საქმე #ბს-347(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 30 ნოემბერს შპს „ქ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 16 აგვისტოს შპს „ქ...ს“ ჩაბარდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, მას უარი ეთქვა პაციენტ გ.ჩ-ას (პ/ნ ...) მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტი გ.ჩ-ა 2021 წლის 28 აპრილს 17:30 საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადით შეიყვანეს შპს „ქ...ში“, სადაც იგი გადიოდა შესაბამის მკურნალობას 2021 წლის 1 მაისამდე, უტარდებოდა კონსერვატიული მკურნალობა დიაგნოზით - გასტრო-ინტენსიური სისხლდენა, დაუზუსტებელი.
მოსარჩელის მითითებით, ინსპექტირების ეტაპზე დადგინდა, რომ პაციენტი გ.ჩ-ა 2021 წლის 24 აპრილის 18:37 საათიდან 2021 წლის 27 აპრილის 18:00 საათამდე იმავე დიაგნოზით გადიოდა მკურნალობას შპს „ #... საავადმყოფოში“, საიდანაც იგი გაიპარა მკურნალობის დაუსრულებლად. მართალია, აღნიშნულ შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის თაობაზე პაციენტს ხელწერილი არ დაუწერია, თუმცა გაპარვის ფაქტი დადასტურებულია კლინიკის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის აქტით და ამის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემთხვევა ჩახურულია გამოსავლით - „დაუსრულებელი მკურნალობა“. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით დატოვებს ან იცვლის სამედიცინო დაწესებულებას, მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალური შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება 2021 წლის 13 სექტემბერს კლინიკამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც სრულად შეიცავდა მოპასუხის 2021 წლის 12 აგვისტოს აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს, თუმცა 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 აგვისტოს და 2021 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად ლახავენ მოსარჩელის უფლებებს, კერძოდ, კლინიკას ერთმევა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების მიღების უფლება.
ამდენად, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 12 აგვისტოს #10/7863 გადაწყვეტილებისა და „შპს „ქ...ის“ 2021 წლის 14 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 ოქტომბრის #10/10374 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის შპს „ქ...ის“ სასარგებლოდ მის მიერ პაციენტის - გ.ჩ-ას (პ/ნ ...) მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების (შემთხვევის #... ) საფასურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ქ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 12 აგვისტოს #10/7863 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „შპს „ქ...ის“ 2021 წლის 14 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 ოქტომბრის #10/10374 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, შპს „ქ...ის“ სასარგებლოდ, მის მიერ პაციენტის - გ.ჩ-ას (პ/ნ ...) მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების (შემთხვევის #... ) საფასურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „... საავადმყოფოდან“ ვადაზე ადრე (მკურნალობის დასრულებამდე) წასვლამდე, პაციენტს - გ.ჩ-ას ხელწერილით არ დაუდასტურებია მოსალოდნელი შედეგები და შესაბამისად, მისთვის წინასწარ დადგენილი წესით არ იყო ცნობილი სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტს განემარტა, რომ მკურნალობის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, მისი შემდგომი მკურნალობის საფასური აღარ ანაზღაურდება, რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ხელმოწერით. ამდენად, პაციენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგების თაობაზე (რაც მითითებული ნორმის ძირითად მიზანს და შინაარსს განსაზღვრავს), რათა მისი გადაწყვეტილება გაცნობიერებულად იქნეს მიჩნეული. აღნიშნულს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი #... სამედიცინო შემთხვევის შეტყობინებით დგინდება, რომ „K.92.2 პაციენტი გაიპარა კლინიკიდან. ფაქტი დაფიქსირებულია საპატრულო ბრიგადის მიერ“ (ოპერატორის კომენტარი).
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პოზიცია აღნიშნული სამედიცინო შემთხვევის (#... ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან გათანაბრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პაციენტი - გ.ჩ-ა კლინიკიდან გაეწერა „დაუსრულებელი მკურნალობით“. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე გადამოწმებულ იქნა შპს „#... საავადმყოფოში“ ნამართი პროგრამული შემთხვევა, კერძოდ, კლინიკიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე, პაციენტმა - გ.ჩ-ამ „დატოვა კლინიკა თვითნებურად, მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე და გაეწერა კლინიკიდან დანიშნულების გარეშე“. მკურნალობის შეწყვეტის თაობაზე პაციენტს ხელწერილი არ დაუწერია, პაციენტი კლინიკიდან გაიპარა, რაც დადასტურებულია კლინიკის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის შესაბამისი აქტით და ამის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემთხვევა ჩახურულია გამოსავლით - „დაუსრულებელი მკურნალობა“. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.
კასატორის შეფასებით, მართალია, აღნიშნული ნორმა ცალსახად არ ითვალისწინებს პაციენტის გაპარვის მარეგულირებელ წესს და არ ადგენს პაციენტის მიერ კლინიკის თვითნებურად დატოვების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პაციენტის გაპარვა გათანაბრებული უნდა იყოს წერილობით დასტურთან, რადგანაც მან თვითნებურად, მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე დატოვა კლინიკა, ანუ საკუთარი სურვილის საფუძველზე შეწყვიტა სამედიცინო მომსახურება. სასამართლოს მითითება, რომ პაციენტი წინასწარ უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგების თაობაზე, აღსრულებული ვერ იქნება, რადგანაც დადგენილებით გათვალისწინებული ნორმის მიხედვით, პაციენტმა სურვილი უნდა გამოთქვას სამედიცინო მომსახურების შეწყვეტაზე და სწორედ ამ მომენტში წარმოეშობა კლინიკას ვალდებულება, გააფრთხილოს პაციენტი, რომ მისი 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება.
ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ პაციენტის გაპარვის გამო, კლინიკა მოკლებული იყო შესაძლებლობას, წერილობით დაედასტურებინა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 12 აგვისტოს #10/7863 გადაწყვეტილებისა და „შპს „ქ...ის“ 2021 წლის 14 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 ოქტომბრის #10/10374 გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის შპს „ქ...ის“ სასარგებლოდ მის მიერ პაციენტის - გ.ჩ-ას (პ/ნ ...) მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების (შემთხვევის #... ) საფასურის ანაზღაურების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ქ...ი“ არის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება.
ასევე, დადგენილია, რომ შპს „ქ...ის“ სტაციონარში 2021 წლის 28 აპრილს მოთავსდა პაციენტი გ.ჩ-ა დიაგნოზით გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი თანმხლები დაავადებები. ამასთან, აღნიშნულ პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები - სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფის და რეზუსის ანალიზი, უსაფრთხო სისხლი, კოლონოსკოპია და ქირურგის კონსულტაცია, ასევე მას ჩაუტარდა მკურნალობა - სხვა ენდოსკოპიური სისხლდენის გამაჩერებელი პროცედურები მსხვილ ნაწლავში, ინფუზიური, ჰემოსტაზიური, სიმპტომური თერაპია და გასტროპროტექცია. პაციენტი გ.ჩ-ა შპს „ქ...იდან“ გაეწერა 2021 წლის 1 მაისს.
დადგენილია, რომ შპს „ქ...მა“ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესით მიმართა მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა პაციენტის - გ.ჩ-ას მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ პაციენტი გ.ჩ-ა, იმავე დიაგნოზით, 2021 წლის 24 აპრილიდან 2021 წლის 27 აპრილის ჩათვლით, გადიოდა მკურნალობას შპს „#... საავადმყოფოში“, საიდანაც იგი წავიდა თვითნებურად, მკურნალობის დასრულებამდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის ძირითად მოტივაციაზე, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ პაციენტის მიერ კლინიკის თვითნებურად დატოვების (გაპარვის) ფაქტი გათანაბრებული უნდა იყოს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „ ... საავადმყოფოდან“ ვადაზე ადრე (მკურნალობის დასრულებამდე) წასვლამდე, პაციენტს - გ.ჩ-ას ხელწერილით არ დაუდასტურებია მოსალოდნელი შედეგები. შესაბამისად, მისთვის წინასწარ დადგენილი წესით არ იყო ცნობილი სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად კი, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტს განემარტა, რომ მკურნალობის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, მისი შემდგომი მკურნალობის საფასური აღარ ანაზღაურდება, რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ხელმოწერით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ, ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პაციენტი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული სამედიცინო დაწესებულების თვითნებურად დატოვების გამო მოსალოდნელი სამართლებრივი და ფინანსური შედეგების შესახებ (რაც მითითებული ნორმის ძირითად მიზანს და შინაარსს განსაზღვრავს), რათა მისი გადაწყვეტილება გაცნობიერებულად იქნეს მიჩნეული. აღნიშნულს კი, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი #... სამედიცინო შემთხვევის შეტყობინებით დგინდება, რომ „K.92.2 პაციენტი გაიპარა კლინიკიდან. ფაქტი დაფიქსირებულია საპატრულო ბრიგადის მიერ“ (ოპერატორის კომენტარი).
შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია აღნიშნული სამედიცინო შემთხვევის (#... ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან გათანაბრების თაობაზე, უსაფუძვლოა და იგი მართებულად არ იქნა გაიზიარებული ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) 01.05.2023წ. #12982 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2023წ. #12982 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა