საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1314(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე); ზ. შ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ამ 2020 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2190/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ზ. შ-ასა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2190/ო ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის N04-2190/ო ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ზ. შ-ამ.
კასატორ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ცხოვრობს დის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში 1993 წლიდან თავისუფლად და შეუზღუდავად. ამასთან, მოსარჩელის მეუღლე, რომელიც სარეგისტრაციო განაცხადშია შეყვანილი, დაკმაყოფილებულია ...ში მდებარე საცხოვრებელი ფართით (53.10 კვ.მ). მოსარჩელის მეუღლემ - ლ. გ-ამ საკუთრება 2015 წელს გაასხვისა მულზე, რომლის საკუთრებაშიც დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად მისამართზე: ...ი, 1-ლი კვ., კორპ. №3ა, ბინა №2. კასატორის მითითებით, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ დის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი არ იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დევნილი ოჯახი მიმდინარე ეტაპზე არ დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით.
კასატორის მითითებით, სააგენტო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დევნილის სტატუსის მქონე პირია და არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით, თუმცა, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, სააგენტო იკვლევს რა დევნილი ოჯახის საჭიროებებს, მას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა გარემოება, რომ მოსარჩელე მიმდინარე ეტაპზე გადაუდებლად საჭიროებს განსახლებას, რამდენადაც, 1993 წლიდან შეუზღუდავად ცხოვრობს დის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ოჯახმა თავისი საკუთრება ამავე დის სასარგებლოდ გაასხვისა. მითითებული გარემოება ადასტურებს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანების კანონიერებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრი - მეუღლე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებლით. კანონმდებლობის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ითვლებიან განაცხადით გათვალისწინებული მოსარჩელის შვილებიც. ამდენად, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფომ ერთი და იგივე ოჯახი ორჯერ უნდა დააკმაყოფილოს, რაც უხეშად არღვევს კანონის დანაწესსა და წინააღმდეგობაში მოდის დადგენილ ნორმებთან.
სააგენტოს მითითებით, დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, მოსარჩელე ზ. შ-ას საოჯახო ნომერზე მოსარჩელესთან ერთად რეგისტრირებულნი არიან მისი შვილები ე., გ. და ვ. შ-ები, ხოლო ლ. გ-ას - სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეუღლეს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი მისამართზე - თბილისი, ...ი, ...ის ქუჩა, კორპუსი N1 (53.10 კვ.მ), რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით (ს/კ ...). მოსარჩელის მეუღლეს- ლ. გ-ას მითითებული უძრავი ნივთი დაუკანონდა ქ. ფ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით. ამასთან, მოსარჩელის შვილები - ე., ვ. და ნ. შ-ები, როგორც ლ. გ-ას დამავალი შტოს წარმომადგენლები, დევნილთა მონაცემთა ბაზაში მონიშნული არიან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად. საქმის მასალებითვე დგინდება, რომ ზ. შ-ას, როგორც ლ. გ-ასა და შვილების - ე., ვ. და ნ. შ-ების ოჯახის წევრს, დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კომპენსირებულად მონიშვნა არ უფიქსირდებოდა, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ზ. შ-ასა და ლ. გ-ას ერთ ოჯახად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი როგორც საცხოვრებელი ფართის დაკანონების (2009 წელი) მომენტისთვის, ასევე მანამდე პერიოდისთვისაც, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ..., ... და ... წლებში. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტომ ზ. შ-ა ბაზაში მონიშნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად თავის ოჯახის წევრებთან ერთად.
კასატორი - ზ. შ-ა აღნიშნავს, რომ ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. სწორედ აღნიშნული დასაბუთება გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის საგანი, თუმცა სააპელაციო სასამართლოში სააგენტოს მიერ წამოყენებული იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული, მაგალითად, ოჯახის სხვა წევრების კომპენსირებულ (ფართით უზრუნველყოფილი) პირებად მონაცემთა ბაზაში მონიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი ფაქტობრივი გარემოებების განხილვა ისე, რომ მისი განხილვა არ განხორციელებულა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ეწინააღმდეგება სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპს, ვინაიდან პირველ ინსტანციაში წაგებულ სააგენტოს ყოველთვის შეუძლია სააპელაციო ეტაპზე გამოიყენოს გამოუკვლეველი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის გამოყენება პირდაპირ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორის მითითებით, ლ. გ-ას აქვს სხვა საოჯახო ნომერი, რაც ნიშნავს, რომ ის ოჯახის შექმნამდე იყო სხვა ოჯახის წევრი. 2009 წელს მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა (თავდაპირველ ოჯახთან ერთად) არ გამორიცხავს მისი მეუღლის და შვილების ფართით უზრუნველყოფას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დადგენილია და სადავო არ გამხდა ის ფაქტი, რომ მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და ცხოვრობენ ახლო ნათესავის საკუთრებაში. კასატორის მოსაზრებით, არსებითად უმნიშვნელო გარემოებაა ლ. გ-ას ფართით უზრუნველყოფა 2009 წელს, რადგან მის გარეშე ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი. სააგენტოს არ წარმოუდგენია ზ. შ-ას ან მისი შვილების კომპენსირების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ზ. შ-ას საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ზ. შ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2190/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ზ. შ-ას, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ამ ეტაპისთვის უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე ზ. შ-ა დევნილის სტატუსის მქონე პირია. მას ჰყავს მეუღლე ლ. გ-ა, რომელიც აგრეთვე არის დევნილი. ლ. გ-ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას და ზ. შ-ას ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ე. შ-ა (დაბ. ... წელს), გ. შ-ა (დაბ. ... წელს) და ვ. შ-ა (დაბ.... წელი). მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა შვილებთან და სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფ მეუღლესთან, ლ. გ-ასთან ერთად. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარეგისტრაციო განაცხადში ფაქტობრივ და იურიდიულ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, ...ე, ...ი, 1-ლი კვ. კორპ. №3ა. ბ. №2. ოჯახი მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე 1993 წლიდან. ბინა ეკუთვნის მოსარჩელის დას, ი. შ-ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში. მოსარჩელე ლ. გ-ასთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ლ. გ-ა, როგორც დევნილი, 2009 წელს დაკმაყოფილდა და საკუთრებაში გადაეცა ორგანიზებულ ჩასახლებაში არსებული საცხოვრებელი ფართი (53.10 კვ.მ). 2015 წელს ლ. გ-ამ ბინა გაასხვისა მოსარჩელის დაზე, ი. შ-აზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის შეფასებით, ზ. შ-ას ოჯახი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ განსახლებას იმ საფუძვლით, რომ ოჯახი შეუფერხებლად ცხოვრობს ზ. შ-ას დის საკუთრებაში არსებულ ბინაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. მეტიც, ზ. შ-ას ოჯახს სწორედ ახლო ნათესავთან ცხოვრების კრიტერიუმში ჰქონდა 1,5 ქულა მინიჭებული. რაც შეეხება ლ. გ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გარემოებას, საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. ადმინისტრაციული ორგანო სათანადო წესით ვერ ასაბუთებს, რომ სხვა სარეგისტრაციო ნომერზე მყოფი მეუღლის ფართით დაკმაყოფილება იწვევს ოჯახის ყველა წევრის ავტომატურ დაკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი აქვთ მინიჭებული. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ლ. გ-ას 2009 წელს გადაეცა 53.10 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №9 დანართით დამტკიცებულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“. მოცემული სტანდარტების თანახმად, 5-6 მოსახლეზე გათვალისწინებულია 70-დან - 80მ2-მდე სამოთახიანი ბინა. მოცემულ შემთხვევაში, ზ. შ-ას განაცხადი შევსებული ჰქონდა ოჯახის ხუთი წევრის გათვალისწინებით. ამდენად, საკითხის ხელახალი გამოკვლევისას, ლ. გ-ასათვის უკვე გადაცემული ფართის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს რამდენოთახიანი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება გააჩნია განმცხადებელს.
რაც შეეხება ზ. შ-ას საკასაციო მოთხოვნას, პალატა აღნიშნავს, რომ განსხვავებით საკასაციო სასამართლოსაგან, სააპელაციო სასამართლო აგრეთვე წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამდენად, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, მხარეებს შესაძლებლობა აქვთ მიუთითონ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლ. გ-ასათვის ფართის გადაცემის ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხე მიუთითებდა საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელშიც.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელის, როგორც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. ამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ზ. შ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა