საქმე #ბს-63(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 20 იანვარს შპს „...მა კლინიკამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე, მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტისა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 25 იანვრის #04-15/მ ბრძანების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილებების მართლზომიერებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის შესრულებული სამუშაოს მართვის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელმა 2016 წლის 29 ივლისს შეადგინეს #5 შერჩევითი შემოწმების აქტი. ...ის კლინიკა არ დაეთანხმა აღნიშნულ აქტს და ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე, მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველ კომისიას 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტის გაუქმების მოთხოვნით.
მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 19 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა შპს „...ი კლინიკის“ 2016 წლის 26 აგვისტოს #89192 ადმინისტრაციული საჩივარი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „... კლინიკაში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების“ შესახებ 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და მიიღო #20 საოქმო გადაწყვეტილება შპს „...ი კლინიკის“ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
მოსარჩელე გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ იქნა დეტალურად შესწავლილი თითოეული ფაქტი, არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს „...ი კლინიკის“ მიერ წარდგენილი იყო ბრონქოლიტის დიაგნოზის დოკუმენტაცია და ექიმების ჩანაწერები, პნევმონიის დიაგნოზის დოკუმენტაცია და ექიმის ჩანაწერები, რენტგენოლოგიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ექიმის ჩანაწერები, ასევე, სწორი კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
2017 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე მხარე და მოპასუხედ მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
2018 წლის 21 თებერვალს შპს „...მა კლინიკამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტისა და 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტისა და 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „...ი კლინიკის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 2 ივნისის #02-377/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის წერილის (#04/28706, 04.05.2017წ.) საფუძველზე, შპს „... კლინიკაში“ (ს/კ ...) განახორციელა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, შემთხვევების რევიზია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია, პედიატრიული და რადიოლოგიური პროფილით, რეცენზირებულ იქნა სსიპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექიმ-სპეციალისტთა მიერ. შპს „... კლინიკაში“ (ს/კ ...) შემთხვევების რევიზიის შედეგად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოიცა 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტი, რის საფუძველზეც, შპს „... კლინიკას“ დაეკისრა საჯარიმო სანქციის 180 142.08 ლარის ოდენობით გადახდა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ მასში აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულის გამო, კლინიკამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემოხსენებული რევიზიის აქტი, თუმცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღო.
2018 წლის 27 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მიუთითა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული საქმეები #3/24-18 და #3/38-18 იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით. შესაბამისად, მოსარჩელემ პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპის გათვალისწინებით, დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვის მიზნით, #3/38-18 საქმესთან #3/24-18 საქმის გაერთიანება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #3/38-18 და ადმინისტრაციული საქმე #3/24-18 გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ადმინისტრაციული საქმის #3/24-18.
2018 წლის 25 დეკემბერს შპს „...მა კლინიკამ“ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ (1) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტის, (2) შპს „...ი კლინიკის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილების, (3) შპს „... კლინიკაში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტისა და (4) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე, მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების (შპს „...ი კლინიკის“ 26.08.2016წ #89192 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) 1.4., 1.5. და 1.6. პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის სასამართლო სხდომაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან ერთად, მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა კლინიკამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ი კლინიკის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილება შპს „...ი კლინიკის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლე) კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე, მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილება (შპს „...ი კლინიკის“ 26.08.2016წ. #89192 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) 1.4., 1.5., 1.6. პუნქტების ნაწილში და მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა სრულიად საფუძვლიანად განსაზღვრა მიმწოდებლის პასუხისმგებლობა, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კომპლექსური კვლევის შემდგომ, კანონიერად და სამართლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა შპს „...ი კლინიკის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, სააპელაციო პალატას არსებითად არასწორად აქვს გადაწყვეტილი დავა, რამდენადაც გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ისეთი აქტის გამოცემა, რომლის გამოცემის შესაძლებლობა, დღევანდელი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მდგომარეობით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გარეშე არ გააჩნია.
კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგება დადგენილების პირობებს, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილებები მომზადებული და გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია (1) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტის, (2) შპს „...ი კლინიკის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილების, (3) შპს „... კლინიკაში“ 2013 წლის 28 თებერვლიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტისა და (4) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე, მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების (შპს „...ი კლინიკის“ 26.08.2016წ #89192 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) 1.4., 1.5. და 1.6. პუნქტების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, თუმცა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს „...ი კლინიკის“ მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შპს „...ი კლინიკის“ სარჩელის უარყოფის ნაწილში რევიზიის პროცესუალურ შესაძლებლობას. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის კანონიერებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „...ი კლინიკის“ სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შედგა #კ/რ-1895-175 რევიზიის აქტი. აქტის თანახმად, რევიზია განხორციელებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის (#04/28706, 04.05.2017წ.) წერილის საფუძველზე, შპს „... კლინიკის“ 199 შემთხვევაზე. აღნიშნულ შემთხვევებზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხების ოდენობამ შეადგინა სულ 255 326.32 ლარი.
რევიზიით გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა: 52 შემთხვევაში დადგინდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი. კერძოდ, ექიმი ა. მ-ა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ბავშვთა ნევროლოგია“, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ახორციელებდა პედიატრიული პროფილით. მას არ გააჩნდა აღნიშნული პროფილით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში: „პედიატრია“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი). დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
ამასთან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.
ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ექიმს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან/და აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის მოძიება ვერ ხერხდება.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის („საჯარიმო სანქციები“) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექიმი ა. მ-ა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ბავშვთა ნევროლოგია“, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ახორციელებდა პედიატრიული პროფილით. ამასთან, მას არ გააჩნდა აღნიშნული პროფილით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, საექიმო სპეციალობაში - „პედიატრია“.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე შპს „...ი კლინიკის“ არგუმენტაცია აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ემყარება მითითებას, რომ სახეზეა საგამონაკლისო შემთხვევა. კლინიკის განმარტებით, რევიზიას დაქვემდებარებულ პერიოდში შპს „... კლინიკაში“ განსაკუთრებულად იყო გაზრდილი მიმართვიანობა. სათანადო პროფილის მქონე ექიმის სწრაფად მოძიება კი ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ კლინიკა რეგიონში მდებარეობს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის გამო, სახეზე იყო ვითარება, რაც კლინიკას უქმნიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.2 მუხლის შესაბამისად მოქმედების წინაპირობას. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან/და აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის მოძიება ვერ ხერხდება, ექიმს აქვს უფლება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა განახორციელოს სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობის ფარგლებს გარეთაც. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კლინიკის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო 52-ვე შემთხვევაში, ექიმ ა. მ-ას მიერ გაწეული მკურნალობის შედეგად პაციენტები გამოჯანმრთელდნენ და რაიმე სახის ზიანს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ (უფლებამონაცვლე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო) ისე მიიღო 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილება შპს „...ი კლინიკის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომ ყოველმხრივ და სათანადოდ არ შეუსწავლია საქმის გარემოებები უკანონო საექიმო საქმიანობის დადგენასთან მიმართებით. საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა და სარწმუნო მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ რეალური საფუძველი არ გააჩნდა მხარის მითითებას გადაუდებელი მდგომარეობის არსებობასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და გამოუკვლევია, ხომ არ ჰქონდა ადგილი „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის #136/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევას. კერძოდ, საექიმო საქმიანობა, რომელიც ხორციელდებოდა ექიმ ა. მ-ას მიერ, ხომ არ წარმოადგენდა მის სერთიფიკატში აღნიშნული სპეციალობის - „ბავშვთა ნევროლოგიის“ მომიჯნავე სპეციალობას და ხომ არ არსებობდა მის მიერ მომიჯნავე სპეციალობით დამოუკიდებელი საქმიანობის განხორციელების წინაპირობები.
რაც შეეხება სადავო რევიზიის აქტით გამოვლენილ სხვა შინაარსის დარღვევებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე, კერძოდ, 83 შემთხვევაში დადგინდა, რომ პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული დიაგნოზი არ დასტურდება ექიმთა ჩანაწერებით ან/და ინსტრუმენტული კვლევით - მათ შორის: დიაგნოზი: „მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9“ არ დასტურდება 1 შემთხვევაში (აღნიშნულ შემთხვევაზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული თანხაა 1077.05 ლარი); დიაგნოზი: „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი J21.9“ არ დასტურდება 10 შემთხვევაში (აღნიშნულ შემთხვევებზე სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული თანხაა 13 263.43 ლარი); დიაგნოზი: „პნევმონია, დაუზუსტებელი J18.9“ არ დასტურდება 72 შემთხვევაში (აღნიშნულ შემთხვევებზე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებული თანხაა 95 836.09 ლარი).
დასახელებულ სამედიცინო შემთხვევათა შემოწმებისა და გამოკვლევის ფარგლებში, რეგულირების სააგენტომ საკითხის შესწავლის მიზნით 10.07.2017წ. წერილით მიმართა ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ და მიაწოდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნულის საფუძველზე, მომზადებულია 02.08.2017წ. #2017/382 რეცენზენტთა დასკვნა (პედიატრია). ასევე მომზადდა 04.10.2017წ. #2017/424 რეცენზენტთა დასკვნა (რადიოლოგია).
ზემოხსენებული დასკვნების მიღების შემდეგ, რეგულირების სააგენტომ 06.12.2017წ. #02/75149 წერილით განმეორებით მიმართა ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ საბოლოო დასკვნის წარდგენის მიზნით. მიმართვის საფუძველზე, ასევე მომზადდა განმეორებითი დამატებითი 06.12.2016წ. #2017/516 რეცენზენტთა დასკვნა.
რეცენზენტთა დასკვნების თანახმად: „პნევმონია, დაუზუსტებელი J18.9“ არ დასტურდება 72 შემთხვევაში, „მწვავე ბრონქიოლიტი, დაუზუსტებელი J21.9“ არ დასტურდება 10 შემთხვევაში, „მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი J20.9“ არ დასტურდება 1 შემთხვევაში. შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ მიიჩნია, რომ: 83 შემთხვევაში პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული დიაგნოზები, როგორიცაა: „მწვავე ბრონქიტი“, „მწვავე ბრონქიოლიტი“, „პნევმონია“, არ დასტურდებოდა ექიმთა ჩანაწერებით ან/და ინსტრუმენტული კვლევით. სააგენტო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროტოკოლებით/გაიდლაინებით, რეცენზენტთა დასკვნებით (პნევმონიის პროტოკოლის/გაიდლაინის მიხედვით, პნევმონია ქვედა სასუნთქი გზებისა და ალვეოლების ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის ფილტვებში მოხვედრით. ხასიათდება რესპირაციული სიმპტომებით, ცხელებით და გულმკერდის რენტგენოგრამაზე ინფილტრაციის ნიშნებით. ამასთან, პნევმონიის გამომრიცხავი კრიტერიუმია, ფილტვის ნორმალური სურათი რადიოლოგიურად). აღნიშნული პროტოკოლის/გაიდლაინის გათვალისწინებით და რეცენზენტთა დასკვნის მიხედვით, მიჩნეულია, რომ 72 შემთხვევაში პნევმონიის დიაგნოზი არ დადასტურდა. ამასთან, 13 შემთხვევაში პაციენტთათვის ჩატარებულია რენტგენოგრაფიული კვლევა, თუმცა სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება კვლევის ამსახველი ექიმის ჩანაწერები, რაც წარმოადგენს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება რეგულირების სააგენტოს მითითებულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეიცავს ხარვეზს, წარმოდგენილი დიაგნოზები არის ზუსტი და სწორი. შესაბამისად, იგი არ იზიარებს საქმეზე არსებულ რეცენზენტთა დასკვნებს. ამასთან, აღნიშნული დასკვნების გაბათილების მიზნით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს „...ი კლინიკა“ არის არასრულწლოვან პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მოზრდილებთან და ზრდასრულებთან დაკავშირებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია ვერ გამოდგება სახელმძღვანელოდ არასრულწლოვნის მკურნალობის დროს, კონკრეტულად კი - პნევმონიის შემთხვევაში.
მოსარჩელის მითითებით, არსებობს 2009 წელს გამოცემული პნევმონიის მართვის ეროვნული გაიდლაინი, სადაც აღნიშნულია, რომ მხოლოდ 1/3 შემთხვევაშია შესაძლებელი რენტგენოლოგიურად პნევმონიის დადასტურება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. იქვე აღნიშნულია, რომ 5 წლის ზემოთ ბავშვებში დაავადებას უხშირესად იწვევენ ბაქტერიული გამომწვევები, რაც, რა თქმა უნდა, რენტგენოლოგიურად არ დადასტურდება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ...ის გამგეობის თავმჯდომარის, ...ოს სამედიცინო დოქტორის, ...ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის - ბ-ნ ი. ჩ-ის წერილი პნევმონიის განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ 1. გულმკერდის რადიოგრაფია არ უნდა იქნეს განხილული, როგორც რუტინული მეთოდი იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ პნევმონია. 2. კვლევები არ ადასტურებენ გულმკერდის რენტგენოგრაფიის რუტინული გამოყენების აუცილებლობას პნევმონიის კვლევის მართვაში; 3. კვლევებიდან ირკვევა, რომ პნევმონიის კლინიკურ ნიშნებს და გულმკერდის რენტგენოგრაფიას შორის კავშირი სუსტია.
ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, როდესაც კლინიკას მიმართავს არასრულწლოვანი პაციენტი - „ბავშვი“ და მას აქვს პნევმონიის კლინიკური ნიშნები, ხოლო რენტგენულად აღნიშნული არ ჩანს, ასეთ შემთხვევებში, კლინიკა დგება აუცილებლობის წინაშე, რომ პაციენტს ჩაუტაროს მკურნალობა „პნევმონიისთვის“ საჭირო პროცედურებით და მედიკამენტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სავალალო შედეგის გამოწვევის რისკი, ხოლო ასეთი შედეგის დაშვების შემთხვევაში, ცხადია, პასუხისმგებლობა კლინიკას დაეკისრება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა რევიზიის აქტის მითითება, თითქოს რენტგენოგრაფიის დასკვნაში ინფილტრაციის დაუსაბუთებლობა მოწმობს დიაგნოზის დაუდასტურებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ამ კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებით, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო) მიერ ისე იქნა მიღებული 2018 წლის 16 თებერვლის #02/9084 გადაწყვეტილება, რომ სათანადოდ არ ყოფილა შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული ის საკითხები, რომლებიც რეცენზენტთა დასკვნებისაგან განსხვავებით, ხაზს უსვამენ პაციენტთა ასაკის გათვალისწინების აუცილებლობას პაციენტთა მკურნალობის მეთოდის შერჩევის პროცესში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სადავო აქტი არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს ხელახალ შესწავლას და მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებას.
რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტისა და ამ აქტთან დაკავშირებით სადავო ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის #5 აქტი ნაწილობრივ ბათილად არის ცნობილი ამავე ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილებით. ამდენად, სადავო რჩება 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების 1.4., 1.5. და 1.6. პუნქტების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს ზემოაღნიშნული პუნქტების შინაარსზე, კერძოდ: პუნქტი 1.4. „ძალაში დარჩეს აქტის 240-ე პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები და ამავდროულად, ამ პუნქტში დაფიქსირებულ შემთხვევაზე ინფორმაცია გადაეგზავნოს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.“ პუნქტი 1.5. „ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტის მე-7 ნაწილით განსაზღვრული, აქტის #3 დანართით წარმოდგენილ შემთხვევებზე პროგრამის მე- 19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები და ამ შემთხვევებისათვის მიმწოდებლის მიმართ ძალაში დარჩეს მხოლოდ პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია. პუნქტი 1.6. „საჩივრის ავტორის მოთხოვნები სადავო აქტის სხვა პუნქტების ბათილად ცნობის ან ცვლილების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, გარდა საჩივრის იმ ნაწილისა, რომელზეც ზეპირი მოსმენა გადადებულია.“
საგულისხმოა, რომ საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილების დასახელებული პუნქტები რეფერირებას ახდენს 2016 წლის 29 ივლისის შერჩევითი შემოწმების #5 აქტზე. გასაჩივრებული - 1.4. პუნქტი კონკრეტულად მიუთითებს შერჩევითი შემოწმების აქტის 240-ე პუნქტზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ბ. ს-ა (შემთხვევის #2021151530; პ/ნ ...); ელექტრონულად ატვირთულია I დონე და 9100000005 თერაპიული კოდი, რომელთა შორისაც არის გადაფარვა, I დონე 11.03.2015 13:30 – 14.03.2015 13:35, თერაპიული კოდი 11.03.2015 13:30 – 16.03.2015 12:20; სამედ. ისტორიაში თერაპიაში გადასვლის თარიღი არ არის მითითებული, Ds.- ით - J21.9 მწვავე ბრონქიოლიტი; გაწერის შემდეგ ისევ შემოსულია ამავე კლინიკაში 21.03.2015 17:00 – 24.03.2015 13:00 იგივე Ds.-ით J21.9 მწვავებრონქიოლიტი. მოთხოვნილი თანხა - 1212.09 ლარი; ანაზღაურებული თანხა - 1212.09 ლარი. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება სრულად უკან დაბრუნებას. ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10% ოდენობით.“
1.5. პუნქტი მიუთითებს კონკრეტულად მიუთითებს შერჩევითი შემოწმების აქტის მე-7 ნაწილზე, თუმცა აქტს არ გააჩნია მე-7 ნაწილი.
1.6. პუნქტის თანახმად, საჩივრის ავტორის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ხდება უარის თქმა, გარდა საჩივრის იმ ნაწილისა, რომელზეც ზეპირი მოსმენა გადადებულია. ამასთან, არც 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილებით და არც 2016 წლის 29 ივლისის შერჩევითი შემოწმების #5 აქტიდან ნათლად არ ირკვევა, საჩივრის რა ნაწილზეა გადადებული ზეპირი მოსმენა.
აღნიშნული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ყურადღების გამახვილებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ არ დგინდება, შემოწმებას დაქვემდებარებულ შემთხვევათა სრული ოდენობის რა ნაწილი წარმოადგენს სასამართლოს განხილვის საგანს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის #20 საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. გასაჩივრებული აქტი არ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, სადავო შემოწმებულ შემთხვევებზე სწორად გავრცელდა თუ არა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისი ნორმებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტები. გასაჩივრებული აქტი ჩამოყალიბებულია ისეთი შინაარსითა და ფორმით, რომ შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ მისი კანონიერების გადამოწმება, არამედ იმის იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად რომელი დარღვევები რა ნაწილში უნდა იქნეს შეფასებული სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა არსებითი მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის დარღვევის სუბიექტად მიჩნევის, ისე მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოცულობის სისწორის დადგენას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შედეგად, უპირველესად, უნდა განსაზღვროს შემოწმებას დაქვემდებარებული კონკრეტული შემთხვევები, ხოლო შემდეგ დაადგინოს შემოწმებისას გამოვლენილი შემთხვევების შესაბამისობა კანონით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობასთან და იმსჯელოს სანქციის დაკისრების შესაძლებლობაზე. ქმედებათა ზუსტი შემადგენლობისა და მათთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრული ზომის მისადაგების შემდეგ, გამოვლენილ შემთხვევათა პერიოდის გათვალისწინებით, დადგენილი წესის შესაბამისად, ზუსტად უნდა განსაზღვროს როგორც ანაზღაურებული შემთხვევის უკან დასაბრუნებელი თანხის, ისე ფინანსური ჯარიმის ოდენობა. ყოველივე აღნიშნული კი ნათლად და გასაგებად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.02.2023წ. #03900 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 26.04.2023წ. #12664 საგადახდო მოთხოვნით - 7 700 ლარის ოდენობით, სულ - 8 000 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5 600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.02.2023წ. #03900 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 26.04.2023წ. #12664 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7 700 ლარის, სულ - 8 000 ლარის 70 პროცენტი - 5 600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა