საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-504(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბ. ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ჩ-ამ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის მიერ 2021 წლის 23 აპრილს მიღებული №03-1611/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1611/ო ბრძანება; მოპასუხეს ბ. ჩ-ასა და მისი ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოების შეფასების და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების მე-7 დანართის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადს მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაწილში ემატება 2 ქულა იმ შემთხვევაში, როდესაც „საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია)“. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი. მონიტორინგის სამსახურის მიერ საცხოვრებელი პირობების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სახეზე არ იყო, სწორედ ამიტომ, განაცხადს მოაკლდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულა. კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა წარდგენილი მტკიცებულებით და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ურთიერთგამომრიცხავ ახსნა-განმარტებას. სასამართლო უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია სადავო ბრძანების გამოცემის შემდგომ და ბუნებრივია, სააგენტო მას ვერ გაითვალისწინებდა. ამასთან, გაუგებარია, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაასკვნა სასამართლომ, რომ 4.5 ქულიანი ოჯახები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ კომისიამ განიხილა იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც გააჩნდათ 4.5 ქულა და მეტი, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მითითებული ქულით დაკმაყოფილდა რომელიმე ოჯახი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1611/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ბ. ჩ-ას, არასაკმარისი ქულების გამო, აღნიშნული ეტაპისთვის, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე ბ. ჩ-ა, დედა - გ. ჩ-ა, ძმა - ზ. ჩ-ა და შვილი - ს.კ-ა არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მათი რეგისტრაციის, ისევე როგორც ფაქტობრივი მისამართია ქ.თბილისი, ...ის ...ი №..., დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი. 2020 წლის 9 ნოემბერს ბ. ჩ-ას მიერ შევსებული იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, სადაც აღინიშნა, რომ ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 5 ქულა (დევნილი ოჯახი რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრების მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალური საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა. 2021 წლის 2 აპრილის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №19 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ბ. ჩ-ას მძიმე საცხოვრებელ პირობების კრიტერიუმში დააკლდა 2 ქულა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელში დაემატა 1 ქულა. საბოლოოდ ოჯახი შეფასდა 4 ქულით და მოსარჩელეს უარი ეთქვა 2 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების მოტივით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ.თბილისში, ...ის ...ი №...-ში მდებარე საცხოვრებელი შენობა რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. გ. ჩ-ას, ბ. ჩ-ას, ს.კ-ას და სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ...ი №...-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შპს „...ს“. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი, რომ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისში, ...ის ...ი N...-ში, დაზუსტებული ფართობი: 514.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 (საკადასტრო კოდი: N...) და ქ. თბილისში, ...ის ...ი N...-ში, დაზუსტებული ფართობი: 302.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (საკადასტრო კოდი: N...)) არის ავარიულ მდგომარეობაში და წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტს.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბ. ჩ-ას ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი არის ავარიულ მდგომარეობაში და წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტს (აღნიშნულს ადასტურებს გადაწყვეტილებაში მითითებული №001852220 ექსპერტიზის დასკვნა), არ არსებობდა ოჯახისათვის საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში 2 ქულის ჩამოკლების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში ჩაითვლებოდა აღნიშნული 2 ქულა, ოჯახი საბოლოოდ შეფასდებოდა 6 ქულით, რაც კომისიის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ უზრუნველყოფს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა