Facebook Twitter

საქმე №ბს-452(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ.ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 25 მაისს ზ.ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1988-1990 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა სსრკ შეიარაღებულ ძალებში, 1992-2019 წლებში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მოსარჩელე არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. მოსარჩელემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2020 წლის 18 დეკემბრის №04-00/21380 წერილით უარი ეთქვა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის საფუძველია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება არ წარმოიშობა, თუ აღნიშნული პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. მოსარჩელესთან მიმართებაში, ცენტრის მიერ არამართლზომიერ ქმედებად შეფასდა მისი დათხოვნის მატერიალური საფუძველი - მარიხუანის მოხმარების ფაქტი. მოსარჩელე ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება გააჩნია არამხოლოდ არამართლზომიერი ქმედების ჩამდენ პირებს, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენ პირებსაც, თუ სახეზე არ არის სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება წარმოეშვა, 20 წლიანი სტაჟის დაგროვებისას 2010 წელს, თუმცა გააგრძელა სამხედრო სამსახურში საქმიანობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2019 წელს ჩადენილი არამართლზომიერი ქმედების გამო, უკვე მოპოვებული (2010 წელს) სახელმწიფო კომპენსაციის მიღება არ უნდა შეზღუდვოდა. მოსარჩელე სოციალური უფლებების დაცვის კუთხით მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ პაქტის მე-9 მუხლებზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.11.2017წ. №1/13-732 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურადაა ცნობილი ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც მარიხუანას მომხმარებლები ითვლებოდნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებად და მათზე ვრცელდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით დადგენილი პასუხისმგებლობების ზომები. მოსარჩელე ასევე მიუთითებს „ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელს საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მისი სამსახურიდან დათხოვნა მარიხუანის მოხმარების გამო, არაკანონიერია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები. ცენტრის მუშაკებმა დისკრეციული უფლებამოსილება მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის (...) 2020 წლის 18 დეკემბრის №04-00/21380 წერილი; 2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 6 მაისის №04/4416 გადაწყვეტილება და მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევლოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ზ.ლ-ისათვის 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით №3/3170 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით №3/3170 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ზ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები; მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რა დროსაც არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შეთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 18.12.2020 წლის №04-00/21380 წერილის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 მაისის №04/4416 გადაწყვეტილებების - ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისთვის 2021 წლის 01 იანვრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2. მუხლის საფუძველზე, რადგან მისი თანამდებობიდან დათხოვნა მოხდა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს მოსარჩელე ზ.ლ-ი წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს და მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებული მიზეზი ზღუდავს თუ არა მოსარჩელის უფლებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიურის სტიდენტიის დანიშვნის საფუძვლები. ზემოთმითითებული ნორმის თანახმად, აკადემიურის სტიდენტიის დანიშვნის საფუძვლები. მუხლის მიხედვით ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე ნორმის 2.,,ე“ ნაწილით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1 მუხლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1. მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

საააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენასაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ. ამავე კანონის 11.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.10.2019 წლის MIA 01902634136 ბრძანებით (დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან სამეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 2.2. ,,ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), ამავე წესდების 3.,,ზ“ მუხლის (სამსახურიდან დათხოვნა) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N337 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 5.2. მუხლის ,,ზ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისა და დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ.ლ-ს, დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლებისა და სამსახურიდან დათხოვნამდე, ,,პოლიციიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უფლებამოსილი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, ზ.ლ-ს ,,წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო“ სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ ზ.ლ-ი წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს, თუმცა შეეზღუდა აღნიშნული უფლება, რადგან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და დათხოვნილ იქნა დისციპლინური გადაცდომის - მოსამსახურისთვის შეუფერებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. იგი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა „სახელმწიფოს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1, 5.1, 5.2 „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მარიხუანას მოხმარება აღარ არის მიჩნეული კანონმდებლობის დარღვევად. კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად ადგენს არა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის მოტივით სამსახურიდან დათხოვნას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამხედრო წოდების ჩამორთმევას. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი წინააღმდეგობაში არ მოდის „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ.ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 18.12.2020 წლის №04-00/21380 წერილის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 06 მაისის №04/4416 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ის სამმართველოს ...ის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (...), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - ზ.ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №MIA 0 19 02634136 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი იყო შსს გენერალური ინსპექციის 2019 წლის 3 ოქტომბრის №2623751 დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ.ლ-მა აღიარა ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

დადგენილია, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრში გადაიგზავნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მოსამსახურის - ზ.ლ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და საქართველოს შს მინისტრის ბრძანებიდან ამონაწერი. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 18 დეკემბრის №04-00/21380 წერილში მითითებულია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. საქართველოს შს მინისტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №2634136 ბრძანების ამონაწერის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - ზ.ლ-ი დათხოვნილია საქართველოს შს სამინისტროდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით.

კასატორი საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემობაზე, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება მხოლოდ სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაუცემლობა არაკანონიერია, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით მისთვის სამხედრო წოდების არ ჩამოურთმევიათ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1. მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ: ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები - დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის 11.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე ა კანონის 3.1. მუხლით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ.ლ-ის მიმართ ვერ გავრცელდება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4 მუხლის მოთხოვნები კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, რამეთუ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო არა სამსახურიდან თადარიგში გასვლა ან სამსახურიდან გადადგომა, არამედ მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედების გამო მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი სახელმწიფო კომპენსაციის საფუძველი. კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობისთანავე, პირმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მითითებული უფლების რეალიზება - სათანადო ორგანოსათვის მიმართვა, განმცხადებლის სურვილზე არის დამოკიდებული.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ნამსახურებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების (2010 წელს) მოპოვების შემდეგ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მისთვის წაერთმია კანონით გარანტირებული უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღება დაკავშირებულია როგორც კანონით გათვლისწინებული პირობების დადგომაზე ასევე უფლების მფლობელის მხრიდან თანმხვედრი ქმედებების განხორციელებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზ.ლ-ი წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მქონე პირს, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მას დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლებისა და სამსახურიდან დათხოვნამდე, ,,პოლიციიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვული წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უფლებამოსილი ორგანოებისათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1. მუხლს, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზ.ლ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 04.10.2019 წლის MIA 01902634136 ბრძანების (დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ) ან მისი გამოცემის საფუძვლის გასაჩივრების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გამომდინარე იქედან, რომ ზ.ლ-ის სამსახურიდან განთავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის, მოსამსახურისათვის შეუფერებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი, არამართლზომიერი ქმედების გამო, მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები არ წარმოიშობოდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიუხედავად, ზ.ლ-ს არ ესპობა სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მისი განთავისუფლების საფუძვლის შეცვლის შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ზ.ლ-ის შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა