საქმე #ბს-18(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 21 ოქტომბერს ლ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხილულ იქნა მოქალაქე ლ. ც-ის (პ/ნ ...) #... განცხადება, რომლის თანახმადაც, ლ. ც-ი ითხოვდა დაბადების #... აქტის ჩანაწერებში შესწორების შეტანას მისსა და მისი მშობლების გვარში, რომელიც როგორც მისთვის ამ წარმოებიდან გახდა ცნობილი, არის გადასწორებული მისთვის უცნობი მიზეზების გამო.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამის საფუძვლად მითითებულ იქნა სხვადასხვა გარემოებები, რაც მისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით ლ. ც-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, მას თან აქვს მთელი რიგი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც მისი სახელი და გვარია ლ. ც-ი, დაბადების თარიღია: ...წ. და მისი პირადი ნომერია - ..., კერძოდ:
1. ლ. ც-ის დაბადების მოწმობის თანახმად, რომელიც გაცემულია 1961 წლის 28 აპრილს, ქუთაისის ...ს ბიუროს მიერ X-ТИ ..., მისი გვარი მითითებულია - ც-ი, მისი მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. ც-ი, დედა - ს. ც-ი;
2. ლ. ც-ის რვაწლიანი განათლების #... მოწმობაში, რომელიც გაცემულია 1976 წლის 24 ივლისს, მისი მონაცემები მითითებულია, ლ. ც-ი;
3. ლ. ც-ის სამუსიკო სკოლის #... მოწმობაში, რომელიც გაცემულია 1975 წლის 30 ივნისს მისი სახელი და გვარი მითითებულია, როგორც ლ. ც-ი;
4. ლ. ც-ის დიპლომში #... და მის ასლში, რომელიც 1984 წლის 26 ივლისს არის გაცემული, მისი მონაცემები მითითებულია ლ. ც-ი;
5. ...ს მე-... საშუალო სკოლის დირექტორის 1991 წლის 16 აპრილს გაცემულ #44 ცნობაში ასევე მითითებულია ლ. ც-ი;
6. ...ს განათლების განყოფილების გამგის 1984 წლის 30 მაისს გაცემულ #16 ბრძანებაში მითითებულია, ლ. ც-ი;
7. 1978 წლის 13 ოქტომბერს შევსებულ შრომის წიგნაკში მითითებულია ლ. ც-ი, დაბადებული ... წელს;
8. 2015 წლის 16 ნოემბერს შედგენილი ანდერძის თანახმად, დედამ უანდერძა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შვილს - ლ. ც-ს;
9. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გაცემული გარდაცვალების #... მოწმობის თანახმად: 1990 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა ბ. ც-ი, დაბადების თარიღი ... წელი ... ...ი;
10. სსგს თბილისის სამოქალაქო რეეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 27 იანვარს გაცემული #... საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სახელი მითითებულია ლ., გვარი ც-ი, მამის სახელი ბ., პ/ნ ...;
11. 2012 წლის 14 იანვარს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობაში, მითითებულია ც-ი ლ., პ/ნ .... მითითებულია, რომ მოქმედების ვადაა 2022 წლის 14 იანვარი;
12. ლ. ც-ის შვილის - გ. კ-ას დაბადების მოწმობაში #..., გაცემული სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 11 თებერვალს, დედის გრაფაში მითითებულია ლ. ც-ი, პ/ნ ....
ზემოაღნიშნულიდან და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2021 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილება, მასთან ერთად 2021 წლის 9 სექტემბრის #... შეცდომის გასწორების შესახებ გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება ლ. ც-ის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, არის უსაფუძვლო, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც, მოსარჩელის მოსაზრებით, ლ. ც-ის მიერ სარჩელზე დართული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა შორის უმრავლესობა გაცემულია სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურების მიერ, უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ... წლის ... ...ს დაბადებული ლ. ც-ის გვარი ნამდვილად ც-ია და რომ, მისი მშობლები იყვნენ ბ. ც-ი და ს. ც-ი.
ამდენად, მოსარჩელემ ლ. ც-ის მოთხოვნაზე (დაბადების აქტის ჩანაწერში გვარის შესწორების შესახებ) უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... და 2021 წლის 9 სექტემბრის #... გადაწყვეტილებების, ასევე, ლ. ც-ის მოთხოვნაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ლ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, მის დაბადების მოწმობაში მისი და მისი მშობლების გვარის - „ც-ის“ „ც-ით“ შესწორების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 9 სექტემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, მის დაბადების მოწმობაში მისი და მისი მშობლების გვარის - „ც-ის“ „ც-ით“ შესწორების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ის დაბადების აქტის #... ჩანაწერში (რეგისტრირებული ...წ. ქუთაისის ...ს განყოფილების მიერ), მითითებულია ლ. ც-ი. მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. ც-ი, დედა - ს. ც-ი. ;
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ. ც-ის სახელზე გაცემულ #... დაბადების მოწმობაში გვარად მითითებულია ც-ი. მისი მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. ც-ი, დედა - ს. ც-ი; დადგენილია, რომ ლ. ც-ის სახელზე გაცემულ დიპლომში #... - გვარად მითითებულია ც-ი; ლ. ც-ის სახელზე გაცემულ რვაწლიანი განათლების მოწმობაში მითითებულია ლ. ც-ი; ლ. ც-ის სახელზე 30.06.1975 წელს გაცემულ მოწმობაში მის სახელად და გვარად მითითებულია ლ. ც-ი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ქ. ...ს ... საშუალო სკოლის დირექტორის მიერ ლ. ც-ის სახელზე გაცემულ ცნობაში გვარად მითითებული არის ც-ი; ...ს განათლების განყოფილების გამგის მიერ ლ. ც-ის სახელზე გამოცემულ ბრძანება #16-ში, გვარად მითითებული არის ც-ი; ლ. ც-ის #... შრომის წიგნაკში მითითებულია ლ. ც-ი; 2015 წელს შედგენილი ანდერძის თანახმად, დედამ უანდერძა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შვილს - ლ. ც-ს; სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გაცემული გარდაცვალების მოწმობის ... თანახმად: 1990 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა ბ. ც-ი, დაბადების თარიღი: ... წელი ... ...ი; სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 27 იანვარს გაცემული #... საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სახელი მითითებულია ლ., გვარი - ც-ი, მამის სახელი - ბ.; 2012 წლის 14 იანვარს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობაში, მითითებულია ც-ი ლ., აღნიშნული მოწმობის მოქმედების ვადაა 2022 წლის 14 იანვარი; ლ. ც-ის შვილის - გ. კ-ას დაბადების მოწმობაში, რომელიც გაცემულია სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, დედის გრაფაში მითითებულია ლ. ც-ი.
საქალაქო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს #... განცხადებით მიმართა ლ. ც-მა, რომელმაც მის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების აქტის #... ჩანაწერში მისი და მშობლების გვარის - „ც-ის“ „ც-ით“ შესწორება მოითხოვა. სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 06.09.2021წ. #... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ. ც-ის წარმომადგენელმა - ბ. ბ-ემ 2021 წლის 13 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ც-ის დაბადების აქტის ჩანაწერებში #... შესწორების შეტანა მოითხოვა, კერძოდ, მისსა და მისი მშობლების გვარში, ც-ის ნაცვლად მითითებული ყოფილიყო „ც-ი“. საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით ლ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ აღმოჩნდა ინფორმაცია ბ. ც-ის დაბადების შესახებ, მეორე ეგზემპლარი არქივში არ ინახება. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში არ აღმოჩნდა ინფორმაცია ა. ც-ის (ც-ის) ქორწინების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; მოსარჩელე მოითხოვს, რომ დაბადების სააქტი ჩანაწერში შესწორების შეტანას.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიმოიხილა დავის საგანთან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სახელდობრ მიუთითა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ლ. ც-ის დაბადების აქტის #... ჩანაწერშია (რეგისტრირებული ...ნ. ქუთაისის ...ს განყოფილების მიერ) მითითებული გვარი „ც-ი“, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტში, რაც გაცემულია ლ. ც-ის სახელზე - დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობაში, სხვადასხვა სახის დიპლომებსა და მოწმობებში, ცნობებში, შრომის წიგნაკში, ანდერძში, გარდაცვალების მოწმობაში, საინფორმაციო ბარათებში, თანამემამულის მოწმობაში, შვილის დაბადების მოწმობაში და ა.შ., ფიქსირდება გვარი - „ც-ი“ ... წლიდან (დაბადების მოწმობის გაცემიდან) 2012 წლამდე (ამ დროს გაცემულია პასპორტი) გაცემულ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში.
შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მისი დაბადების მომენტიდან დღემდე გაცემულ ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია არათანაზომიერ ხარჯსა და ძალისხმევასთან, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერად უნდა ყოფილიყო აღიარებული მის დაბადების მოწმობაში მითითებული ჩანაწერი გვართან მიმართებით „ც-ი“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გაიზიარა საქმესთან დაკავშირებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა წარმომადგენლის მითითება, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად ვერ განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას გამოყენებული ნორმა - „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები და აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო ორგანოების (...ს განყოფილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ 1961 წლიდან სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დრომდე გაცემული სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტების, უპირველესად კი, დაბადების მოწმობის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილითა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბუნებრივია, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემულ დაბადების მოწმობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს მისი გვარის ნამდვილობა, რადგან იგი, როგორც დაინტერესებული მხარე, ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებასა და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ის მშობლების ქორწინების მოწმობაში მამის გვარად მითითებულია „ც-ი“, ასეთივე სახითაა მამის მხრიდან ნათესავების (დედმამიშვილები) დაბადების მოწმობებში ფიქსირებული გვარიც, რაც შესაძლოა ქმნიდეს შინაგან რწმენას და მიანიშნებდეს იმაზე, რომ მისი გვარი უნდა იყოს „ც-ი“, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, ასევე, უტყუარად დადგენილად მიიჩნია „ლ. ც-ის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგანეტოს 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები:
1. ქუთაისის ...ს განყოფილების მიერ 1961 წლის 28 აპრილს რეგისტრირებული #... აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში მითითებულია, რომ დაიბადა ლ. „ც-ი“ მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. „ც-ი“. დედა - ს. „ც-ი“ ბავშვის და მშობლების გვარში ფიქსირდება გადასწორება. მეორე ეგზემპლარში ბავშვის და მშობლების გვარი გადასწორების გარეშეა მითითებული „ც-ი“;
2. ქუთაისის ...ს განყოფილების არქივის მიერ 1991 წლის 5 დეკემბერის თარიღით განმეორებით გაცემული #... დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ მასში მისი გვარი ყოველგვარი გადასწორების გარეშე ფიქსირებულია როგორც „ც-ი“. ამასთან მისი მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. „ც-ი“, დედა - ს. „ც-ი;“
3. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პასპორტის განცხადება-ანკეტის მიხედვით, დადგენილია, რომ სსრკ პასპორტი გაცემულია ბ. „ც-ზე“;
4. ...ს ...ს განყოფილების მიერ მოსარჩელე ლ. ც-ის მამასთან მიმართებით 1990 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ გარდაიცვალა ბ. „ც-ი“;
5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულია ლ. „ც-ზე“.
სააპელაციო პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიებულებებზე, რომლითაც, ასევე, დგინდებოდა, რომ:
1. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 27 იანვარს გაცემული #... საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სახელი მითითებულია - ლ., გვარი - „ც-ი“, მამის სახელი - ბ.;
2. 2012 წლის 14 იანვარს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული უცხოეთის მცხოვრებ თანამემამულის მოწმობაში მითითებულია ც-ი ლ., პ/ნ ...;
3. ლ. ც-ის შვილის - გ. კ-ას დაბადების მოწმობაში, რომელიც გაცემულია სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 11 თებერვალს, დედის გრაფაში მითითებულია ლ. ც-ი;
4. საქმეში მტკიცებულებათა სახით წარმოდგენილია არაერთი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, მათ შორის, განათლების მოწმობები, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომი, შრომის წიგნაკი, ანდერძი და ა.შ., რაც მოსარჩელესთან მიმართებით გაცემულია გვარზე - „ც-ი“.
სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ლ. ც-ზე (პ/ნ ...) 2022 წლის 22 ნოემბრის წინარე პერიოდში გაცემული იყო საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სადაც მის გვარად მითითებული იყო „ც-ი“.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რამ წარმოშვა წინამდებარე დავის წარმოების აუცილებლობა, მოსარჩელე ლ. ც-ის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ მისი მარწმუნებელი ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და აწესრიგებს ბინადრობის საკითხთან დაკავშირებულ საკითხებს, რა მიზნითაც კომპეტენტური ორგანოს მიერ მოეთხოვა დაბადების განახლებული მოწმობის წარდგენა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით. შესაბამისად, მან დაბადების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მაგრამ მას უარი ეთქვა გვარით „ც-ი“ დაბადების მოწმობის გაცემაზე, უარის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მისი გვარი იყო არა „ც-ი“ არამედ - „ც-ი“, რაც მისთვის აღმოჩნდა სავსებით მოულოდნელი, რადგან იგი მთელი სიცოცხლის ბანძილზე ბავშობიდან-ხანდაზმულობის ასაკამდე თვლიდა და მიიჩნევდა, რომ მისი ნამდვილი გვარი იყო „ც-ი“.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რამ წარმოშვა წინამდებარე დავის წარმოების აუცილებლობა, მოსარჩელე ლ. ც-ის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ მისი მარწმუნებელი ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და აწესრიგებს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა მიზნითაც კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა დაბადების განახლებული მოწმობის წარდგენა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით. შესაბამისად, მან დაბადების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, თუმცა მას უარი ეთქვა გვარით „ც-ი“ დაბადების მოწმობის გაცემაზე. უარის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მისი გვარი იყო არა „ც-ი“, არამედ - „ც-ი“, რაც მისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი, რამდენადაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე - ბავშობიდან ხანდაზმულობის ასაკამდე, თვლიდა და მიიჩნევდა, რომ მისი ნამდვილი გვარი იყო „ც-ი“.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოხსენებული დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი და.ა.შ.) გაცემული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და იყო აღმჭურველი ბუნების, შესაბამისად, მათ მიმართ სრული მოცულობით ვრცელდებოდა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის მიმართ. შესაბამისად, სადავო აქტებით დარღვეულ იქნა როგორც ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მოთხოვნები, ასევე, ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კერძო პირის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველ ეგზემლარში მისი და მისი მშობლების გვარად მითითებულია „ც-ი“, ანალოგიურადაა ასეთი დაფიქსირებული დაბადების მოწმობაში, რის საფუძველზეც, მოსარჩელემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. სახელდობრ, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ ბავშვობიდან წინამდებარე საქმის განხილვის პერიოდამდე ... წლის ... ...ს გაცემული #X-TИ ... დაბადების მოწმობის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო არა მხოლოდ მისი, არამედ შვილის უფლებადამდგენი დოკუმენტები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორთა განმარტებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ აღმჭურველ აქტებს, რომელთა მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციები. კასატორთა მითითებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, რომლებშიც გვარად მითითებული იყო „ც-ი“, თუმცა საქმეში, ასევე, წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელის გვარია „ც-ი“. შესაბამისად, კასატორებისთვის გაუგებარია სასამართლოს განმარტება დოკუმენტების მიმართ კანონიერ ნდობაზე, ვინაიდან მის მიერ ხსენებული მტკიცებულებებიც, ასევე, გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლებსაც იგივენაირად, უფრო მეტადაც კი აქვს მტკიცებულებითი ძალა. კასატორებისათვის გაურკვეველია, რატომ არ უშვებს სასამართლო იმ ფაქტს, რომ ამ დოკუმენტების მიმართაც შეიძლება არსებობდეს კანონიერი ნდობა და რატომ ამყარებს გადაწყვეტილებას მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტებით, რომლებშიც მოსარჩელის სასურველი გვარია მითითებული.
კასატორები მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტსა და 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და არ იზიარებენ სასამართლოს პოზიციას, რომ მოსარჩელე ყველა დოკუმენტს ფლობს გვარით „ც-ი“, რაც შეიძლება იყოს აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორთა განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ლ. ც-ის მამის - ბ. ც-ის და მისი დედმამიშვილების დაბადების აქტის #53, #24, #26 და #33 ჩანაწერებით ლ. ც-ის კანონიერი გვარია „ც-ი“. სასამართლოს მიდგომის გათვალისწინების შემთხვევაში კი, ამ აქტების მიმართაც მოქმედებს კანონიერი ნდობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
კასატორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და მის დაბადების მოწმობში მისი და მშობლების გვარი - ც-ი შესწორდება გვარით ც-ი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა ეხება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გვარის შესწორებას და არა დაბადების მოწმობაში, როგორც ამას სასამართლო ავალებს. პირველ რიგში, შეუძლებელია სააგენტომ დაბადების მოწმობაში შეიტანოს შესწორება, იგი უნდა განხორციელდეს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, რომლის საფუძველზეც გაიცემა დაბადების მოწმობა აქტში მითითებული მონაცემის შესაბამისად. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მოსარჩელეს, არამედ მესამე პირებს, კერძოდ, მოსარჩელის მშობლებს. თუმცა თუკი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მშობლების გვარი შესწორდა, გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება მოსარჩელის დედმამიშვილებზე, ვინაიდან მშობლებად მათი აქტის ჩანაწერებში ერთი და იგივე პირები ფიქსირდებიან და სამოქალაქო აქტის ჩანაწერებიც შესაბამისობაში იქნება მოსაყვანი. შესაბამისად, ვინაიდან ლ. ც-ის დედმამიშვილებისა და მამის - ბ. ც-ის დაბადების აქტის #53, #24, #26 და #33 ჩანაწერებით ლ. ც-ის მშობლების ქორწინების აქტის #30 ჩანაწერით დგინდება, რომ მათი კანონიერი გვარია „ც-ი“ და აღნიშნული გვარი ამ პირებს სადავოდ არ გაუხდიათ, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. კასატორთა მითითებით, აღნიშნულზე არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ლ. ც-ი ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ესაჭიროება განახლებული დაბადების მოწმობა, რომელშიც მის გვარად მითითებული იქნება „ც-ი“, კასატორები განმარტავენ, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. ამავე მე-2 პუნქტის თანახმად კი, გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
შესაბამისად, კასატორები აღნიშნავენ, რომ პირის უფლების დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს სწორედ გვარის კანონიერად აღიარებით და არა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის გზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები კი ადგენს, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის #18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე“, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე, პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამავე წესის 59-ე მუხლების პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით. მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განსახილველ საქმეზე შესაფასებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი საკითხების იდენტიფიცირებას. საგულისხმოა, რომ მოცემული დავა შეეხება მოსარჩელე ლ. ც-ის ნამდვილი გვარის გამორკვევას, უფრო კონკრეტულად, დაბადების აქტის ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარებს, ასევე, მოსარჩელის სახელზე გაცემულ სხვადასხვა დოკუმენტებს შორის არსებული განსხვავების („ც-ი“ – „ც-ი“) პირობებში, იმის დადგენას, თუ რომელი გვარი უნდა იქნეს ასახული ლ. ც-ის დაბადების აქტის ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში. სადავო საკითხის შეფასებამდე, არსებითია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერის წარმოების მიზნებისათვის, ახალშობილის გვარის განსაზღვრა სწორედ მშობლის გვარის საფუძველზე ხდებოდა. შესაბამისად, მართალია, ლ. ც-ი ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის უშუალოდ მისი დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის დავალებასა და შეცვლილი მონაცემების საფუძველზე, მის სახელზე ახალი დაბადების მოწმობის გაცემას, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშობლისაგან გადაცემული გვარის ნამდვილობის შეფასება პარალელურად უშუალოდ მშობლის გვარის გამორკვევის საჭიროებასაც გულისხმობს, რამდენადაც აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, იმის განსაზღვრა, თუ რა გვარის მატარებელია კონკრეტული პირი, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ც-ი ითხოვს დაბადების აქტის ჩანაწერში არა მხოლოდ მისი, არამედ, ასევე, თავისი მშობლების გვარის კორექტირებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტის მიზნებისათვის, ლ. ც-ის ნამდვილი გვარის გამორკვევის კონტექსტში დგას პარალელურად მისი მშობლების გვარის დადგენის საჭიროების წინაშე.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
1. ქუთაისის ...ს განყოფილების მიერ 1961 წლის 28 აპრილს რეგისტრირებული #... აქტის ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში მითითებულია, რომ დაიბადა ლ. „ც-ი“. მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. „ც-ი“. დედა - ს. „ც-ი“; ბავშვის და მშობლების გვარში ფიქსირდება გადასწორება. მეორე ეგზემპლარში ბავშვის და მშობლების გვარი გადასწორების გარეშეა მითითებული „ც-ი“;
2. ქუთაისის ...ს განყოფილების არქივის მიერ 1991 წლის 5 დეკემბერის თარიღით განმეორებით გაცემული #... დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ მასში მისი გვარი ყოველგვარი გადასწორების გარეშე ფიქსირებულია როგორც „ც-ი“. ამასთან მისი მშობლების გრაფაში მითითებულია: მამა - ბ. „ც-ი“, დედა - ს. „ც-ი“;
3. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პასპორტის განცხადება-ანკეტის მიხედვით დადგენილია, რომ სსრკ პასპორტი გაცემულია ბ. „ც-ზე“;
4. ...ს ...ს განყოფილების მიერ მოსარჩელე ლ. ც-ის მამასთან მიმართებით 1990 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ გარდაიცვალა ბ. „ც-ი“;
5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულია ლ. „ც-ზე“.
საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგენილია, რომ:
1. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 27 იანვარს გაცემული #... საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სახელი მითითებულია - ლ., გვარი - „ც-ი“, მამის სახელი - ბ..
2. 2012 წლის 14 იანვარს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული უცხოეთის მცხოვრებ თანამემამულის მოწმობაში მითითებულია ც-ი ლ., პ/ნ ...;
3. ლ. ც-ის შვილის - გ. კ-ას დაბადების მოწმობაში, რომელიც გაცემულია სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ... წლის ... ...ს, დედის გრაფაში მითითებულია ლ. ც-ი;
4. საქმეში მტკიცებულებათა სახით წარმოდგენილია არაერთი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, მათ შორის, განათლების მოწმობები, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომი, შრომის წიგნაკი, ანდერძი და ა.შ., რომლებიც მოსარჩელესთან მიმართებით გაცემულია გვარზე - „ც-ი.“
ზემოხსენებულთან ერთად, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილ იქნა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ლ. ც-ზე (პ/ნ ...) 2022 წლის 22 ნოემბრის წინარე პერიოდში გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, (პასპორტის ნომერი: ...), სადაც მისი გვარი მითითებულია „ც-ი“.
საკასაციო სასამართლო, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ც-ის მშობლების ქორწინების მოწმობაში მამის გვარი მითითებულია „ც-ის“ სახით, ასეთივე სახითაა მამის მხრიდან ნათესავების (დედმამშვილები) დაბადების მოწმობებში ფიქსირებული გვარიც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად იზიარებს სააპელაციო პალატის დაშვებას, რომ შესაძლოა მოსარჩელის გვარი რეალურად „ც-ი“ იყოს.
მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ სხვადასხვა მტკიცებულებებში სხვადასხვა გვარის ასახვა არ აძლევს საკასაციო სასამართლოს ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის რეალური გვარი უტყუარად „ც-ია“. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ „ც-ის“ გვარზე გაცემულ მტკიცებულებათა პროპორცია „ც-ის“ გვარზე გაცემულ მტკიცებულებებთან მიმართებით არის თითქმის იდენტური, კერძოდ, ერთ რომელიმე განსხვავებულ გვარზე არ არის გაცემული ერთი ან ორი დოკუმენტი, არამედ თითოეული გვარის მითითებით საქმეში წარმოდგენილია საკმაო რაოდენობის მტკიცებულება, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, თუ რომელია მოსარჩელის ნამდვილი გვარი - „ც-ი“ თუ „ც-ი“. არსებულ მდგომარეობას დამატებით ბუნდოვანებას სძენს ის ფაქტიც, რომ ლ. ც-ის სახელზე გაცემულია დაბადების აქტის ჩანაწერის ორი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთში (პირველ ეგზემპლარი) მისი და მისი მშობლების გვარად მითითებულია „ც-ი“, ხოლო მეორეში (მეორე ეგზემპლარი) – „ც-ი“. თავის მხრივ, გაურკვევლობაა მოსარჩელის მამის - ბ. ც-ის შემთხვევაშიც, რამდენადაც, მაგალითად, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პასპორტის განცხადება-ანკეტის მიხედვით, დადგენილია, რომ სსრკ პასპორტი გაცემულია ბ. „ც-ზე“. ასევე, ...ს ...ს განყოფილების მიერ მოსარჩელე ლ. ც-ის მამასთან მიმართებით 1990 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ გარდაიცვალა ბ. „ც-ი“. ასევე, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გაცემული გარდაცვალების #... მოწმობის თანახმად: 1990 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა ბ. ც-ი, დაბადების თარიღი ... წელი ... ...ი. თუმცა, პარალელურად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ლ. ც-ის მშობლების ქორწინების მოწმობაში მამის გვარი მითითებულია „ც-ის“ სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა მოსარჩელის რეალური გვარის ცალსახა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შორის არსებული განსხვავებები და განსაკუთრებით, დაბადების აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარს შორის მონაცემთა სხვაობა ფაქტობრივად გამორიცხავს უტყუარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საფუძვლად არ დასდებია ლ. ც-ის რეალური გვარის დადგენა. სააპელაციო პალატის მიერ შეცვლილი დასაბუთების მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილება აიხსნა გაცემულ დოკუმენტთა მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობით, რომლის საფუძველზეც, საბოლოოდ „ც-ის“ გვარით არსებული ვითარების შენარჩუნებას მიენიჭა უპირატესობა. საგულისხმოა, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალებული აქვს ლ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ, დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა და როგორც თავად მოსარჩელის, ასევე, მისი მშობლების გვარის „ც-ით“ შესწორება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააქტო ჩანაწერის სისწორის მნიშვნელობა და მასში რეალური მონაცემების ასახვის საჭიროება არაერთგზის განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოსამართლო პრაქტიკით. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის #ბს-390(კ-21) განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.“
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მშობლების გვარისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელია მოსარჩელის გვარის შესწორებისა და მისი დაბადების აქტის ჩანაწერის მონაცემთა კორექტირების საკითხის შეფასება, რამდენადაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხსენებულ საკითხთა გამორკვევა ერთმანეთთან მჭიდრო ბმაშია. ამასთან, საგულისხმოა თავად კასატორის შეფასება, რომ შესწორება ზეგავლენას ახდენს მოსარჩელე ლ. ც-ის მშობლებისა და შედეგად, მისი დედმამიშვილების დაბადების აქტის ჩანაწერებზე. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, ვინაიდან პალატას არ აქვს შეფასებული ლ. ც-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მისი და მისი მშობლების გვარის შესწორებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გავლენა მის დედმამიშვილებზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დატოვებული შედეგის შენარჩუნება აჩენს სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა თუ ინტერესების შელახვის საფრთხეს.
თუმცა საკასაციო სასამართლო აქვე ადასტურებს, რომ ლ. ც-ს ნამდვილად აქვს მის მიმართ არსებული ჩანაწერებისა თუ მათ საფუძველზე გაცემული დოკუმენტების მოწესრიგების, სისრულეში მოყვანის პატივსადები, კანონიერი ინტერესი. თანამედროვე სამყაროში პირის მიმართ გაცემული დოკუმენტების სანდოობასა და სიზუსტეს აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, დოკუმენტური ხარვეზები აფერხებს წვდომას მრავალ სერვისსა თუ მომსახურებაზე, ხელს უშლის სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით განმტკიცებული უფლებებით აღჭურვილ პირს ამ უფლებათა სრულყოფილ რეალიზაციაში.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ლ. ც-ის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ლ. ც-ი ამჟამად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში და აწესრიგებს ბინადრობის საკითხთან მიმართებით უფლების მოპოვებას, რა მიზნითაც კომპეტენტური ორგანოს მიერ მოეთხოვა დაბადების განახლებული მოწმობის წარდგენა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული სახით. შესაბამისად, მან დაბადების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მაგრამ მას უარი ეთქვა გვარით - „ც-ი“ დაბადების მოწმობის გაცემაზე. უარის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მისი გვარი იყო არა „ც-ი“, არამედ „ც-ი“, რაც მისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი, რამდენადაც იგი მთელი სიცოცხლის ბანძილზე ბავშობიდან-ხანდაზმულობის ასაკამდე, მიიჩნევდა, რომ მისი ნამდვილი გვარი იყო „ც-ი“.
შესაბამისად, მართალია, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ლ. ც-ის დაინტერესება მისი გვარის „ც-ით“ განსაზღვრის თაობაზე არის ლეგიტიმური, თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ცალმხრივ შეფასებას, რომ ლ. ც-ის სახელზე გაცემული დოკუმენტების მიმართ მისი კანონიერი ნდობის არსებობა ქმნიდა დაბადების აქტის ჩანაწერში მისი და მისი მშობლების გვარის ნაწილში შესწორების შეტანის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც აღნიშნულმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ლ. ც-ის დედმამიშვილების სამართლებრივ მდგომარეობაზე, სადავო ვითარების შეფასება საჭიროებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევა-შეფასებასა და სადავო სამართალურთიერთობის კომპლექსურ, კუმულაციურ გადაწყვეტას, საკითხისადმი განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომას. თუმცა საკასაციო სასამართლო პარალელურად მიიჩნევს, რომ რამდენადაც ლ. ც-ის სახელზე გაცემულ და ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ დოკუმენტებში აქტიურად ფიგურირებს ორივე გვარი, მათ შორის, დაბადების აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარშიც განსხვავებული გვარებია მითითებული, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება მოსარჩელის ნამდვილი, იურიდიული ინტერესის უგულებელყოფითა და მარტოოდენ გვარის სისწორეზე აქცენტირებით ეთქვა უარი ლ. ც-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მოსარჩელის რეალურ გვართან მიმართებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ წარმოებაში მოეწვია ლ. ც-ის დედმამიშვილები და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრები, შედეგად, მათი ჩართულობითა და ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ საარქივო მასალებში დაცულ დოკუმენტებთან ერთობლიობაში, დაედგინა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების რეალური გვარი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში არ მიუღია მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ლ. ც-ის მოთხოვნაზე (დაბადების აქტის ჩანაწერში გვარის შესწორების შესახებ) უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... და 2021 წლის 9 სექტემბრის #... გადაწყვეტილებების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, ასევე, მოპასუხისათვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ლ. ც-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირებად უნდა მოიწვიოს ლ. ც-ის დედმამიშვილები, გამოარკვიოს ოჯახის წევრთა რეალური გვარი და მოსარჩელის ინტერესის მხედველობაში მიღებით, იმსჯელოს ლ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივაზე, ასეთი პერსპექტივის არარსებობის პირობებში კი, განსაზღვროს მოსარჩელის მიზნის მიღწევის ალტერნატიული სამართლებრივი შესაძლებლობები.
ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვის პროცესში, არსებითია დამატებით შეფასება მიეცეს ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას ლ. ც-თან მიმართებით, რა დროსაც მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად არსებობს დასახელებული ნორმის სადავო შემთხვევისადმი მისადაგების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და რამდენად აკმაყოფილებს და მიესადაგება აღნიშნული ნორმის გამოყენებით მიღწევადი სამართლებრივი შედეგები მოსარჩელე ლ. ც-ის კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ც-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ. ც-ის მოთხოვნაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ. ც-ის მოთხოვნაზე (დაბადების აქტის ჩანაწერში გვარის შესწორების შესახებ) უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... და 2021 წლის 9 სექტემბრის #... გადაწყვეტილებები და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელე ლ. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ლ. ც-ის მოთხოვნაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ლ. ც-ის მოთხოვნაზე (დაბადების აქტის ჩანაწერში გვარის შესწორების შესახებ) უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 6 სექტემბრის #... და 2021 წლის 9 სექტემბრის #... გადაწყვეტილებები და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელე ლ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა