№ბს-624(გ-23) 27 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე,გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - თ. კ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 5 მაისს თ. კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების (საკონკურსო კომისიის ოქმის) ბათილად ცნობა და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 04.05.2023წ. წერილობითი შეტყობინების უკანონოდ ცნობა. ამასთან, მოსარჩელემ, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, მოითხოვა მოპასუხისთვის სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნის აკრძალვა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.05.2023წ. განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 08.05.2023წ. მოსარჩელემ განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების - საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2023წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ ასევე არ დაკმაყოფილდა.
23.05.2023წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. კოლეგიის მოსაზრებით, წარმოდგენილი სარჩელი განეკუთვნება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას და იგი სამოქალაქო სამართლალწარმოების პრინციპების დაცვით უნდა იქნეს განხილული. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები; კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, გარდამავალ პერიოდადაა ჩათვლილი 2017 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. კოლეგიამ აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ დავის სამართლებრივი შინაარსისა და განსჯადი სასამართლოს დადგენისათვის, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათს, რომლისგანაც გამომდინარეობს ეს დავა. განსახილველ შემთხვევაში კი კოლეგიამ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით არის მოწესრიგებული, იმავე კანონის 1261-ე მუხლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა კერძო-სამართლებრივი ხასიათისაა, რამდენადაც შრომის კანონმდებლობით წესრიგდება და კონკურსის შედეგიც ამ კანონმდებლობის საფუძველზე რეალიზდება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (01.08.2018 წ. განჩინება საქმის №ბს-221-221(გ-18)). ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რასაც საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა კი შრომის კოდექსით რეგულირებად სამართლებრივ დავას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ თ. კ-ის სარჩელი განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, შესაბამისად ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2023წ. განჩინებით განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დარეგულირებული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესების თაობაზე დავა გამომდინარეობს არა კერძო, არამედ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან.
კოლეგიამ მიუთითა, რომ განსჯადობა გულისხმობს საქმეების კანონით ზუსტად განსაზღვრული წესით განაწილებას ცალკეული სასამართლოების მიხედვით, რაც მათ ანიჭებს კომპეტენციას, განიხილონ საქმე თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში; ამ წესის ხელყოფა იწვევს არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და შესაბამისად, საპროცესო-სამართლებრივი ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ა” პუნქტი). კოლეგიამ აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის; ე) საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის ვ) უდავო წარმოების საქმეებს; ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; თ) შვილად აყვანის საქმეებს; ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს; კ) ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. აღნიშნული კოდექსის 2.3. მუხლით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. კოლეგიის მოსაზრებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევით, სასპორტო და რელიგიურ წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. კოლეგია მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა,რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება და შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება საჯარო დაწესებულებასა და მის დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები მაგ. შრომის პირობებთან, შვებულებასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესები მოწესრიგებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კონკურსის ჩატარების წესები რეგულირებულია ასევე სხვა ადმინისტრაციული აქტებით. ამდენად, კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, ასევე კომისიის მუშაობის წესი და გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება და მიზნად ისახავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად შემადგენლობის დაკომპლექტებას და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, კონკურსის შედეგად გამარჯვებულ პირებთან შემდგომ ეტაპზე დაიდება ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კონკურსის ჩატარების წესი - მოსარჩელე ითხოვს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის, როგორც კონკურსის შედეგების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე მოსარჩელისათვის უარის წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობას, რაც განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის კონკურსის ჩატარების წესით". ამდენად, დავის საგანი გამომდინარეობს არა კერძო, არამედ საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2.06.2023წ. განჩინებით განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ თ. კ-ის სარჩელი მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს პირის უფლებას, განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. ზემოაღნიშნული დანაწესის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის დავა საგნობრივ განსჯადობას უკავშირდება. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიისა განსახილველ დავას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ დავის სამართლებრივ ბუნებას და არა მის სუბიექტურ შემადგენლობას. საქმის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიის მიკუთვნებისთვის მნიშვნელოვანია დავაში არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, არამედ არსებითია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებს ეფუძნებოდეს და წესრიგდებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
კასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგულირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად სააგენტოს ფუნქციებია: რეგისტრაცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა და სხვა. ამდენად, სააგენტო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ ქმნის სააგენტოს მიმართ წარმოებული ნებისმიერი დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ მიჩნევის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა მოხდეს დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარეთა ზუსტ განსაზღვრას, სასარჩელო მოთხოვნათა დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის შეფასებას მოითხოვს.
საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დავა ადმინისტრაციულ სამართლებრივად მიიჩნევა არა საფუძვლით, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად სწორედ დავის საგანი განსაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.3 მუხლი, რომლის თანახმად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთბის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის ადგილს კანონმდებლობაში (სუსგ 11.09.2014წ. №ბს-350-316 (გ-14)).
ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს. თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა, იგი ადმინისტრაციულ აქტად არ ჩაითვლება (სუსგ დიდი პალატა 10.07.2007წ. ბს-№132-123(კ-07)).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების კანონიერება. მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული კონკურის შედეგებისა და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მისი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ 04.05.2023 წლის წერილობითი შეტყობინების უკანონოდ ცნობა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე და 43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართელოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გარადამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება ან ჰორიზონტალური გადაყვანა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანლის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. საჯარო სამართლის იურდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარების წესი და პირობები დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ამავე კანონის 34.6 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ“ 21.04.2017წ. დადგენილებით რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის შემდგომში კონკურსი) ჩატარების წესი და პირობები, კონკურსის ეტაპები, საკონკურსო კომისიების (შემდგოში კომისია) საქმიანობის დეტალური წესი და უფლებამოსილება. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. წესის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები (წესის მე-7 პუნქტი). ამავე დადგენილების 34-ე მუხლის თანახმად, კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება გარდამავალ პერიოდშიც (2017 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში) ვრცელდება საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად პირთა შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 21.04.2017წ. №204 დადგენილებით დამტკიცებული "საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნებისაა, რამეთუ იგი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. განსახილველი დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის საფუძველი არის ადმინისტრაციული ნორმატიული საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაც უნდა შეფასდეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განსახილველი დავის სამოქალაქო დავად მიჩნევას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2018წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-221-221(გ-18)) მითითებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული საქმე არსობრივად განსხვავდება მოცემული საქმისგან როგორც საქმის ფაბულით ასევე საქმის გადასაწყვეტად გამოსაყენებელ სამართლის ნორმათა სპექტრით. მითითებულ დავაზე პირის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი იყო შრომის კოდექსი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი აქტია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე სადავოდ ხდის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიიჩნია, რომ თ. კ-ის სარჩელის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, შესაბამისად, თ. კ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-ის სარჩელი სსიპ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე