 დეკემბრის №928 ცნობის თანახმად, დ.ზ-ი მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე, თავის საცხოვრებელ სახლში (2008 წლის 6 აგვისტომდე). ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2020 წლის 5 ივნისის №2-0205 წერილისა და ...ის ტერიტორიული ორგანოს 2020 წლის 4 ივნისის №4 წერილის თანახმად, დ.ზ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში სეზონურად ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 25 მაისის მოწმის გამოკითხვის ოქმით, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული პირების განმარტებით ცალსახად დადასტურდა მოსარჩელეების სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო არაა ის გარემოება, რომ დ.ზ-ი დაიბადა და სკოლაში სწავლობდა სოფელ ...ში. ასევე ახალგორში დაიბადნენ მისი შვილები. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გარკვეული პერიოდით ქ. თბილისში ტექნიკუმში სწავლისა და მუშაობის ფაქტი არ გამორიცხავს მომდევნო წლებში პირის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების შესაძლებლობას. რაც შეეხება დ.ზ-ის ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტს, ქ. თბილისის ...ის პირველი მ/რ-ის მე-3 „ბ“ კორპუსის ბმა „ ...ის“ თავმჯდომარის ნ.ბ-ის და წევრების ნ.ს-ას, ზ.ჭ-ის, გ.ჯ-ის და თ.ბ-ის მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ ...ის პირველი მ/რ-ის, მე-3 „ბ“ კორპუსი იყო ...ის ...ის საერთო საცხოვრებელი. აღნიშნულ მისამართზე ჩაწერილი იყო დ.ზ-ი ოჯახთან ერთად (ოთხი სული). აღნიშნულ მისამართზე დ.ზ-ის ოჯახს არ უცხოვრია და არც რაიმე საკუთრება გააჩნიათ. მითითებული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მოსარჩლეების სახელზე საცხოვრებელი ბინის (ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლის გარდა) საკუთრებაში არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა