Facebook Twitter
საქმე №ბს-1279(კ-22) 27 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ.ჭ-ე ( პ.გ-ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ნ.ბ-ე, მ.პ-ი, ო.ც-ი, ა.ც-ი, ქ.გ-ი, ნა.ბ-ე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 22 ოქტომბერს პ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ.ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერის, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქალაქ ხაშურში ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი სადავო ჩიხის ნაწილში (კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად ცნობა და 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში განხორციელებული სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა უძრავი ქონების (ს/კ ...) მისასვლელი გზის ნაწილის რეგისტრაციის გაუქმებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2019 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მისასვლელი ჩიხი ...ის ქუჩაზე არსებობს ქალაქის ტერიტორიის განაშენიანების დღიდან, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ-აღრიცხვის მასალებში დაცული 1973 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათით. აღნიშნული ჩიხით 2019 წლის თებერვლამდე სარგებლობდნენ მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები: ლ-ები, გ-ები და ც-ები. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ჩიხის კერძო საკუთრებაში გადასვლის კანონიერებას. საერთო სარგებლობაში არსებული საზოგადოებრივი გზა-ჩიხი თვითნებურად იქნა მითვისებული. მოცემული მიწის ფართი რომ ნამდვილად ჩიხს წარმოადგენდა დასტურდება მათ შორის იმით, რომ პ.გ-ის ეზოს ღობეს ამ ტერიტორიის მხარეს აქვს კარი ჩაყოლებული. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ჩიხის არსებობის შესახებ ცნობილი იყო სადავო ქონების შემძენი ყველა მესაკუთრისთვის.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ.ბ-ის საპროცესო სტატუსი შეიცვალა და იგი მოპასუხის ნაცვლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ო.ც-ი, მ.პ-ი, ქ.გ-ი, ა.ც-ი, ნა.ბ-ე და ხაშურის მუნიციპალიტეტი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით პ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერი, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქ. ხაშურში ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი სადავო ჩიხის ნაწილში (კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში (მიწის, უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათში, საკადასტრო კოდი ...) განხორციელებული ჩანაწერი, სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში (ს.ფ. 20-ზე არსებული ნახაზის შესაბამისად) ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნია, რომ 1973 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ხაშურში, ...ის ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ე.ც-ი, მისი უფლება დასტურდება 1967 წლის 31 მაისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით. ამ ბარათზე არსებული ნახაზის მიხედვით, ე.ც-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ჩიხი. საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ კედლიდან ამავე სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მანძილია 0,5მ.
1984 წელს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ე.ც-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთ მხრიდან ჩიხის ნაცვლად ესაზღვრება ლ-ა. საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ კედლიდან ამავე სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრამდე (ლ-ების კუთვნილ ნაკვეთამდე) მანძილი არის 5,2მ (ნაცვლად 1973 წლის ბარათში დაფიქსირებული 0,5მ-ისა). მსგავსი ნახაზია მოცემული 1988 წელს შედგენილ ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე. სააღრიცხვო მასალებში არ არის რაიმე დოკუმენტი ან რაიმე ჩანაწერი, რომელიც მუთითებდა თუ რა დაედო საფუძვლად ე.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრის აღმოსავლეთ მხარეს გადაწევას ჩიხის ფართობის ხარჯზე.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგისტრატორის მიერ 2002 წლის 19 ივნისს შედგენილია სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც განხორციელებული ჩანაწერით ქ. ხაშურში მდებარე 1130 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა გარდაცვლილი ე.ც-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო ნომერი ...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, ცნობა დახასიათებაზე დართულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე სადავო ჩიხი მოქცეულია ე.ც-ის კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში. იმავე სააღრიცხვო ბარათზე 2002 წლის 3 ივლისს გაკეთებული ჩანაწერით უძრავ ქონებაზე, 2002 წლის 20 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ო.ც-ის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, 2012 წლის 31 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ.პ-ის საკუთრების უფლება. ამავე ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ო.ც-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო ნომერი ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ქ.გ-ის საკუთრების უფლება. ამავე ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ა.ც-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ნა.ბ-ის საკუთრების უფლება. ამავე ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ნ.ბ-ის საკუთრების უფლება, რომელიც ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა.
2019 წლის 8 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა პ.გ-ის წარმომადგენელმა გ.ღ-მა და მიუთითა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ხაშურში მდებარე უძრავი ქონება - საკადასტრო ნომერი .... ამ ნაკვეთს ჰქონდა დამოუკიდებელი მისასვლელი გზა (საერთო ჩიხი) ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩიდან. ნ.ბ-ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება (საკადასტრო ნომერი ...), რომელმაც მოახდინა ჩიხის რეგისტრაცია და დაუკეთა გასასვლელი, ააგო ლითონის ღობე, რითაც მოესპო ...ის ქუჩაზე გასვლის საშუალება. პ.გ-მა მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება სადავო ჩიხის ნაწილში. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც პ.გ-ის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება პ.გ-ის განცხადებაზე.
საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ტექნიკური აღრიცხვის ბარათებით და მასზე დართული დოკუმენტაციით, სიტუაციური ნახაზით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან თანდართული საკადასტრო ნახაზებით და ასევე, სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე პ.გ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და 338 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო ნომერი ... აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ჩრდილოეთ მხარეს, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩას უკავშირდებოდა ჩიხით. ამ ჩიხს აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრებოდა ნ. ლ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი - საკადასტრო ნომერი ..., ხოლო დასავლეთ მხარეს ე.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად ნ.ბ-ის საკუთრებაა - საკადასტრო ნომერი ... 1984 წლამდე არსებულ ტექნიკური არღიცხვის ბარათებში ორივე მიწის ნაკვეთს (... და ...) მოცემულ მხარეს უწერია ჩიხი. ლ-ას კუთვნილი ნაკვეთის ტექნიკურ ბარათში უკანასკნელ პერიოდამდე ჩიხია მითითებული, ხოლო ე.ც-ის (ამჟამად ნ.ბ-ის) კუთვნილი ნაკვეთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათებში 1984 წლიდან ჩიხი აღარ არის და ეს ფართი გაერთიანებულია ც-ის კუთვნილ ნაკვეთთან. 2019 წლის თებერვლამდე, მანამ, სანამ მესამე პირმა ჩაკეტა გასასვლელი, ამ ჩიხით სარგებლობდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მეზობლები. წარმოდგენილი სურათებით და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე პ.გ-ის კუთვნილ ღობეზეც და სადავო ტერიტორიის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ნაკვეთის ღობეზეც დატანილია კარები, რომლებიც გამოდის სადავო ჩიხის მხარეს. პ.გ-ის მხარეს დატანილი კარი ამ ეტაპზე დაფარულია ნ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვარზე გაკეთებული თუნუქის ღობით.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 1984 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერი, რომლითაც სადავო ჩიხი მოქცეულია ე.ც-ის კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში, კანონს ეწინააღმდეგება და არღვევს მოსარჩელის ინტერესებს. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ჩანაწერს საფუძვლად არ დასდებია უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, საკუთრების უფლების წარმოშობას საფუძვლად უნდა დადებოდა შესაბამისი გარიგება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. ასეთი საქმეზე არ არსებობდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ჩიხს (გასასვლელს ...ის, ყოფილი ...ის ქუჩაზე). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო ჩანაწერი უკანონო იყო, ლახავდა პ.გ-ის კანონიერ უფლებას ესარგებლა საერთო გზასთან დამაკავშირებელი გასასვლელით და უნდა გაბათილებულიყო.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში (სააღრიცხვო ბარათში) 2002 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ჩანაწერს, რომლითაც სადავო ჩიხზე დარეგისტრირდა გარდაცვლილი ე.ც-ის საკუთრების უფლება, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კერძოდ, ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვითაც, ქონება (მათ შორის სადავო ჩიხი) აღრიცხული იყო ე.ც-ის სახელზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ გასაჩივრებული აქტი (სააღრიცხვო ბარათში განხორციელებული ჩანაწერი) არ იქნა მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე.
სასამართლოს მითითებით, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის (მოქმედებდა 2006 წლამდე) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენ. ნაწილი და მოიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარების შესახებ. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მიხედვით, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.
სასამართლოს მითითებით, 2002 წლის 19 ივნისს რეგისტრაციის განხორციელებისას რეგისტრატორმა არ დაიცვა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, არასწორად დაადგინა საკუთრების უფლება სადავო მიწაზე და მისი საზღვრები. მოცემულ შემთხვევაში ე.ც-ის საკუთრება დარეგისტრირდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე, თუმცა მას არ ერთვოდა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ჩიხის ე.ც-ის სახელზე აღრიცხვის მართლზომიერებას. როგორც სასამართლომ დაადგინა, აღრიცხვა მოხდა კანონიერი საფუძვლის გარეშე, რაც ექვემდებარებოდა გამოკვლევას. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრების დაფიქსირება ხდებოდა მოსაზღვრე მხარეების შეთანხმების შემდეგ. რომ მომხდარიყო მოსაზღვრეთა გამოკითხვა და მათი ნების გამოკვლევა, ადგილზე დათვალიერება, რეგისტრატორს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნაკვეთი ფაქტობრივად წარმოადგენდა ჩიხს, რომლითაც სარგებლობდა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოცემული არასწორი რეგისტრაციით დაირღვა პ.გ-ის კანონიერი უფლება. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის 19 ივნისს რეგისტრაცია განხორციელდა ისე, რომ საკადასტრო აღწერის შედეგები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) არ იყო წარდგენილი WGS 84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში, შედგენილი მიწის ნაკვეთის გეგმით აშკარად დგინდებოდა სადავო მიწის ფართის (ჩიხის) ე.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში მოქცევის ფაქტი (მხედველობაშია მისაღები, რომ ნახაზზე ჰორიზონტის მხარეები არასწორადაა მოცემული - ჩრდილოეთი მხარე მოქცეულია ქვემოთ, ხოლო სამხრეთი ზემოთ). ამდენად, 2002 წლის 19 ივნისის სააღრიცხვო ჩანაწერი არის ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ხელყოფდა პ.გ-ის კანონიერ ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის დადგენილი წესის არსებითი დარღვევით და ამის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ნ.ბ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 იანვრის განჩინებით დ.ჭ-ე ცნობილ იქნა გარდაცვლილი პ.გ-ის უფლებამონაცვლედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; დაკმაყოფილდა ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა პ.გ-ის უფლებამონაცვლის - დ.ჭ-ის შემდეგი სასარჩელო მოთხოვნები: ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერის, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ნაკვეთი სადავო ჩიხის ნაწილში (კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე; ასევე 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში (მიწის, უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათში, საკადასტრო კოდი ...) განხორციელებული ჩანაწერის, სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში (ს.ფ. 20-ზე არსებული ნახაზის შესაბამისად) ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერი უკანონო და ბათილი იყო იმის გამო, რომ „1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, საკუთრების უფლების წარმოშობას საფუძვლად უნდა დადებოდა შესაბამისი გარიგება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. ასეთი საქმეზე არ არსებობს“. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 1984 წლისთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მიწის ნაკვეთი არ შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური პირის საკუთრებაში და ის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს განსაკუთრებულ საკუთრებას წარმოადგენდა. ამის თაობაზე პირდაპირ იყო მითითებული საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 93-ე მუხლში, რომლის მესამე ნაწილის თანახმად, მიწა, მისი წიაღი, წყლები და ტყეები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს, შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ სარგებლობისათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასეთივე ჩანაწერი იყო მითითებული საქართველოს სსრ მიწის კოდექსშიც (1971 წლის რედაქცია), რომლის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად კი საქართველოს სს რესპუბლიკაში მიწა სარგებლობისათვის მიეცემა სსსრ-ის კავშირის მოქალაქეებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი რეგულირების პირობებში სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვინაიდან იმ დროისათვის მიწა არ შეიძლება ყოფილიყო ფიზიკური პირის საკუთრებაში, ამიტომ ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერში სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ იქნებოდა მითითებული საკუთრების უფლების წარმოშობის რაიმე საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული სააღრიცხვო-სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქ. ხაშურში, ყოფილი ...ის №42-ში (ასევე ...ის ქ. №41, №48-ში), ამჟამინდელი ...ის №42-ში არსებულ სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ ე.ნ-ის ასული ც-ის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის განხორციელებული ყველა ტრანზაქცია და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო მასალები, მათ შორის 1984 წლის მდგომარეობით; ამასთან, მომიჯნავე და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი და ინფორმაცია.
ამავე განჩინებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული სააღრიცხვო-სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქ. ხაშურში, ყოფილი ...ის №42-ში (ასევე ...ის ქ. №41, №48-ში), ამჟამინდელი ...ის №42-ში არსებულ სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ ე.ნ-ის ასული ც-ის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის განხორციელებული ყველა ტრანზაქცია და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო მასალები, მათ შორის 1984 წლის მდგომარეობით; ამასთან, მომიჯნავე და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი და ინფორმაცია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 ივნისის №84-8422171116 წერილში მითითებული იქნა შემდეგი: „მოგეხსენებათ 2022 წლის 23 მაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაგვევალა დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული სააღრიცხვო-სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქ. ხაშურში ყოფილი ...ის ქ. №42-ში (ასევე ...ის №41, 48) ამჟამინდელი ...ის ქ. №42-ში არსებული სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ ე.ნ-ის ასული ც-ის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის განხორციელებული ყველა ტრანზაქცია და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო მასალები, მათ შორის 1984 წლის მდგომარეობით, ამასთან მომიჯნავე და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ყველა ჩანაწერი და ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, მერიის მიერ სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ ხაშურის რეგიონალური არქივიდან დამატებით გამოთხოვილ იქნა გადასახადის გადამხდელთა სიებიდან ა. გ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ მისამართზე სავარაუდი საძიებო წლებით 1962-1965 და მათ ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 13 ივნისს ხაშურის რეგიონალური არქივიდან №69/29487 წერილით გვეცნობა, ხაშურის რაიონის საფინანსო განყოფილების 1960-1962, 1963-1965, 1964 წლებით დათარიღებული საგადასახადო აღრიცხვის წიგნების ჩანაწერების ქსეროასლებით ა. გ-ის ქონების გადასახადების გადამხდელად არსებობის შესახებ. შესაბამისად, გიგზავნით ზემოაღნიშნულ მოწოდებულ დოკუმენტაციას. დანართი: დოკუმენტაცია 04 ფურცლად.“
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... წერილში კი აღნიშნული იქნა შემდეგი: „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი თქვენი 3ბ/2144-20 (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერია ..., თარიღი - 03.06.2022 წელი) მომართვის პასუხად გიგზავნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით (საქმე №3ბ/2144-20, საქმე N...; 23.05.2022) მოთხოვნილი დოკუმენტების ასლებს (იხ. დანართი)“. თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილი დანართი რეგისტრირებულია 91 ფურცლად.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეაფასა ზემოხსენებული დოკუმენტები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ქ.ხაშურში, ...ის ჩიხი №42-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო დოკუმენტაციის (დედნის) მასალებთან ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ვინაიდან ე.ც-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის და რეგისტრაციის სიყალბის დამადასტურებელი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს დასკვნა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, ამიტომ არ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონება ე.ც-ის გარდაცვალების შემდეგ 2002 წლის 20 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ო.ც-ის სახელზე; ზემოაღნიშნულ სადავო უძრავ ქონებაზე, 2002 წლის დეკემბერში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ.პ-ის საკუთრების უფლება; ამავე ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ო.ც-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო ნომერი .... ნაკვეთის წინა ნომერი ...); იმავე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ქ.გ-ის საკუთრების უფლება; ამავე ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ა.ც-ის საკუთრების უფლება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი იმავე უძრავ ქონებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ნა.ბ-ის საკუთრების უფლება. ამავე ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ნ.ბ-ის საკუთრების უფლება, რომელიც ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში გაიზიარა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განმარტება იმის შესახებ, საკანონმდებლო დაცვის უფლებით აღჭურვილია ის პირი, ვინც საკუთრების უფლება შეიძინა კეთილსინდისიერად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და რომლის სამართლებრივი შედეგებიც დღემდე კანონიერ ძალაშია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი მიიჩნევა აღნიშნულ ნივთზე უფლებამოსილ პირად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფის და ბრუნვის მონაწილეების ინტერესების დაცვის მიზნით. კეთილსინდისიერად არ მიიჩნევა შემძენი, თუ მისთვის ცნობილია ისეთი გარემოებები, რომლებიც ბრუნვის მონაწილეს ეჭვს აღუძრავდა უფლების ნამდვილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოქმედებს წინდახედულობის გონივრული მასშტაბი: შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოებების ცოდნა, რომელიც სცილდება მისი შესაძლებლობის ფარგლებს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება, საქმე №ბს-1233(კ-19); 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე №ას-189-182-2013).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ 2002 წლის 19 ივნისს რეგისტრაციის განხორციელებისას რეგისტრატორმა თითქოს არ დაიცვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების მოთხოვნები, თითქოს არასწორად დაადგინა საკუთრების უფლება სადავო მიწაზე და მისი საზღვრები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტი, კერძოდ 1984 წელს შესრულებული ტექნიკური აღრიცხვის ბარათი და საინვენტარიზაციო გეგმა, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების დადგენა, როგორიცაა ფართობი, კონფიგურაცია, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები და ა.შ, შესაბამისად, აღნიშნული იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოთხოვნილი ტერიტორია წარმოადგენდა ე.ც-ის საკუთრებას, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს მოვალეობას ამ შემთხვევაში წარმოადგენდა გადამოწმება - არსებობდა თუ არა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება კონკრეტულ შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რამდენდაც სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ გამოვლენილა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, რეგისტრაციის შესახებ №692002000426 (19.06.2002) მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება კანონშესაბამისი იყო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული ინფორმაცია წარმოშობდა აწ. გარდაცვლილი ე.ც-ის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის ნორმა კეთილსინდისიერ შემძენთან დაკავშირებით. კასატორის მტკიცებით, ნ.ბ-ემ და მისი ოჯახის წევრებმა იცოდნენ მიწის ნაკვეთის სადავოობის შესახებ და სწორედ ამ მოტივით მოითხოვეს პირვანდელი მესაკუთრისგან გამყოფი ღობის აღმართვა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სწორედ ღობის აღმართვის შემდგომ, ასევე, უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვამდე ღობის აღმართვის საფასური, მათ შორის, ხელოსნებისა და სამშენებლო მასალების ღირებულება დაფარა სწორედ ნ.ბ-ის ოჯახმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ქონების ღირებულების გადახდა, რის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც წარმოადგენდა კასატორი. აღნიშნულის მიზეზი გახდა აწ გარდაცვლილი პ.გ-ის წინააღმდეგობა და დასაბუთებული განმარტება, რომლითაც ნ.ბ-ის ოჯახი დარწმუნდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩიხი ე.ც-ის საკუთრებაში უკანონოდ იყო აღრიცხული.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო მიუთითებს რა 2002 წლის შემდგომ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, აკეთებს დასკვნას, რომ მესამე პირები არიან კეთილსინდისიერი შემძენები და შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტები არ უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი, რასაც არ ეთანხმება კასატორი და განმარტავს, რომ დავის საგანი არ ყოფილა 2002 წლის შემდგომ დადებული გარიგებები. კასატორის განმარტებით, კეთილსინდისიერება არის ფაქტობრივი გარემოება, როცა მხარე ნასყიდობის საგნის ნაკლის მიმართ კეთილსინდისიერია და მას არც შეიძლება სცოდნოდა ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენს ტექბიუროს ჩანაწერების ხარვეზი, სადაც მოპასუხეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რა დროსაც გადაწყვეტილებაში მესამე პირის კეთილსინდისიერებაზე მითითება კასატორისთვის გაუგებარია. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 1984 წელს შედგენილ ტექნიკური აღრიცხვის ბარათს არ ჰქონია რაიმე იურიდიული საფუძველი, თუმცა, სიყალბის დამადასტურებელი რომელიმე კომპეტენტური ორგანოს დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის, რის შემდგომაც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლო იყო სიყალბეზე მითითება. კასატორი საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად ჩანაწერის განხორციელება საფუძვლის გარეშე წარმოადგენს სიყალბეს, რადგან ქმედებას საფუძველი არ გააჩნია.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოც აღიარებს, რომ სადავო ჩიხთან დაკავშირებით ცვლილებას რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
კასატორის განმარტებით, სადავო რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, რომელზე დართული მიწის ნაკვეთის გეგმაზე სადავო ჩიხი მოქცეულია ე.ც-ის კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში, თუმცა, რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან სხვა სახის გარიგება გახდა ამის საფუძველი, სასამართლოსთვის უცნობია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
2023 წლის 26 იანვარს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.ჭ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ქონებაზე - ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...), მდებარე - ქ. ხაშური, ...ის ქ. №42, ყადაღის დადება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით დ.ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ჭ-ის (პ.გ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერს, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქალაქ ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი სადავო ჩიხის ნაწილში, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში განხორციელებულ, სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერს და მათ ბათილად ცნობას მოითხოვს. მოსარჩელის მტკიცებით, მისასვლელი ჩიხი ...ის ქუჩაზე არსებობს ქალაქის ტერიტორიის განაშენიანების დღიდან, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექ-აღრიცხვის მასალებში დაცული 1973 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათით. აღნიშნული ჩიხით 2019 წლის თებერვლამდე სარგებლობდნენ მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები: ლ-ები, გ-ები და ც-ები. საჯარო რეესტრში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ჩიხის კერძო საკუთრებაში გადასვლის კანონიერებას. საერთო სარგებლობაში არსებული საზოგადოებრივი გზა-ჩიხი თვითნებურად იქნა მითვისებული.
განსახილველ შემთხვევაში, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 1973 წელს შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ხაშურში, ...ის ქ. №41-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ე.ც-ი, რომლის უფლება დასტურდება 1967 წლის 31 მაისს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით. აღნიშნულ ბარათზე არსებული ნახაზის მიხედვით, ე.ც-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ჩიხი. საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ კედლიდან ამავე სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრამდე მანძილია 0,5მ.
1984 წელს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ე.ც-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთ მხრიდან ჩიხის ნაცვლად ესაზღვრება ლ-ა. საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ კედლიდან ამავე სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრამდე (ლ-ების კუთვნილ ნაკვეთამდე) მანძილი არის 5,2მ (ნაცვლად 1973 წლის ბარათში დაფიქსირებული 0,5მ-ისა). მსგავსი ნახაზია მოცემული 1988 წელს შედგენილ ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე. სააღრიცხვო მასალებში არ არის რაიმე დოკუმენტი ან რაიმე ჩანაწერი, რომელიც მუთითებდა თუ რა დაედო საფუძვლად ე.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრის აღმოსავლეთ მხარეს გადაწევას ჩიხის ფართობის ხარჯზე.
ასევე დადგენილია, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგისტრატორის მიერ 2002 წლის 19 ივნისს შედგენილია სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც განხორციელებული ჩანაწერით ქ. ხაშურში მდებარე 1130 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა გარდაცვლილი ე.ც-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო ნომერი - ...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, რომელზე დართულ მიწის ნაკვეთის გეგმაზე სადავო ჩიხი მოქცეულია ე.ც-ის კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ჩანაწერის შემდგომ სადავო ჩიხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში განხორციელებულია არაერთი ტრანზაქცია, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მასზე რეგისტრირებულია საქმეში მესამე პირებად ჩაბმული პირების საკუთრების უფლება, ხოლო უძრავი ნივთის ბოლო, ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს - ნ.ბ-ე.
საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ტექნიკური აღრიცხვის ბარათებით და მასზე დართული დოკუმენტაციით, სიტუაციური ნახაზით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან თანდართული საკადასტრო ნახაზებით და ასევე, სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე პ.გ-ის (უფლებამონაცვლე - კასატორი დ.ჭ-ე) საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და 338 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო ნომერი - ...). აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ჩრდილოეთ მხარეს, ...ის (ყოფილი ...ის) ქუჩას უკავშირდებოდა ჩიხით. ამ ჩიხს აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრებოდა ნ. ლ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო ნომერი - ...), ხოლო დასავლეთ მხარეს ე.ც-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად ნ.ბ-ის საკუთრებას წარმოადგენს (საკადასტრო ნომერი - ...). 1984 წლამდე არსებულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათებში ორივე მიწის ნაკვეთს (... და ...) მოცემულ მხარეს უწერია ჩიხი. ლ-ას კუთვნილი ნაკვეთის ტექნიკურ ბარათში უკანასკნელ პერიოდამდე ჩიხია მითითებული, ხოლო ე.ც-ის (ამჟამად ნ.ბ-ის) კუთვნილი ნაკვეთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათებში 1984 წლიდან ჩიხი აღარ არის და ეს ფართი გაერთიანებულია ც-ის კუთვნილ ნაკვეთთან. 2019 წლის თებერვლამდე, მანამ, სანამ მესამე პირმა ჩაკეტა გასასვლელი, ამ ჩიხით სარგებლობდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მეზობლები. წარმოდგენილი სურათებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე პ.გ-ის კუთვნილ ღობეზეც და სადავო ტერიტორიის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ნაკვეთის ღობეზეც დატანილია კარები, რომლებიც გამოდის სადავო ჩიხის მხარეს. პ.გ-ის (უფლებამონაცვლე - დ.ჭ-ე) მხარეს დატანილი კარი ამ ეტაპზე დაფარულია ნ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვარზე გაკეთებული თუნუქის ღობით.
საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სადავო ჩიხი, როგორც 1984 წლამდე არსებულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში, ასევე ფაქტობრივადაც წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ჩიხს, რომლითაც სარგებლობდნენ მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები. 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერში კი, განსხვავებით 1973 წელს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათისგან, ე.ც-ის უძრავი ქონების ფარგლებში მითითებულია სადავო ჩიხი ისე, რომ ვერ დგინდება რა გახდა წლების განმავლობაში საერთო სარგებლობის ჩიხის კერძო სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. საქმეზე არ წარმოდგენილა შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება სადავო ჩიხის ინდივიდუალურ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაც საფუძვლად დაედებოდა ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მის მოხსენიებას. ამასთან, საერთო სარგებლობის ჩიხის ე.ც-ისთვის კერძო სარგებლობაში გადაცემით შეილახა მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლება ესარგებლა საერთო გზასთან დამაკავშირებელი ჩიხით. შესაბამისად, 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერში საერთო სარგებლობის ჩიხის მითითება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელმაც მიმდებარე ქუჩის მეზობლებს შეუზღუდა მისით სარგებლობის შესაძლებლობა, უკანონოა და ეწინააღმდეგება მოსარჩელე მხარის ინტერესებს, რაც სადავო ჩიხის ნაწილში, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში) 2002 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ჩანაწერს, რომლითაც სადავო ჩიხზე დარეგისტრირდა გარდაცვლილი ე.ც-ის საკუთრების უფლება, მის საფუძვლად მითითებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ქონება (მათ შორის სადავო ჩიხი) აღრიცხული იყო ე.ც-ის სახელზე, თუმცა როგორც აღინიშნა, სააღრიცხვო დოკუმენტაციას არ ერთვოდა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა თუ რა გახდა წლების განმავლობაში საერთო სარგებლობის ჩიხის კერძო სარგებლობაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.
2002 წელს სადავო ჩანაწერის განხორციელების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (მიწის რეგისტრაცია) იყო საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენ. ნაწილი და მოიცავდა აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარების შესახებ. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მიხედვით, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე. უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობდა გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული ყოფილიყო საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრების დაფიქსირება ხდებოდა მოსაზღვრე მხარეების შეთანხმების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ჩიხის მოსაზღვრეთა გამოკითხვისა და მათი ნების გამოკვლევის, ადგილზე დათვალიერებისას რეგისტრატორს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნაკვეთი ფაქტობრივად წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ჩიხს, რომლითაც სარგებლობდა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ხოლო სააღრიცხვო ბარათში მის დაფიქსირებას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ დასდებია. მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერში, განსხვავებით 1973 წელს შედგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათისგან, რის საფუძველზე მოექცა საერთო სარგებლობის ჩიხი ე.ც-ის უძრავი ქონების ფარგლებში. შესაბამისად, სადავო ჩიხთან დაკავშირებით არ შეფასებულა ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მის რეგისტრაციამდე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ვინაიდან ე.ც-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის და რეგისტრაციის სიყალბის დამადასტურებელი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს დასკვნა საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, ამიტომ არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები სახეზეა, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები), შესაბამისად, სადავო აქტის სიყალბის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების არარსებობა, სასამართლოს არ ათავისუფლებს მისი კანონთან შესაბამისობის დადგენის ვალდებულებისგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე და მოთხოვნილია სადავო აქტების ბათილად ცნობა მათი კანონთან შეუსაბამობის მოტივით, მოსარჩელე მხარე დავობს, რომ სადავო ჩიხი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოექცა ინდივიდუალურ სარგებლობაში. შესაბამისად, ე.ც-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის და რეგისტრაციის სიყალბის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა არ გამორიცხავდა სადავო აქტების ბათილად ცნობას მათი უკანონობის საფუძვლით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას გასაჩივრებული რეგისტრაციის შემდგომ სადავო ჩიხთან დაკავშირებით ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე 2002-2019 წლებში საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეგისტრაციებსა და კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს სადავო ჩიხის ნაწილში ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერისა და 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში) ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენს, მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ არ ხდის სადავო რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ ტრანზაქციებს, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო არ დგას კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის განმარტებისა და გამოყენების საჭიროების წინაშე. აღნიშნულზე მიუთითებს კასატორიც და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანი არ ყოფილა 2002 წლის შემდგომ დადებული გარიგებები.
ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარის მხრიდან დაისვა სადავო აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ვადებით ზღუდავს და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით უფლების დაცვის ხანდაზმულობის შესაბამის ვადებს განსაზღვრავს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის - სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული ე.ც-ის სახელზე სადავო ჩიხის სარგებლობაში გადაცემის და საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარეს სადავო აქტებით შეეზღუდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა სადავო ჩიხის მეშვეობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოებისათვის არსებითია, საკუთრებაზე დავის დაუსრულებელმა შესაძლებლობამ საფრთხე არ შეუქმნას უფლების დაუბრკოლებელ წარმოშობასა და შემდგომში მის სტაბილურ არსებობას. თუმცა, ამავდროულად, მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, აუცილებელია არსებობდეს უფლების დაცვის ქმედითი და ეფექტური სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც გონივრულად უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარის უფლების დასაცავად დავის შესაძლებლობას. „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), No. 48553/99, 25.9.02. 96-ე პარაგრაფი).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებასთან დაკავშირებით, ცხადია, არ უნდა იყოს დროში განუსაზღვრელად დასაშვები, თუმცა დაუშვებელია დავა საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებაზე დაექვემდებაროს ხანდაზმულობის არაგონივრულ შემზღუდავ დანაწესებს. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს გონივრული ბალანსი უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების სამართლებრივი ხელშეუხებლობის მიღწევისათვის საჭირო ვადასა და პირის უფლებას შორის, აწარმოოს დავა დაცვის ღირსი უფლების რეალიზაციის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ იმ გარემოებაზე, რომ ისინი სადავო ჩიხით 2019 წლის თებერვლამდე სარგებლობდნენ, მანამ, სანამ უძრავი ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ - ნ.ბ-ემ გამყოფი ღობის აღმართვით გადაკეტა იგი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ინტერესებს სადავო აქტების უარყოფითი შედეგები უშუალოდ სწორედ ამ პერიოდში შეეხო; მათ ინტერესს, ესარგებლათ უძრავი ქონებით სადავო ჩიხის გამოყენებით, ზიანი მიადგა სწორედ ჩიხის გადაკეტვის დროიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადებიც სწორედ უფლების უშუალო შეზღუდვის დროიდან უნდა აითვალოს, ამასთან, ხანდაზმულობის ვადა უნდა იყოს გონივრული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ასეთი სპეციალური გონივრული ვადის არარსებობის პირობებში, სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილად კი მიჩნეულ უნდა იქნეს 2019 წლის თებერვალი, რა დროსაც განხორციელდა მოსარჩელე მხარის უფლების უშუალო ხელყოფა, შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება სადავო აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ჭ-ის (პ.გ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერი, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, საკადასტრო კოდი - ...) განხორციელებული ჩანაწერი სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს.ფ. 20-ზე არსებული ნახაზის შესაბამისად) ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ.ჭ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ.ჭ-ის (პ.გ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1984 წლის სააღრიცხვო ჩანაწერი, რომლითაც ე.ც-ის სახელზე აღირიცხა ქ. ხაშურში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში;
5. ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში (მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, საკადასტრო კოდი - ...) განხორციელებული ჩანაწერი სადავო ჩიხის, კერძოდ, 108,44 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში (ს.ფ. 20-ზე არსებული ნახაზის შესაბამისად) ე.ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;
6. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ.ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


გ. მაკარიძე