საქმე #ბს-294(2კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 25 ოქტომბერს ი. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 20 მაისს მან სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ლ. ბ-ის მიმართ. სარჩელის თანამად, ლ. ბ-ემ სს „...ს ბანკისგან“ 2017 წლის 25 აგვისტოს აიღო კრედიტი 35 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ი. შ-ის სახლი. კრედიტის გადაუხდელობის გამო, იპოთეკით დატვირთული სახლი გადავიდა ბანკის საკუთრებაში. კრედიტით გათვალისწინებული გარკვეული თანხა - 11 041.42 აშშ დოლარი ლ. ბ-ის ნაცვლად გადახდილ იქნა ი. შ-ის მიერ. შესაბამისად, ი. შ-მა მოითხოვა აღნიშნული თანხების ლ. ბ-ისათვის დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 976-ე და 986-ე მუხლების საფუძველზე. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად ლ. ბ-ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით აეკრძალა იმავე მიწის ნაკვეთების (წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც გათვალისწინებული იყო გ. შ-ის სარჩელის უზრუნველყოფის დროს. აღნიშნული აკრძალვა დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებებით.
მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. მ-მა ლ. ბ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ნასყიდობის ხელშეკრულებები ეხება ზემოთ მითითებულ მიწის ნაკვეთებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება და ზემოთ დასახელებული მიწის ნაკვეთები აღირიცხა ნ. მ-ის საკუთრებად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხსენებული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ნ. მ-ის სახელზე, მაშინ, როდესაც არ უნდა მომხდარიყო რეგისტრაცია, რამდენადაც აკრძალული იყო ამ ნაკვეთების გასხვისება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ნ. მ-ის სახელზე ხსენებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ 2021 წლის 20 მაისის განჩინების საფუძველზე, აკრძალული იყო ქონების გასხვისება. თუმცა საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ (1) წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 40 569 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის აღდგენისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით გამოყენებული გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დავალება, ასევე, (3) წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 15 642 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის აღდგენა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონებების (ს.კ. ... და ს.კ. ...) ნასყიდობის, გაცვლის, გაჩუქების, აღნაგობის, უზურფრუქტის უფლებით, სერვიტუტის უფლებით, იპოთეკით დატვირთვის უფლებით, გაქირავების, იჯარით გაცემის რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ი. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებებზე - წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში ს.კ. ... და ს.კ. ... ნებისმიერი სახის სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულებით დატვირთვა (ნასყიდობა, გაცვლა, გაჩუქება, აღნაგობა, უზურფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, იჯარა/ქირავნობა).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ბ-ე და ნ. მ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილება წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 40 569 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკადასტრო კოდზე ... არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის აღდგენა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით გამოყენებული გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილება წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 15 642 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკადასტრო კოდზე ... არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრაციის აღდგენა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ნ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ნ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლება დგინდებოდა. ამასთან, ბათილად იყო ცნობილი თვით მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი (რეგისტრაციის საფუძველი). ამდენად, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე საფუძველგამოცლილი იყო ლ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქონება ვერ იქნებოდა გამოყენებული რაიმე მოთხოვნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო რეგისტრაციის შესახებ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საუბარია გამონაკლის შემთხვევაზე, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტია სასამართლო აქტი, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ნებისმიერ შემთხვევაში. ამასთან, ასეთ დროს შეზღუდვის წარმოშობა, ისევე როგორც, შესაბამისი უფლების მინიჭება, ხორციელდება ერთი ორგანოს - სასამართლოს მიერ.
კასატორი - ნ. მ-ი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო რეესტრს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 25-ე მუხლებით და არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. კასატორის შეფასებით, სასამართლომ უგულებელყო მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა პირისათვის.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება იყო სარეგისტრაციო დოკუმენტი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინება ვერ გახდებოდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ლ. ბ-ეს აეკრძალა სადავო მიწის ნაკვეთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. კასატორი თვლის, რომ მითითებული განჩინებით უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა არა საჯარო რეესტრს, არამედ - სწორედ ლ. ბ-ეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს (1) წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 40 569 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილების კანონიერება, (2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის აღდგენისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით გამოყენებული გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დავალება, ასევე, (3) წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე ს.კ. ..., 15 642 კვ.მ უძრავი ნივთის ნ. მ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის #... გადაწყვეტილების კანონიერება და (4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ნივთის ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის აღდგენა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილი მესაკუთრისა და სხვა სამართალწარმოების ფარგლებში მოდავე მხარის ინტერესი - სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლო განჩინებით გამოყენებული საჯარო-სამართლებრივი აკრძალვის გაუქმებით აზრი არ დაეკარგოს მთელს სამართალწარმოებას და შედეგად, არ აღიკვეთოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების) შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ანალოგიური შინაარსის დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის #3/ბ-425-2013წ. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ წარმოებაში იმ პირის დაინტერესებული პირის სტატუსით მოწვევის აუცილებლობას, რომელსაც ჰქონდა უძრავ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი აკრძალვის შენარჩუნების ინტერესი. კერძოდ, მითითებულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი წარმოადგენდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლების მქონე დაინტერესებულ მხარეს, რომლის შესრულების გარანტიაც უზრუნველყოფილი იყო უძრავ ქონებაზე ამავე სასამართლოს განჩინებით გამოყენებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყადაღით. სასამართლომ, ასევე, ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ყადაღის არსებობის თაობაზე ცნობილი იყო უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვისაც. შესაბამისად, მოხმობილ დავაში ადმინისტრაციულ ორგანოთა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობად იქცა სწორედ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული მხარე, არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის #ბს-553-540(კ-14) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, მართალია, იზიარებს კასატორთა მიერ საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებულ გარკვეულ მოსაზრებებს, თუმცა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა ი. შ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ მიწვევა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებული ზოგიერთი შეხედულების გაზიარებაც კი ვერ შეცვლის განსახილველ დავაზე დამდგარ სამართლებრივ შედეგს, რამდენადაც მოსარჩელე ი. შ-ის სარეგისტრაციო წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ მიწვევის ვალდებულების დარღვევა ქმნიდა განსახილველ დავაზე სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თვითკმარ საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) 02.05.2023წ. #20674 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ რამდენადაც ნ. მ-ს (პ/ნ ...) 04.05.2023წ. #364 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.05.2023წ. #20674 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. ნ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.05.2023წ. #364 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა