Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1286-1522-05 11 ივლისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება (ძირითად სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

დ. მ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-შვილის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002წ. 18 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად‚ დ.მ-ელმა ნ.მ-შვილს ასესხა 5310 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სამი თვის ვადით თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.მ-შვილის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... მდებარე ¹50 ბინა. 2003წ. მარტში მოპასუხემ დააბრუნა ძირითადი თანხის ნაწილი _ 500 აშშ დოლარი და 3 თვის გადასახდელი პროცენტი _ 310 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ნ.მ-შვილმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 403-404-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი თანხის _ 4818 აშშ დოლარის, პროცენტის სახით _ 96,36 აშშ დოლარისა და ვადაგადაცილებულ 16 თვეზე ყოველთვიურად 2%-ის _ 1541,76 აშშ დოლარის, სულ _ 6359 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

ნ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: სადავო ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად, კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ფაქტობრივად ნ.მ-შვილმა 4500 აშშ დოლარი ყოველთვიურად 6%-ის დარიცხვით ისესხა მისი ნდობით აღჭურვილი ნ. მ-ძისაგან. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით, სადაც ყოველთვიური პროცენტის მიმღებად დაფიქსირებულია ნ.მ-ძე. ამ უკანასკნელის მიმართ არსებული ნდობის გამო ნ.მ-შვილს არ შეუმოწმებია, რომ ხელშეკრულებაში კრედიტორად არასწორად მიეთითა დ.მ-ელზე. უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება მოპასუხის მიერ ძირითადი თანხიდან 500, ხოლო პროცენტის სახით 310 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, აღნიშნული 810 აშშ დოლარი წარმოადგენდა ყოველთვიურად გადასახდელი 6%-ის _ 270 აშშ დოლარის სამი თვის ჯამს. ნ.მ-შვილმა სულ გადაიხადა 3425 აშშ დოლარი, გადასახდელი კი დარჩა 1075 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, ასევე‚ 19 თვის პროცენტი, თვეში 90 აშშ დოლარი, სულ _ 2785 აშშ დოლარი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით დ. მ-ელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ნ. მ-შვილს მის სასარგებლოდ დაეკისრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის _ 4500 აშშ დოლარის, 3 თვის პროცენტის _ 286 აშშ დოლარის, 16 თვის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, ყოველთვიურად 2%-ის _ 1080 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის გადახდა დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციით მიღებული თანხიდან. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით დ. მ-ელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ ნ.მ-შვილს დაეკისრა ძირითადი თანხის _ 3960 აშშ დოლარის, 16 თვის ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის _ 950 აშშ დოლარის, სულ _ 4910 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002წ. 18 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად დ. მ-ელმა ნ. მ-შვილს ასესხა 4500 აშშ დოლარი სამი თვით, ყოველთვიურად 6%-ის დარიცხვით. პალატის აღნიშნული მსჯელობა ემყარება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების დადების დღეს მოპასუხემ მოსარჩელეს პროცენტის სახით გადასცა 300 აშშ დოლარი, ერთი თვის შემდეგ _ 240 აშშ დოლარი, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 270 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა არასწორად იქნა მიჩნეული ძირითად სესხად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ გამსესხებელმა დ.მ-ელმა სესხის აღების დღეს მსესხებლისაგან 240 აშშ დოლარი უკანვე მიიღო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულებით სესხი გაიცა ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვის პირობით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად კი დ.მ-ელმა ნ.მ-შვილისაგან მიიღო 810 აშშ დოლარი, ამდენად, გათვალისწინებული სამი თვის პროცენტის ოდენობის გადაცილებით გადახდილი 540 აშშ დოლარი წარმოადგენს ძირითად სესხს და მოპასუხეს ძირითადი თანხიდან გადასახდელი დარჩა 3960 აშშ დოლარი. პალატამ მიუთითა რაიონული სასამართლოს მიერ საბანკო 1,5%-ის დადგენაზე და აღნიშნა, რომ დ.მ-ელს აღნიშნული ოდენობა არ გაუსაჩივრებია, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, 16 თვის ვადაგადაცილებით მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო ზემოხსენებული 1,5%-ის საფუძველზე, რაც შეადგენდა ყოვეთვიურად 59,4 აშშ დოლარს, სულ _ 950,4 აშშ დოლარს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ ნ.მ-შვილის შეგებებული სარჩელი, სამოქალაქო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლის გამო, მართებულად ჩათვალა ხანდაზმულად და არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას აუქციონის შესახებ, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით და დ.მ-ელი უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.მ-შვილისათვის 1331 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ დაადგინა, ვინაიდან სადავო სესხის ხელშეკრულება 4500 აშშ დოლარზე თვეში 6%-ის დარიცხვით რეალურად დაიდო ნ.მ-შვილსა და ნ.მ-ძეს შორის. მოწინააღმდეგე მხარემ ისარგებლა რა მისი ნდობით, ნ.მ-შვილი დაარწმუნა, რომ გარიგებაში მსესხებლად დ.მ-ელის დაფიქსირება, ასევე‚ გარიგების პირობა‚ რომ სესხი მოიცავდა 5310 აშშ დოლარს ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით, იყო ფორმალობა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ნ.მ-შვილის მიერ იმავე დღეს 300 აშშ დოლარის გადახადა, საიდანაც 270 აშშ დოლარი იყო პირველი თვის პროცენტი, დარჩენილი თანხა კი, შესაბამისი ფულადი კუპიურის არქონის გამო, ჩაითვალა შემდეგი თვის საპროცენტო დანარიცხში. სადავო თანხის ნ.მ-ძისაგან სესხების ფაქტს ადასტურებს ასევე საქმეში წარდგენილი ხელწერილები, რომელთა თანახმად‚ კასატორი ყოველთვიურად სესხის პროცენტს უხდიდა ნ.მ-ძეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ, მართალია, იმსჯელა 2002წ. 18 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული გარემოებები სათანადოდ არ გამოიკვლია. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად არ დააკმაყოფილეს ნ.მ-შვილის შუმადგომლობა მის მიერ სკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოდგენილი სადავო პროცენტების გადახდის დამადასტურებელი ხელწერილების ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებებად მიჩნევის შესახებ. აღნიშნული მასალებით ირკვევა, რომ დ.მ-ელმა, ნ.მ-ძემ და ნ.უთმელიძემ ბოროტად ისარგებლეს ნ.მ-შვილის ნდობით და ხელწერილებში ყოველთვიური პროცენტის მიმღებად ნ.მ-ძის დაფიქსირებით თაღლითურად სძალავდნენ მას თანხებს, რეალურად კი კასატორი, სადავო სესხიდან გამომდინარე, საპროცენტო დანარიცხს 2004წ. აპრილის ჩათვლით მუდმივად იხდიდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ 16 ვადაგადაცილებულ თვეზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას ისიც ადასტურებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადაუხდელობის პირობებში დ.მ-ელს სასამართლოში რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ელმაც, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილისათვის ძირითადი თანხის _ 4500 აშშ დოლარის, სამი თვის პროცენტის _ 286 აშშ დოლარის, ვადაგადაცილებულ 16 თვეზე _ 1080 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 280 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეყრდნობა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირ განმარტებებს, აგებულია ვარაუდზე. სასამართლომ ვერ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებზეც თავისი მსჯელობა ააგო. სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ სესხის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და დაარღვია რა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მოთხოვნა, ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობა მხოლოდ ნ.მ-შვილის განმარტებაზე დაყრდნობით დაადგინა. ამგვარი მსჯელობის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შინაგან რწმენაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საქმის ყოველმხრივ და ობიექტურ გამოკვლევას არ ეყრდნობა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების დანაწესები და საქმის განხილვისას დაშვებული პროცესუალური დარღვევების შედეგად გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მხარის მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის ნ.მ-შვილისათვის დაკისრების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2002წ. 18 დეკემბერს დ. მ-ელსა და ნ. მ-შვილს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ყოველთვიურად ორი პროცენტის სარგებლის გადახდის პირობით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რეალურად დ. მ-ელმა ნ. მ-შვილს ასესხა 4500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით თვეში ექვსი პროცენტის გადახდის პირობით. სასამართლო აღნიშნულ დასკვნას ამყარებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებას, კერძოდ, კასატორების ხელმოწერით დამოწმებულ ხელწერილს, კანონის მოთხოვნათა დაცვით ასაბუთებს თავის შინაგან რწმენას სესხის ხელშეკრულებაში მითითებული პირობების არარეალურობის თაობაზე.

უსაფუძვლოა კასატორ მ-შვილის საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სხვა ხელწერილები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სესხის ძირითადი ნაწილის გადახდის ფაქტს. აღნიშნული ხელწერილები შედგენილია ნ. მ-შვილისა და ნ. მ-ძეს და არა ნ.მ-შვილსა და დ. მ-ელს შორის. ამდენად, მითითებული ხელწერილებით დაფიქსირებული თანხის ნ.მ-ძისთვის გადახდა არ ადასტურებს დ.მ-ელისაგან სესხად მიღებული თანხის გადახდას.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დ. მ-ელის საკასაციო პრეტენზიას, რომ სასამართლომ ნ.მ-შვილის განმარტების საფუძველზე დაადგინა სესხის ოდენობა, რაც ეწინააღმდეგება სკ-ის 624-ე მუხლის მოთხოვნას. აღნიშნული ნორმით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, რა დროსაც მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა სანოტარო წესით გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ოდენობა, თავისი დასკვნა სესხად გაცემული თანხის ოდენობაზე დააყრდნო საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს, რომლის სისწორე დადასტურებულია დ.მ-ელის ხელმოწერითაც და ამ უკანასკნელს მასზე საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეაფასა რა მტკიცებულებები თავისი შინაგანი რწმენით, თავისი დასკვნა დააყრდნო საქმეში წარმოდგენილ ერთ-ერთ მტკიცებულებას_ხელწერილს. აღნიშნულით სასამართლომ უარყო რა სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ოდენობის სისწორე, თავისი ასეთი მოსაზრება დაასაბუთა ამავე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით და საქმის გარემოებებით. ამდენად, სასამართლოს დასკვნა სადავო თანხის ოდენობაზე ეყრდნობა არ მხოლოდ ნ.მ-შვილის ზეპირ განმარტებას, არამედ საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას.

ასევე უსაფუძვლოა კასატორ ნ.მ-ელის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა გამოეყენებინა მხოლოდ საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სესხად გაცემული თანხის ოდენობასთან მიმართებით. მითითებული ნორმის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მარტივ წერილობით, და არა სანოტარო ფორმას. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს დასკვნა გასესხებულ თანხასთან დაკავშირებით ეყრდნობა წერილობით მტკიცებულებას _ ხელწერილს. მოცემულ შემთხვევაში ორივე მტკიცებულება წერილობითია და ერთ-ერთი მათგანის სანოტარო წესით დამოწმება, მას რაიმე უპირატეს იურიდიულ ძალას ვერ მიანიჭებს.

უსაფუძვლოა კასატორ დ.მ-ელის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მის მოთხოვნაზე ნ.მ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 280 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ-შვილს აღნიშნული თანხის გადახდა უკვე დაეკისრა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მითითებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაუქმებულა და დარჩა უცვლელი. ამდენად, დ.მ-ელის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზემოხსენებული თანხის ხელმეორედ დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ელისა და ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.