Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-711(კს-23) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - პ. დ. ჯ. ქ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. დ. ჯ. ქ-მა 2020 წლის 07 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოპასუხის 2020 წლის 08 იანვრის №1000662257 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პ. დ. ჯ. ქ-ისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა პ. დ. ჯ. ქ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით პ. დ. ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი; კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარების დღიდან 7 დღის ვადაში ბაჟის სახით დამატებით 45 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა და სადავოდ გადაწყვეტილების თარიღის მითითება. აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოქვეყნდა საჯაროდ, ვინაიდან პ. დ. ჯ. ქ-ს სხვაგვარად იგი ვერ ბარდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის მოტივით, პ. დ. ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება პ. დ. ჯ. ქ-სს სხვადასხვა მისამართზე არაერთხელ გაეგზავნა, საბოლოოდ მას 2023 წლის 10 მაისს ჩაჰბარდა, რაც დასტურდება უკუგზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (ტომი 8, ს.ფ. 148).

პ. დ. ჯ. ქ-მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 25 მაისს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინება პ. დ. ჯ. ქ-ს პირადად ჩაჰბარდა 2023 წლის 10 მაისს (ტომი 8, ს.ფ. 148), ხოლო აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით - 2023 წლის 23 მაისს (ტომი 8, ს.ფ. 250).

განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის გამო, პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. პ. დ. ჯ. ქ-ს (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ვ. კ-ის მიერ 05.07.2023წ. №1688551119/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე