Facebook Twitter

საქმე №ბს-497(გ-23) 27 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გ. მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე – ნ. ხ-ა

მოპასუხეები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

2. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 11 აპრილს ნ. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22.02.2023წ. №1-1/72 ბრძანებისა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 30.08.2022წ. №დად-153/09 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ას სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ’’ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც, თავის მხრივ, გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით კოლეგიამ დაადგინა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, ს/კ ...-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე ნ. ხ-ას მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადის ს/კ ...-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. სააგენტოს სპეციალისტის მიერ, პროდუქტის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ, 2021 წლის 13 დეკემბერს შედგა მითითება N04/1620, რომლითაც მხარეს განესაზღვრა 45 დღიანი კალენდარული ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 25 ივლისს პროდუქტის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტის მიერ, შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, 2022 წლის 24 აგვისტოს, სააგენტოში დისტანციურად გაიმართა საქმის განხილვა. სააგენტოს 2022 წლის 16 აგვისტოს №09/919 წერილით მხარეს ეცნობა საქმის განხილვის თარიღის შესახებ. სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე ნ. ხ-ა (პ/ნ ...), რომელიც არ დაეთანხმა სამშენებლო სამართალდარღვევას. ვინაიდან, მოქალაქე ნ. ხ-ას მიერ, ჩადენილია პროდუქტის კოდექსის 44-ე მუხლის (უნებართვო მშენებელობა) პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა, რის გამოც იგი დაჯარიმდა 25 000 ლარით.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისგან. აღნიშნული კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვლისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, კოლეგიამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოაღნიშნული დათქმით და ნ. ხ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხსაც.

საქმეში არსებული მასალებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 30 აგვისტოს №დად-153/09 დადგენილებით, ნ. ხ-ა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, დაჯარიმდა 25 000 ლარით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მოწყობისთვის. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2023 წლის 22 თებერვლის №1-1/72 ბრძანებით ნ. ხ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარისთვის განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ ბრძანების გასაჩივრების ვადად მოსარჩელეს განესაზღვრა ერთი თვე, ხოლო საჩივრის განმხილველ ორგანოდ კი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი საქართველოს ტყის კოდექსითა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილსის ტერიტორიაზე უნებართვო მშნებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის განარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კოდექსის 421-425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს (მუხლი 426). ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის განხილვის წესი, კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება უნდა დაექვემდებარებოდა საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილვას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ამავე მუხლის მეორე პუნქტით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სარჩელის წარდგენის წესს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ კი სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ორივე მოპასუხის მისამართი ქ. თბილისია. სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაში (სუსგ 09.03.2023წ. №ბს-101(გ-23)) ასახული განმარტება, რომლის მიხედვითაც: ’’(...) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს მასში მოცემული სამართალდარღვევების განხილვის შესაძლებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ განხილულ უნდა იქნას საერთო სასარჩელო წესით, ამდენად, ამ სახის დავს განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით (საქმის განხილვის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო სასარჩელო წესით უნდა დადგინდეს’’.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2023წ. განჩინებით ნ. ხ-ას სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების თაობაზე, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ ნ. ხ-ას სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს პირის უფლებას, განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. ზემოაღნიშნული დანაწესის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის დავა ტერიტორიულ განსჯადობას უკავშირდება. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველ დავას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 30.08.2022წ. №დად-153/09 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22.02.2023წ. N1-1/72 ბრძანების ბათილად ცნობა. საკასაციო პალატის ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ ამ კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია შეფასდეს დავის ყველა ის არსებითი ასპექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის პროცესში (იხ. სუსგ 17.05.2023წ. განჩინება ბს-507(გ-23)). განსახილველ შემთხვევაში კი საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ასპექტად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია ადმინისტრაციული კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ადმინისტრაციულ- აქტები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევები განიხილება საჩივრის წარდგენის გზით, (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ფორმით), ხოლო სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები განიხილება საერთო სასარჩელო წესით. ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებამდე, დაინტერესებული პირის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავის განხილვის საპროცესო წესის არჩევა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამ სახის დავები მხოლოდ საჩივრის წესით განხილვას დაექვემდებარა. შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეთა განხილვა სრულად დარეგულირდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისგან. კოდექსის პირველი მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის შესაბამისად, გარდა 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა, რომელთაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით კი ამავე კოდექსის 1151-1163, 118-ე-123-ე და 125-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22.02.2023წ. N1-1/72 ბრძანებისა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 30.08.2022წ. №დად-153/09 დადგენილების გაუქმება. სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, არამედ “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად. მოსარჩელე ნ. ხ-ას მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მოწყობა, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სააგენტოს სპეციალისტის მიერ, 2022 წლის 25 ივლისს, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შედგა შემოწმების აქტი და მოსარჩელეს მიეცა მითითება. სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 30.08.2022წ. №დად-153/09 დადგენილებით, მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე დაჯარიმდა 25 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეეხება მოსარჩელის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მოწყობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მოწყობას, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის წესი მასზე ვერ გავრცელდება.

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის განხილვის წესი, სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის განსაზღვრული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსი არ ითვალისწინებს მასში მოცემული სამართალდარღვევების განხილვის შესაძლებლობას ადმინისტრაციულიი სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია დავების განსჯადობის ზოგადი წესი, რომელიც ნებისმიერ დავაზე ვრცელდება, თუ ამავე კოდექსით სპეციალური მოწესრიგება არაა გათვალისწინებული. კერძოდ, კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილია ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირის მიმართ სარჩელი კი სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია - ქ. თბილისი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საერთო წესების მიხედვით, წინამდებარე დავაზე ტერიტორიული იურისდიქცია გააჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს. ანალოგიურ სასამართლო პრაქტიკა არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის საქმეებზე (იხ. სუსგ 09.03.2023წ. განჩინება ბს-101(გ-23)). საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 22.02.2023წ. №1-1/72 ბრძანებით, მოსარჩელეს სწორად განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ჰქონდა უფლება მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ას სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე