Facebook Twitter

საქმე №ბს-462(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 10 დეკემბერს დ.ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს ჰყავს მშობლები და დები, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი. დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარადგინა კანონით დადგენილი ყველა სახის დოკუმენტაცია, თუმცა 15.11.2021წ. N03-41335/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გათვალისწინების გარეშე.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4135/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კერძოდ, დ.ჩ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4135/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე დ.ჩ-ისთვის იძულებით გაადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, დასკვნები საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მითითებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ- ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძვლზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ ასეთი სტატუსი პირმა რაიმე, ნებისმიერი მიზეზის, მათ შორის მშობლის მიერ შვილის არასრულწლოვნობის დროს ვერ/არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, მოსარჩელე დ.ჩ-ს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების კითხვარში მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არასრულწლოვნებისას 2020 წელს მიენიჭა, თუმცა პანდემიის გამო მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა და მისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნა (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის არ არის სადავო), ხოლო ასეთი შესაძლებლობის გაჩენის დროისათვის, მოსარჩელე უკვე არასრუწლოვანი იყო და დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართა სააგენტოს.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ.ჩ-ის დედას - შ.ბ-ს, მამას - რ.ჩ-ს და დას - მ.ჩ-ს, გააჩნიათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატომა მიუთითა „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნა, რომ პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, იკვლევს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. მოცემული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეზე ვერ გავრცელდება პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის ჩანაწერი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოება. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, რომლის სისწორე თავად ხელმოწერით დაადასტურა. მოსარჩელეს არსად უხსენებია, რომ მშობლები ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას, რათა მოეთხოვათ მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

კასატორი მიუთითებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ 15.10.2021 წ. №380 ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ დ.ჩ-ის დედა შ.ბ-ი 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში შემდეგ მისამართზე: ...ის ქ. №41. აღნიშნული დოკუმენტაციის და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. იგი დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. შესაბამისად, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ იყო. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

კასატორი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, იგი მუდმივად და რა დროებით უნდა იმყოფებოდეს აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილას. ამასტან, პირი ხსენებულ საცხოვრებელთან დაკავშირებული უნდა იყოს შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ზემოაღნიშნული მდგომარეობა არ დადასტურდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორი აღნიშნავს, რომ, თუ სააგენტო დევნილის სტატუსს მიანიჭებს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, მივიღებთ მოცემულობას, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით ადმინისტრაციული ორგანო - სააგენტო ანგარიშს არ გაუწევს კანონის ნორმის მიზნებს და მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს კანონმდებლის ნების შესაბამისად. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (№ბს-1227-1213 (კ-11),01.02.2012), რომლის თანახმადაც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილია არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი არა დროებით, არამედ მუდმივად იქ უნდა იმყოფებოდეს. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ იკვეთება მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ოკუპირებულ ტერიტორიასთან მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არსებითად არ იყო დაკავშირებული. მოსარჩელე ვერ ადასტურებს აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც აუცილებელი წინაპირობაა დევნილის სტატუსის მისაღებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4135/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება დ.ჩ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ.ჩ-მა 2021 წლის 15 ოქტომბერს (სრულლწლოვანების მიღწევის შემდეგ) განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ დ.ჩ-ი დაიბადა ... წელს რუსეთში. აფხაზეთში არ უცხოვრია. მოსარჩელემ ... წელს სკოლა დაამთავრა ქ. ...ში. ცხოვრობს მშობლებთან და დებთან ერთად ქ. ...ში დაბადებიდან დღემდე. მშობლებს რ.ჩ-ს და შ.ბ-ს აქვთ დევნილის სტატუსი, თავადაც და ოჯახის ყველა წევრსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი - საქართველო). თავად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2020 წელს და ამის შემდეგ მიმართა სააგენტოს სტატუსის მინიჭების შესახებ.

შევსებული კითხვარის თანახმად, მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობა 2020 წელს არასრულწლოვანებისას მიენიჭა, თუმცა პანდემიის გამო მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა და მისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნა, ასეთი შესაძლებლობის გაჩენის დროისათვის, მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო და დევნილის სტატუსის მისთვის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართა სააგენტოს. მისი ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...ას ქ.№4, ბინა №24 (დედის საკუთრება). მოსარჩელე დ.ჩ-ის დედას - შ.ბ-ს (დაბ. ... წელს) მამას - რ.ჩ-ს (დაბ ... წელს) დას - მ.ჩ-ს (დაბ. ... წელს) გააჩნიათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. დას ლ.ჩ-ს (დაბ: ... წელს) არ აქვს დევნილის სტატუსი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №380 ცნობის თანახმად, მოსარჩელე დ.ჩ-ის დედა - შ.ბ-ი ცხოვრობდა 1993 წლის სექტემბრამდე ქ.სოხუმში, მისამართზე - ...ის ქ. №41.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 12 ნოემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა, მოხსენებითი ბარათით მიმართა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს და ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა გადაუგზავნა, მოსარჩელე დ.ჩ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 ნოემბრის №03-4135/ო ბრძანებით მოსარჩელე დ.ჩ-ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტანციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებაზე, რომ დ.ჩ-თან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ მოსარჩელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კანონის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქესა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ზემოხსენებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვნებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვნობამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მშობლების იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დ.ჩ-ი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიმართ უნდა გამოცემულიყო დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა