Facebook Twitter

საქმე #ბს-241(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 10 ოქტომბერს გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 17 დეკემბერს მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩის კუთხეში, მე-2 სართულზე მდებარე უძრავი ქონება - ბინა 3, ფართით 129.80 კვ.მ (ს.კ. ...). ქონება წარმოადგენდა ოჯახის დანაზოგით შექმნილ შემოსავლის ძირითად წყაროს, რომელსაც მოსარჩელე წლების განმავლობაში აქირავებდა მესამე პირებზე.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 ივლისს მან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გ. ტ-ესთან გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება (ყოველთვიურად 200 ლარი), რომელზეც ნოტარიუსმა დაამოწმა ხელმოწერების ნამდვილობა (სანოტარო #...), ხოლო ფორმულარში აღიწერა, რომ ხელშეკრულება შედგენილი იყო 6 ფურცლად.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წელს მას დაუკავშირდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დაწესებულებიდან და აცნობეს, რომ უძრავი ქონება თაღლითური გზით გასხვისდა, ხოლო შემდგომ იგი დაიტვირთა იპოთეკით თ. მ-ისა და ს. გ-ის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საქმეში 2015 წლის 8 დეკემბრიდან მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.

მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში დადგინდა, რომ უძრავი ქონების დამქირავებელმა (რომელიც სასამართლო განაჩენით ცნობილია დამნაშავედ) ქირავნობის ხელშეკრულება გააყალბა, გარდაქმნა იგი ნასყიდობის ხელშეკრულებად და რეგისტრაციისათვის წარუდგინა საჯარო რეესტრს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ჩაიბარა დოკუმენტი, რომელიც ურთიერთშეუსაბამო იყო: წარდგენილი დოკუმენტის ფურცლებისა და ხელმოწერების რაოდენობა არ ემთხვეოდა ნოტარიუსის ფორმულარში მითითებულ რაოდენობას. მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ დოკუმენტი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონება კანონდარღვევით დაარეგისტრირა გ. ტ-ის სახელზე, რის შედეგადაც, მან 2015 წლის 30 ივლისს, 35 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით ს. გ-ისა და თ. მ-ის სასარგებლოდ. იპოთეკის უფლება რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 3 აგვისტოს. სესხის სარგებლად განისაზღვრა 2.5% ყოველთვიურად, სესხი გაფორმდა 6 თვის ვადით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს მან სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (#... და #...) ბათილად ცნობა მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი #... აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის, მისი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქმე იხილებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მას აყენებს მნიშვნელოვან ზიანს: 1. მის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 35 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რომლის შედეგადაც, იპოთეკარი იწყებს სააღსრულებო წარმოებას; 2. მოსარჩელე ვერ ახდენს უძრავი ქონების გაქირავებას, რის შედეგადაც მიუღებელი შემოსავლის სახით ადგება ზიანი თვეში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, რაც იმ მდგომარეობით, შეადგენდა 7500 ლარს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გ. მ-ისთვის უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე მიყენებული მატერიალური ზიანის 52 031 აშშ დოლარის (საიდანაც: სესხის ძირი შეადგენს 35 000 აშშ დოლარს; პროცენტი 5 250 აშშ დოლარს - ყოველთვიური 2.5% - 875 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 11 781 აშშ დოლარს - 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ოდენობით ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური ქირის ოდენობით, რაც 2015 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე შეადგენს 7500 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებასთან (საქმე #3ბ/2184-16) დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე, შეჩერდა #3/6330-18 ადმინისტრაციული საქმის წარმოება; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმის წარმოება განახლდებოდა მას შემდეგ, როდესაც აცილებული იქნებოდა გარემოება, რომელმაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება.

2020 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა გ. მ-მა, რომელმაც საქმის წარმოების განახლება და სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2020 წლის 15 ივლისს საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (საქმეზე #ბს-791-791(კ-18)), რომლითაც გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის #... გადაწყვეტილება. ამასთან, გ. მ-მა შუამდგომლობას თან დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის #ბს-791-791(კ-18) გადაწყვეტილების ასლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის სარჩელზე, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ადმინისტრაციული საქმე #3/6330-18), განახლდა საქმის წარმოება.

2021 წლის 21 აპრილს გ. მ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გ. მ-ისთვის უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე მიყენებული მატერიალური ზიანის 52031 აშშ დოლარის (საიდანაც: სესხის ძირი შეადგენს 35 000 აშშ დოლარს; პროცენტი 5 250 აშშ დოლარს - ყოველთვიური 2.5% - 875 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 11 781 აშშ დოლარს - 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ოდენობით ანაზღაურებისა და 2015 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით 74 211 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად გ. ტ-ისა და ს. გ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ს. გ-ე და გ. ტ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. მ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 50 309 აშშ დოლარისა და 7400 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იყო სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის #ბს-791-791(კ-18) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ტ-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, რომელიც, რეალურად, გ. მ-ის საკუთრებაში იყო. პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2015 წლის 7 დეკემბრის #0007518906 დადგენილების თანახმად, გ. მ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გ. მ-ს, დაზარალებულად ცნობის გამო, ზიანის ანაზღაურების უფლება მხოლოდ გ. ტ-ის მიმართ წარმოეშვა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულ გ. მ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოსგან მოეთხოვა, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ პირს/ორგანოს მოეთხოვება მეტი წინდახედულება - დაიცვას აქტის გამოცემის წესები, რადგან აქტის კანონიერების შეფასებისას უპირველესად ყურადღება აქტის გამოცემის წესების შესრულებას ექცევა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის #ბს-791-791(კ-18) გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ გ. ტ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს. კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება იყო ორგვერდიანი, ხოლო დოკუმენტის ბოლო გვერდზე დატანილ ნოტარიუსის დამღაზე სანოტარო აქტის გვერდების რაოდენობად მითითებული იყო 6 (ანოტაციაში მითითებულია, რომ დოკუმენტი აკინძულია 6 ფურცლად, ფურცლების რაოდენობა სიტყვიერადაც მითითებულია „ექვსი“). ამასთან, არ იყო მითითებული სანოტარო მოქმედების შინაარსი, სანოტარო რეესტრში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო არქივში.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული გარემოებების ყურადღების მიღმა დატოვებით გ. მ-ს მიადგა ზიანი, რომელიც ექვემდებარებოდა სამართლიან ანაზღაურებას.

ამასთან, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული და კრედიტორის - ს. გ-ის მიერ წარდგენილი #2/22435-18 სააღსრულებო ფურცელის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის წინაშე შეადგენს 50 309 აშშ დოლარს, ამდენად, გ. მ-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ნაწილში სამართლიანი იყო სააღსრულებო წარმოებისას დაფიქსირებული გადასახდელი თანხის - 50 309 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მტკიცებულება არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ იყო დაკმაყოფილებული და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება - იჯარის ხელშეკრულება. საგულისხმო იყო, რომ მხარეთა ხელმოწერები დამოწმდა ნოტარიუსის მიერ: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #...; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი #.... სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, განსახილველ შემთხვევაში, მას ჰქონდა იურიდიული ძალა. შესაბამისად, გარიგებით დადგენილი იჯარის თანხის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად და კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაანგარიშებული მიუღებელი შემოსავალი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე გ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციასთან მიმართებით დაადგინა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

კასატორი აღნიშნავს, რომ გ. მ-ის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ უსაფუძვლოა, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია გ. ტ-ის მიერ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაყალბების ფაქტი. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე 2015 წლის 8 დეკემბრიდან ცნობილია დაზარალებულად, ხოლო გ. ტ-ე მსჯავრდებულად. ამდენად, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების საფუძველზე, გ. მ-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა გ. ტ-ის და არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოსგან შესაძლოა უფრო მარტივად მოხდეს ზიანის ანაზღაურება, ვიდრე ფიზიკური პირისგან, არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად კასატორი მიუთითებს, რომ ... საკადასტრო კოდზე აღრიცხულ უძრავ ნივთზე რეესტრში ქირავნობა არასდროს ყოფილა რეგისტრირებული. ამდენად, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გ. მ-ისთვის უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე მიყენებული მატერიალური ზიანის 52 031 აშშ დოლარის (საიდანაც: სესხის ძირი შეადგენს 35 000 აშშ დოლარს; პროცენტი 5 250 აშშ დოლარს - ყოველთვიური 2.5% - 875 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 11 781 აშშ დოლარს - 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ოდენობით ანაზღაურებისა და 2015 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით 74 211 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეფასებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მიზნით, იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიყენება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, ზიანის ანაზღაურების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისაკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ივლისს გ. მ-სა (შემდგომში „მეიჯარე“) და გ. ტ-ეს (შემდგომში „მოიჯარე“) შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის (ყოფ. ...ა) ქუჩის კუთხეში, მე-2 სართულზე მდებარე #3 ბინა (ს.კ. ...). საიჯარო ქირა შეადგენდა 200 (ორასი) ლარს. მხარეთა შეთანხმებით, პირველი თვის საიჯარო ქირასთან ერთად, წინასწარ, საავანსო გადახდის სახით, გადაიხდება ბოლო საიჯარო ქირა, რომელიც იმავე დროს წარმოადგენდა „მოიჯარის“ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის საშუალებას. გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერები დამოწმდა ნოტარიუსის მიერ: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #...; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: #....

ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ივლისს, გ. ტ-ის განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #... გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე (მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #1, მე-2 სართული, ბინა #3; ფართი: 129.80 კვ.მ; ს.კ. ...) გ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გ. ტ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განცხადებასთან ერთად წარდგენილი უძრავის ნივთის ნასყიდობის 2015 წლის 18 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ გ. მ-მა გაყიდა, ხოლო გ. ტ-ემ იყიდა უძრავი ნივთი (ქ. თბილისი, ...ისა და ...ის (ყოფ. ...ა) ქუჩის კუთხეში, მე-2 სართული, ბინა #3; ფართი: 129.80 კვ.მ; ს.კ. ...).

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით მითითებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ს. გ-ისა და თ. მ-ის იპოთეკის უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გ. ტ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განცხადებასთან ერთად წარდგენილი 2015 წლის 30 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #.... ხელშეკრულების თანახმად, გ. ტ-ემ თ. მ-ისგან ისესხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი; ხოლო ს. გ-ესაგან - 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხას ერიცხებოდა სარგებელი 2.5%, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარს თ. მ-ის მიერ გაცემულ სესხის თანხაზე და 500 (ხუთასი) აშშ დოლარს ს. გ-ის მიერ გაცემულ სესხის თანხაზე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იმ პერიოდში გ. ტ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებით (ს.კ. ...).

ამასთან, ს. გ-ესა და თ. მ-ს შორის 2016 წლის 1 აპრილს სანოტარო წესით გაფორმდა უფლების დათმობის (ცესიის) შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თ. მ-მა ს. გ-ეს გადასცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ი. ნანობაშვილის მიერ 30.07.2015წ.-ს, რეესტრში რეგისტრაციის #...) შეძენილი პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის უფლება სრულად, ხოლო იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდზე აღრიცხული უძრავი ქონება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 აპრილის #... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #1-ში, მე-2 სართულზე მდებარე ბინა #3-ზე (ფართი: 129.80 კვ.მ; ს.კ. ...) განხორციელდა იპოთეკის ცვლილების რეგისტრაცია და გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ გ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის #ბს-791-791(კ-18) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2015წ. #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ტ-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, რომელიც, რეალურად, გ. მ-ის საკუთრებაში იყო. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, გ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2015 წლის 7 დეკემბრის #0007518906 დადგენილების თანახმად, გ. მ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გ. მ-ს, დაზარალებულად ცნობის გამო, ზიანის ანაზღაურების უფლება მხოლოდ გ. ტ-ის მიმართ წარმოეშვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაზარალებულ გ. მ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოსგან მოეთხოვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის #ბს-791-791(კ-18) გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომ გ. ტ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს. კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება იყო ორგვერდიანი, ხოლო დოკუმენტის ბოლო გვერდზე დატანილ ნოტარიუსის დამღაზე სანოტარო აქტის გვერდების რაოდენობად მითითებული იყო 6 (ანოტაციაში მითითებულია, რომ დოკუმენტი აკინძულია 6 ფურცლად, ფურცლების რაოდენობა სიტყვიერადაც მითითებულია „ექვსი“). ამასთან, არ იყო მითითებული სანოტარო მოქმედების შინაარსი, სანოტარო რეესტრში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო არქივში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული გარემოებების ყურადღების მიღმა დატოვებით გ. მ-ს მიადგა ზიანი, რომელიც ექვემდებარება სამართლიან ანაზღაურებას.

ამასთან, ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული და კრედიტორის - ს. გ-ის მიერ წარდგენილი #2/22435-18 სააღსრულებო ფურცელის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის წინაშე შეადგენს 50 309 აშშ დოლარს, ამდენად, გ. მ-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ნაწილში სამართლიანია სააღსრულებო წარმოებისას დაფიქსირებული გადასახდელი თანხის - 50 309 აშშ დოლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მტკიცებულება არ არსებობს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ არის დაკმაყოფილებული. მის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება - იჯარის ხელშეკრულება. საგულისხმოა, რომ მხარეთა ხელმოწერები დამოწმდა ნოტარიუსის მიერ: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #...; სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი #....

ხელშეკრულების თანახმად, „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველთვიური საფასური (საიჯარო ქირა) შეადგენდა 200 (ორასი) ლარს. შესაბამისად, საიჯარო ქირის ნაწილში, მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისთვის, საქალაქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობა და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, 7400 ლარის ნაწილში. უფრო კონკრეტულად, იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო 2015 წლის 15 ივლისს, ერთი წლის მისაღები თანხა შეადგენდა 2400 ლარს, საიდანაც 400 ლარი გადახდილი იყო. უძრავი ქონება გ. ტ-ის სახელზე აღირიცხა 2015 წლის 30 ივლისს. ამდენად, 2015 წლის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს (5 თვე), 2016 წლის - 2400 ლარს; 2017 წლის - 2400 ლარს; 2018 წლის - 2000 ლარს (საკუთრების უფლების დაბრუნებამდე, ოქტომბერი), რასაც სასამართლომ გამოაკლო წინასწარ გადახდილი 400 ლარი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარიგება საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, განსახილველ შემთხვევაში, მას აქვს იურიდიული ძალა. შესაბამისად, გარიგებით დადგენილი იჯარის თანხის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამართლიანად და კანონიერად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთვლილი მიუღებელი შემოსავალი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) 04.05.2023წ. #21067 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 6 630.2 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 4 641.14 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.05.2023წ. #21067 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 630.2 ლარის 70 პროცენტი - 4 641.14 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა