Facebook Twitter

საქმე №ბს-423(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 16 სექტემბერს ვ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მემკვიდრეობის საფუძველზე, 2011 წლიდან არის ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრელი სახლის და 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ვ. ც-ე ნამდვილად ცხოვრობს ...ის რაიონის სოფელ ...ში. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ვ. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთში დახრილობის ფერდობები ძველმწყრულია. ამჟამად, გააქტიურებულია მეწყრული მიკროძრავები, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ სახლსაც. მეწყრული პროცესის გააქტიურების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთში ფიქსირდება დეფორმაციის ნიშნები და ექსპერტების დასკვნით, უბნის რთული გეოდინამიკური პირობების და მომავალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია ვ. ც-ის ოჯახის გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ვ. ც-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, რადგან შეუზღუდავად შეეძლო ესარგებლა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი სახლით, მდებარე ქ. თბილისი, ...ას ქ. №44-ში. მოსარჩელის განმარტებით მეუღლესთან 10 წელია განქორწინებულია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-99-ე მუხლების შესაბამისად, არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხემ არ გამოითხოვა დოკუმენტები, არ გამოკითხა მოწმეები, მოსარჩელეს არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის და მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს №03-3273/ო ბრძანების ნაწილობრივ, ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს №03-3273/ო ბრძანება. მოსარჩელე ვ. ც-ის, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, სადავო ბრძანებით ვ. ც-ე არ დაკმაყოფილდა სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, კერძოდ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს შეუფერხებლად ისარგებლოს ქ. თბილისში, ...ას ქ. №44-ში მდებარე ოჯახის საკუთრებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე, ...ის რ-ნი სოფელი ...ი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 76 570. ვ. ც-ე, მეუღლესთან ნ. ბ-ესთან განქორწინებულია (განქორწინების რეგიტრაციის თარიღი 20.06.2017 წელი) და ისინი წლებია ერთად არ ცხოვრობენ. ნ. ბ-ე შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ას ქუჩა №44-ში.

საქმის მასალებით შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. ც-ე არის ...ის რაიონი, სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის (№21/1-74 16/04/2021წ) თანახმად, ვ. ც-ის სახლის დაზიანება შეესაბამება I კატეგორიას. უბნის რთული გეოდინამიკური პირობების და მომავალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია მოქალაქე - ვ. ც-ის ოჯახის გეოლოგიურად უსაფრთხო მდგრად ადგილზე გადაყვანას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის ეკომიგრანტის ოჯახი (თვითონ) შეფასებულია 16.0 ქულით, (10 ქულა - საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიისათვის (I კატეგორია) + 6 ქულა - სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო აპელანტის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელე ვ. ც-ის შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე ქ. თბილისი, ...ას ქ. №44, რის გამოც იგი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელის ოჯახის შეუზღუდავ სარგებლობაშია ასევე საზღვარგარეთ მყოფი ბიძაშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც წლებია თავად მოსარჩელე განკარგავს, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მეუღლის მისამართზე. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება დაეფუძნა მონიტორინგის მასალებს, რა დროსაც მეზობლის განმარტებით, მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. ც-ის სახლის დაზიანება განაპირობა მისი დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებამ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დამტკიცებულ კრიტერიუმებზე, რომელთა თანახმად, თავდაპირველად დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ სხვებთან შედარებით უფრო ადრე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწარაფო დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა ასევე სხვა უძრავი ქონება, რომელიც მხარემ გააასხვისა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს არასწორი შეფასება მისცეს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი გამოიკვლია სრულყოფილად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მას გააჩნდა რამდენიმე ალტერნატიული საცხოვრებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აგვისტოს №03-3273/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელე ვ. ც-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ვ. ც-ე წარმოადგენს უძრავი ნივთის, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელი ...ი, დაზუსტებული ფართობი: 5 000.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/2, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 166.97 კვ.მ (ს/კ №...), მესაკუთრეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის 08.09.2021წ. ამონაწერით, ვ. ც-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია - ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ხოლო ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 76 570. ამავე ამონაწერის თანახმად, ოჯახის სხვა წევრები არ ფიქსირდებიან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გადაგზავნილი იქნა სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, სოფელ ...ში მცხოვრები ვ. ც-ის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (X-..., Y-...) მდებარეობს …ს მარცხენა დასავლური ექსპოზიციის ფერდობზე, რომლის დახრილობა 15-200-ია. კავკასიის ტექტონიკური და რაიონების სქემის მიხედვით, განეკუთვნება ცენტრალური აზევების ზონის, …ის ქვეზონას. საკვლევი ტერიტორია გეოლოგიურად აგებულია იურული ასაკის ძმუისის წყების (,,ფურცლოვანი ფიქლების“ წყება) ფურცლოვანი ფიქლებით, ქვიშაქვებით, ბაზალტების დაიკებით და განფენებით, რომლებიც ზევიდან გადაფარულია მეოთხეულის ღორღის შემცველი ელუვიურ-დელუვიური თიხა-თიხნარებით. საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე საშუალოდ 15-200- იანი დახრილობის ფერდობი ძველმეწყრულია. ამჟამად გააქტიურებულია მეწყრული მიკროძვრები, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სახლსაც. მეწყრული პროცესის გააქტიურების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთში ფიქსირდება დეფორმაციის ნიშნები, დეფორმირებულია რკინის კონსტრუქციის მესერი და შვეული მდგომარეობიდან გადახრილია ხე-მცენარეები. ტერიტორიის ზედაპირი ტერასულ-საფეხურისებ-ბორცვიანია. საკარმიდამო ნაკვეთში მეწყრული პროცესის პერიოდული გააქტიურების გამომწვევ მიზეზს სავარაუდოდ წარმოადგენს სეზონურად მოსული ატმოსფერული ნალექების გამოფიტულ გრუნტში ჩაჟონვა (ინფილტრაცია). რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზს, მას აქტიური მეწყრული სხეული განაპირობებს, სახლი ავარიულია და საცხოვრებლად საფრთხისშემცველია, კერძოდ: განსაკუთრებით დაზიანებულია სახლის წინა და მარცხენა კედელი, რომელიც ამორტიზებულია და დიდი ზომის გამჭოლი ბზარები ფიქსირდება. დარღვეულია სახლის კონსტრუქციული მთლიანობა. მზიდ კონსტრუქციებზე (კედლები და საძირკველი) ფიქსირდება გამჭოლი ბზარები. დაზიანებულია აივნის და კიბის უჯრედი. დაბზარული და ამორტიზებულია დასხმული ბეტონის საფარიც. დეფორმაციის გამო კარ-ფანჯრებს უჭირს გაღება-დახურვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უბნის რთული გეოდინამიკური პირობების და მომავალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია ვ. ც-ის ოჯახის გეოლოგიურად უსაფრთხო, მდგრად ადგილზე გადაყვანა.

2021 წლის 03 ივნისს, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის №47/1874 წერილის თანახმად, დანართებში მითითებულ დაზარალებულ ოჯახებთან ერთად საცხოვრებელ სახლებში სხვა ოჯახი არ ფიქსირდება და აღნიშნული ოჯახები გარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა, არ ფლობენ სხვა საცხოვრებელ სახლს. მითითებულ წერილზე თანდართული 01.06.2021 წლის შეფასების ფორმის თანახმად, ვ. ც-ის საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს დაზიანების I კატეგორია.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 8.06.2021წ. მიერ შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, ვ. ც-ის ოჯახს მიენიჭა ჯამში 16 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიისთვის (I კატეგორია) - 10 ქულა, ხოლო საკუთრების კრიტერიუმით (სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში) - 6 ქულა.

საქმეში დაცული 10.06.2021წ. ადგილზე შემოწმების და გადამოწმების ოქმის თანახმად, ვ. ც-ის საცხოვრებელი სახლი არის ავარიული და საცხოვრებლად საფრთხისშემცველი. განსაკუთრებით დაზიანებულია წინა და მარცხენა კედელი, რომლებსაც დიდი გამჭოლი ბზარები გასდევს. სახლის ყველა კედელი დაბზარულია. მე-2 სართულზე ამოშენებული კედელი ჩამონგრევის პირასაა. სახლის პირველი სართული არის ქვით და ბლოკით ნაშენი, ხოლო მე-2 სართული არის ხის, რომელიც ძლიერ დეფორმირებულია. სახლის დაზიანება გამოწვეულია ეზოში მიმდინარე ჯდენადი გრუნტით და სახლის არასწორი მშენებლობით. ზემოხსენებული ოქმის თანახმად, ვ. ც-ის ყოფილი მეუღლე - ნ. ბ-ე და შვილი - ლ. ც-ე ცხოვრობენ თბილისში, ...ას ქ. №44-ში, ნ. ბ-ის საკუთრებაში. სახლის ავარიულობის გამო, ვ. ც-ე ცხოვრობს გვერდით უბანში მდებარე ბიძაშვილის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

გადამოწმების მიზნით 21.06.2021წ. მონიტორინგის ჯგუფი ასევე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ...ას ქ. №44-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მონიტორინგის თანამშრომლებს მეზობელმა განუცხადა, რომ ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, ვ. ც-ე დიდი ხანია იმყოფება სოფელში, ნ. ბ-ე მუშაობს სასამართლოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, მოსარჩელე ვ. ც-ეს ოჯახს ჯამურად მიენიჭა 16 ქულა. საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და ვ. ც-ის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14, და 15 ივლისის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ. ც-ეს განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმის გამო, რომ გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ოჯახის საკუთრებით, ქ. თბილისში, ...ას ქ. №44-ში მდებარე უძრავი ქონებით. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის №2 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 4 აგვისტოს გამოსცა №03-3273/ო ბრძანება დანართში მოცემული პირების, მათ შორის მოსარჩელის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გაკეთებულ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს ვ. ც-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა ოჯახის საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საქმეში დაცული განქორწინების მოწმობის ასლის თანახმად, ვ. ც-ე და ნ. ბ-ე განქორწინდნენ 2017 წლის 20 ივნისს. საჯარო რეესტრის 18.03.2020წ. ამონაწერის მიხედვით, ნ. ბ-ე წარმოადგენს უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №44 (ს/კ N...), 1/2 ნაწილის თანამესაკუთრეს. საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარადაა დადგენილი ვ. ც-ის და ნ. ბ-ის განქორწინების ფაქტი, უსაფუძვლოა კასატორის მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა ოჯახის საკუთრებაზე მითითებით. განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული ფართის, როგორც ვ. ც-ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად განხილვა, არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება ვ. ც-ის ბიძაშვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენების სამომავლო პერსექტივების განსაზღვრის კუთხით. ის ფაქტი, რომ ვ. ც-ე საკუთარი სახლის ავარიულობის გამო, ბიძაშვილის საკუთრებაში ცხოვრობს, არ ქმნის მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სახლის დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. საკასაციო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ვიზუალურ საიჟინრო-გეოლოგიურ 16.04.2021წ. №21/1-74 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ვ. ც-ის სახლის დაზიანება შეესაბამება I კატეგორიას (საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე ფერდობი ძველმეწყრულია, ამჟამად გააქტიურებულია მეწყრული მიკროძვრები, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სახლსაც. საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზს აქტიური მეწყრული სხეული განაპირობებს. უბნის რთული გეოდინამიკური პირობების და მომავალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია მოქალაქე ვ. ც-ის ოჯახის გეოლოგიურად უსაფრთხო მდგრად განსახლება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის გაწევა და ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ალტერნატიული საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ...ში, ...ში მდებარე ვ. ც-ის სახლიდან მისი განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის (I კატეგორია) გათვალისწინებით უდავო იყო, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრის (განქორწინებულია) საკუთრებას, ვ. ც-ეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა