საქმე №ბს-456(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 13 მაისს დ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი კორპუსის, კერძოდ, ...ის ქ.№...–ის მიმდებარედ, ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის 31 კვ.მ–ის (რომელზედაც განთავსებულია შენობა-ნაგებობა) რეგისტრაცია. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფ-ების ოჯახი ფლობს 1969 წლიდან. მასზე განთავსებული აქვთ შენობა–ნაგებობა და სარგებლობენ, კერძოდ, ნაწილს წარსულში და დღესაც იყენებენ ავტოფარეხად, ხოლო ნაწილს–სათავსოდ. საჯარო რეესტრში მფლობელის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტისწარუდგენლობის საფუძვლით, 2021 წლის 12 მარტის №... წერილით, საქმე გადაეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. 2021 წლის 25 მარტს გამართულ აღიარების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა დ. ფ-ი, არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის მიერ აღიარების კომისიისთვის დადგენილი პასუხის ვადა იყო 2021 წლის 12 მაისი. 2021 წლის 26 მაისს, მოსარჩელეს ჩაბარდა აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №630 განკარგულება, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ...ის №...–სა და ...ის №... ა–ს მცხოვრები პირების, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ფ-ების ოჯახი ნამდვილად 1969 წლიდან ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით და არავინ არ აცხადებს პრეტენზიას დ. ფ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. მოსარჩელე აცხადებს, რომ "მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ" კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა, აგრეთვე მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისთვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე ამ კანონით ან მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად საკუთრებაში სასსყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დასტურდება რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის 2007 წლამდე პერიოდში განთავსების ფაქტი.
მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, 2021 წლის 28 აპრილის №630 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მოსარჩელე დ. ფ-ის სასარგებლოდ, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (31 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება,
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №630 განკარგულება და მოპასუხე კომისიას დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 თებერვლის №5001081423 დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ს..."-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო/აზომვით ნახაზზე დატანილი №... შენობა-ნაგებობა წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის ლითონის მილებით მოწყობილ კარკასულ შენობას, რომელიც მყარად არის დაკავშირებული გრუნტთან. მისი ორი გვერდი შემოსაზღვრული ლითონის ფურცლებით, ხოლო, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაწილობრივ მოწყობილია ლითონის ფურცლებისგან შემდგარი კარი. სახურავი მოწყობილია აზბოცემენტის შიფერით, რომლის საყრდენებად გამოყენებულია ლითონის სხვადასხვა დიამეტრის მილები და კუთხოვნები. სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილზე არის ბეტონის ბლოკის ღობე. ამავე დასკვნის მიხედვით, 2022 წლის 18 აგვისტოს შპს „მ...“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე დატანილ 288 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული №... შენობა დღეის მდგომარეობით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 2021 წლის 15 თებერვალს შპს „ს...“-ს მიერ მომზადებულ 31 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული №... შენობა-ნაგებობა განთავსებულია დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე და იგი არ კვეთს დღეის მდგომარეობით არც ერთი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვარს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია აპელანტის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული №... განცხადებას (რეგისტრაციის დრო 14 სექტემბერი, 2022 წელი), რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა დაინტერესებული პირის - ბმა „...“-ს განცხადება. განცხადებით მოთხოვნილია სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება, უძრავი ნივთის მისამართი: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა, №...; (ზონა თბილისი, სექტორი: ...ი, ს/კ ...). სხვა დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან ახლავს ისნის რაიონის გამგეობის წერილი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე თანდართული ისნის რაიონის გამგეობის 2022 წლის 13 სექტემბრის №36-0122256433 წერილი ასევე წარმოდგენილია საქმეში. აღნიშნული წერილის თანახმად, რაიონის გამგეობაში წარდგენილი 2022 წლის 31 იანვრის №1 კრების ოქმის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის თავმჯდომარედ, 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით არჩეულია მ. ს-ი (პ/ნ ...).
სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ...ის ქ. №...-ის, №...ა და №... კორპუსის მაცხოვრებლების მ. ი-ის, ბ. გ-ის, ი. ს-ის, ო. ბ-ის, დ. ბ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ზემოაღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ფ-ების ოჯახი, 1969 წლიდან ფლობს და სარგებლობს აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით (31 კვ.მ). აპელანტის მითითებით ამ დრომდე შეუძლებელი იყო კორპუსის წითელი ხაზების დადგენა, რადგან ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებდა უარს, ხოლო დღეის მდგომარეობით, „...“–ის ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენს მ. ს-ი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება კორპუსის წითელი ხაზების დადგენის მიზნით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია იმ ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, რომელთა გამოკვლევის საჭიროებას ცალსახად ადასტურებს აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსით, თბილისის ინტერაქტიული რუკით (http://maps.tbilisi.gov.ge) სადავო ტერიტორიის ორთოფოტოების დათვალიერებისას (2005-2007 წლები) სადავო ტერიტორიაზე შეინიშნება ავტოფარეხის არსებობა, რომელიც, შესაძლოა შეესაბამებოდეს შენობა-ნაგებობის კანონისმიერი დეფინიციით განსაზღვრულ მახასიათებლებს. პალატის მოსაზრებით აღნიშნული ვარაუდის საფუძველს იძლევა საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნა, რომელიც მიუთითებს რომ სადავო შენობა-ნაგებობა მყარად არის დაკავშირებული გრუნტთან და ამავდროულად, იგი არ ექცევა საცხოვრებელი კორპუსის რეგისტრირებულ საზღვრებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-16 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. პალატამ მიიჩნია, რომ გარდა შენობა-ნაგებობის არსებობის და მისი მახასიათებლების კვლევისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მხედველობაში ასევე უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, თუ რა შედეგით დასრულდება კორპუსის წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება და რა მოცემულობა იარსებებს სადავო შენობა-ნაგებობის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან თავსებადობის თვალსაზრისით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს რა სახის შენობაზე ვრცელდება აღიარების უფლება. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისგან და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით) გარდა დროებითი შენობასა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს დროებითი შენობის ცნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცებისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად, კერძოდ ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით) დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შენობის მახასიათებლებს.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ კომისია ვალდებული იყო გამოეკვლია წითელი ხაზების მდებარეობა და სადავო მიწის ნაკვეთის სავარაუდო გადაკვეთა წითელ ხაზებთან. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საკადასტრო საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ამხანაგობა „...-ის“ მიერ წარდგენილ განცხადებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ცალსახად არ გულისხმობს, რომ სამომავლოდ დასადგენ წითელ ხაზებში არ მოექცევა ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი არ გახდება კორპუსის შემადგენელი ნაწილი. კასატორი მიიჩნევს, რომ მის ვარაუდს ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება კორპუსის საკადასტრო საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან ამხანაგობამ დადგენილ ვადაში ვერ წარადგინა უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორი ასევე ყურადღება ამახვილებს დ. ფ-ის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც ექსპერტი აღნიშნავს, რომ სალეგალიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებული №... შენობა-ნაგებობა მდებარეობს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე და დღეის მდგომარეობით იგი არ კვეთს არცერთი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტი მსჯელობს ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. სალეგალიზებო მიწის ნაკვეთის დაურეგისტრირებლობის ფაქტს არც ადმინისტრაციული ორგანო არ ხდის სადავოდ. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ექსპერტი აფასებს უკვე დარეგისტრირებული წითელი ხაზების არსებობის პირობებში ავტოფრეხის მდებარეობას, თუმცა დადგენილია ასევე, რომ ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი განცხადება საკადასტრო ცვლილებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეწყვეტილია. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ავტოფარეხი არ ექცევა ...ის ქ. №...-ისმიმდებარედ არსებული კორპუსის წითელ ხაზებში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიამ, მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულთვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.04.2021წ. №630 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. ფ-ის სასარგებლოდ, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (31.0 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველად წარმოებაში მიღებული საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.
დადგენილია, რომ დ. ფ-მა 2021 წლის 24 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ. განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თანხმობა დაენიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 მარტის №... წერილობითი მიმართვით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოძიებულ დოკუმენტაციასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა დ. ფ-ის განცხადება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის №16-01210782793 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ დ. ფ-ის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი ექცევა საცხოვრებელი ზონა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №630 განკარგულებით, უარი ეთქვა დ. ფ-ს (პ/ნ ...) მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 31 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე საფუძველს: 1. უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს; კომისიამ ასევე მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მოთხოვნის შესაბამისობა სივცრით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტტატეგიულ გეგმასთან; ამასთან, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიუზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება განაპირობა არსებული ნაგებობის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობამ. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგნილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი ნაგებობის დროებით ნაგებობად მიჩნევის წინაპირობებს დაადასტურებს საქმეში არ არის დაცული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არც თავად დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის მახასიათებლები და არც დაინტერესებული პირისათვის მოუთხოვია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამდენად, ნაგებობის სტატუსის დასადგენად კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელების ფაქტი არ დასტურდება. საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 თებერვლის დასკვნაზე (№5001081423) რომლის თანახმად, „ს..."-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო/აზომვით ნახაზზე დატანილი №... შენობა-ნაგებობა წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის ლითონის მილებით მოწყობილ კარკასულ შენობას, რომელიც მყარად არის დაკავშირებული გრუნტთან. მისი ორი გვერდი შემოსაზღვრული ლითონის ფურცლებით, ხოლო, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაწილობრივ მოწყობილია ლითონის ფურცლებისგან შემდგარი კარი. სახურავი მოწყობილია აზბოცემენტის შიფერით, რომლის საყრდენებად გამოყენებულია ლითონის სხვადასხვა დიამეტრის მილები და კუთხოვნები. სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილზე არის ბეტონის ბლოკის ღობე. 2021 წლის 15 თებერვალს შპს „ს...“-ს მიერ მომზადებულ 31 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული №... შენობა-ნაგებობა განთავსებულია დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე და იგი არ კვეთს დღეის მდგომარეობით არც ერთი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვარს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კომისიის სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან, არამედ ზოგადად - დამდგარ სამართლებრივ შედეგთან მიმართებით. მხოლოდ ნორმათა ციტირება და დასკვნა, რომ კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, რაც დ. ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ ქმნის საკმარის დასაბუთებას. სადავო გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულ შედეგამდე მივიდა.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-2 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ზემოხსენებულ ნორმატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობაა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დათქმების არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ დ. ფ-ის განცხადების განხილვისას, მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ობიექტების სავარაუდო წითელ ხაზებთან გადაკვეთის კვლევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ერთ-ერთ საკვლევ საკითხს უთუოდ წარმოადგენდა დ. ფ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ხომ არ ექცეოდა სხვა პირთა საკუთრებაში, შეესაბამებოდა იგი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ...ის ქ. №...-ის, №...ა და №... კორპუსის მაცხოვრებლი პირების - მ. ი-ის, ბ. გ-ის, ი. ს-ას, ო. ბ-ის, დ. ბ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებაზე, რომლითაც დგინდება რომ ფ-ების ოჯახი, 1969 წლიდან ფლობს და სარგებლობს თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ კორპუსთან არსებული მიწის ნაკვეთს და სარგებლობენ მისით (31 კვმ), რომელზეც განთავსებულია შენობა (მათ მიერ აშენებული). მოწმეები ადასტურებენ, რომ არავის გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ზემოაღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით, გამოთქვამენ თანხმობას მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნული განცხადების ავტორებმა მითითებული გარემოებები დაადასტურეს ხელმოწერით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. საკასაციო პალატოს მოსაზრებით, არ არის გამოკვეთილი რომელ ფაქტობრივ საფუძვლებს დაეფუძნა კომისიის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოპასუხეს სრულყოფილად არ გამოუყენებია მტკიცებულებათა გამოკვლევის მექანიზმები დადგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის მუხლის პირველი პუნქტით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობის არსებობისა და მისი მახასაიათებლების გამორკვევის გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მხედველობაში ასევე უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, თუ რა ვითარება იარსებებს სადავო შენობა-ნაგებობის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან თავსებადობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახივლელ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა