საქმე #ბს-311(2კ-კს-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“
მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 18 მაისს შპს „ა...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს შედგენილი შპს „ა...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების გეგმიური შემოწმების (მონიტორინგი, კონტროლი) აქტის #..., პაციენტების: მ.მ-ის, ე.ხ-ის, ი.გ-ას, ნ.ო-ის, კ.ზ-ის, ნ.კ-ის, თ.ჯ-ის, ზ.ფ-ის, შ.კ-ის და თ.კ-ის შემთხვევებზე დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის #04/22416 გადაწყვეტილების პაციენტების - მ.მ-ის, ე.ხ-ის, ი.გ-ას, ნ.ო-ის, კ.ზ-ის, ნ.კ-ის, თ.ჯ-ის, ზ.ფ-ის, შ.კ-ისა და თ.კ-ის შემთხვევებზე დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „ა...ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; პაციენტების - მ.მ-ის, ე.ხ-ის, ი.გ-ას, ნ.ო-ის, კ.ზ-ის, ნ.კ-ის, თ.ჯ-ის, ზ.ფ-ის, შ.კ-ისა და თ.კ-ის შემთხვევებზე დაჯარიმების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 5 დეკემბრის შპს „ა...ში“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების გეგმიური შემოწმების (მონიტორინგი, კონტროლი) აქტი #...; პაციენტების: მ.მ-ის, ე.ხ-ის, ი.გ-ას, ნ.ო-ის, კ.ზ-ის, ნ.კ-ის, თ.ჯ-ის, ზ.ფ-ის, შ.კ-ისა და თ.კ-ის შემთხვევებზე დაჯარიმების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის #04/22416 გადაწყვეტილება შპს „ა...ის“ 2018 წლის 23 იანვრის #116/1 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილებით დაფუძნებულ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით გადაეცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილებაში მითითებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული, მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
ზემოაღნიშნული ნორმებისა და განსახილველი დავის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლეებად უნდა განსაზღვრულიყვნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე პუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განესაზღვრა, რომ უზრუნველეყო მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობა კი გულისხმობს არა სააგენტოს რაიმე სახით საქმეში მონაწილე პირად ჩაბმას, არამედ იმ თანამშრომელთა მონაწილეობას, რომლებიც ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ირიცხებოდნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების სახით უნდა იყვნენ ჩართული.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა #1.8 დანართის მე-2 პუნქტისა.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდა და დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელს. იგი უფლებამოსილია, განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, საჯარიმო სანქციის ფარგლებში ჩამოჭრილი (ამოღებული) თანხების განკარგვა, დაბრუნება და ა.შ. მისი კომპეტენციაა და განსახილველ დავაში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 191 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და მის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელი და აღმასრულებელი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ამ ნაწილში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვერ ჩაითვლება უფლებამონაცვლედ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების შესაბამისად, რეგულირების სააგენტოს გადაეცა ადმინისტრირების მხოლოდ ერთი ნაწილი, რაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან კონტროლის ფუნქციას გულისხმობს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადრე განხორციელებული კონტროლის შედეგად შედგენილ აქტებთან მიმართებით ადმინისტრაციულ და სასარჩელო წარმოებაში უფლებამონაცვლეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „ა...ის“ სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გეგმიური შემოწმების (მონიტორინგი, კონტროლი) აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა