საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-50(კ-23) 18 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. ჯ-ე
მესამე პირი - სს „...ა“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ჯ-ემ 2021 წლის 03 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2021 წლის 19 აგვისტოს №44-4421231379 წერილისა და ქ. ჯ-ისათვის უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩისა და ...ას ქუჩის გადაკვეთა) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ამავე კომისიის 2021 წლის 04 აგვისტოს N8 სხდომის ოქმის 22-ე პუნქტის ბათილად ცნობა და ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩისა და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე თვითნებურად დაკავებული 15 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ა“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 აგვისტოს №44- 4421231379 წერილი ქ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე კომისიის 2021 წლის 04 აგვისტოს №8 სხდომის ოქმის 22-ე პუნქტი ქ. ჯ-ისათვის უძრავ ქონებაზე (მდებარე - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქუჩისა და ...ას ქუჩის გადაკვეთა) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩისა და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე თვითნებურად დაკავებული 15 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე ქ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ გამოიკვლია სადავო საკითხი, კერძოდ სააქციო საზოგადოება „...იდან“ გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია და 2021 წლის 8 ივლისის ...ის №01-06/04 წერილით და მასზე თანდართული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ისა და ...ას ქუჩების კვეთაზე არსებული ჯიხური წარმოადგენს სს „...ის“ საკუთრებას, რომელიც მას გადაეცა ქალაქ ქუთაისის მერიის 1998 წლის 30 დეკემბრის №673 ბრძანების და ადგილზე მიწის დამაგრების შესახებ №232 აქტის საფუძველზე პრესის გავრცელების ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, ქ. ჯ-ის მოთხოვნა ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე საფუძველს მოკლებულია.
კასატორის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო მიწების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ზემოაღნიშნული მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. სს „...ა“ კი წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას.
რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააყრდნო ისეთ გარემოებებს, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვისას სრულყოფილად არ იძლეოდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, არც სააპელაციო სასამართლოშიც მომხდარა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა, მტკიცებულებათა სიღრმისეული განხილვა. კასატორი აღნიშნავს, რომ მესამე პირს - სს „...ას“ არ მიეცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამდენად, მესამე პირის კერძო ინტერესი შეფასების მიღმა იქნა დატოვებული. საქალაქო სასამართლოში პროცესის მთელი მიმდინარეობისას მესამე პირად ჩართული გახლდათ სს „...ა“, მის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, გამოკვეთილი იყო მათი ინტერესი სადავო ქონების მიმართ, რაც სასამართლო განხილვის პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობის წინაპირობას წარმოადგენდა. აგრეთვე, აღიარების კომისიის მიერ სააპელაციო სასამართლოს საჩივართან ერთად მტკიცებულების სახით გადაცემულ იქნა სს „...ის“ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქალაქის ტერიტორიაზე სს „...ის“ ბალანსზე რიცხული ქონებების თაობაზე ინფორმაციის დადასტურება, რათა მას შემდგომში დაერეგისტრირებინა ქონება, მათ შორის, საგაზეთო ჯიხურები. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ისეთი მტკიცებულებები, როგორებიცაა ექსპერტიზის დასკვნები, ასევე მოწმეთა ჩვენებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი, მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2021 წლის 19 აგვისტოს №44-4421231379 წერილის (ასევე კომისიის 2021 წლის 04 აგვისტოს N8 სხდომის ოქმის 22-ე პუნქტის) კანონიერების დადგენას, რომელიც გამოცემული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ხსენებული წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩისა და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე თვითნებურად დაკავებული 15 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სს ,,...ას“ გენ.დირექტორის 08.07.2021 წლის №01-06/04 წერილის თანახმად, ქ. ქუთაისში ...ისა და ...ას ქუჩების კვეთაზე არსებული ჯიხური წარმოადგენდა სს ,,...ას“ საკუთრებას, რის გამოც ქ. ჯ-ის მოთხოვნა ამ ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საფუძველს მოკლებული იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 09 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ქ. ქუთაისში, ...ის და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე 15 კვ.მ არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შპს ,,...ი“-ს, შპს ,,გ...ის“, ს...ის, სს ,,ე...ა“-ს, სს ,,ს...ის“ კომუნიკაციები არ გადიოდა. ამასთან, მოწმე გ. ჩ-ის და შ. ყ-ის განმარტებით, ქ. ჯ-ე 1987 წლიდან ფლობდა ქ. ქუთაისში, ...ის და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე 15 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას. სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 აგვისტოს №5005307119 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ ქუთაისში, ...ის და ...ას ქუჩის გადაკვეთაზე №1-ში მდებარე 15 კვ.მ რკინის კონსტრუქციის ნაგებობა შეესაბამებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში განმარტებულ ტერმინ ,,შენობის“ კრიტერიუმს და წარმოადგენდა უძრავ ქონებას. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო ნაკვეთზე ქ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საკასაციო პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის ხელახალი გამოკვლევისას ადმინისტრაციული ორგანო ერთმნიშვნელოვნად დაეყრდნო სს „...ას“ დირექტორის 08.07.2021წ. №01-06/04 წერილს და მასზე დანართის სახით დართულ ,,ადგილზე მიწის ნაკვეთის დამაგრების აქტს“ და მხოლოდ მასზე მითითებით მიიღო გადაწყვეტილება. წერილის თანახმად, სადავო ჯიხური წარმოადგენდა სს „...ას“ საკუთრებას, თუმცა ხსენებული წერილი არ შეიცავდა დეტალურ დასაბუთებას სადავო ჯიხურის კუთვნილებასთან დაკავშირებით; მეტიც, წერილზე დართული ადგილზე მიწის ნაკვეთის დამაგრების №232 აქტის მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მერიის 1998 წლის 30 დეკემბრის №673 ბრძანების საფუძველზე, პრესის გავრცელების ფუნქციონირებისათვის, სს „...ას“ დაუმაგრდა 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქუთაისში, ...ის ქუჩაზე ...ის შესასვლელთან, რაც, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ისე ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით, არ ემთხვევა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას; კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 აგვისტოს №005892821 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - 06.07.2019 წლის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ქ. ქუთაისში, ...ისა და ...ას ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობის (უფლებაასაღიარებელი ობიექტი) მდებარეობა არ შეესაბამება მიწათსარგებლობის გეგმაზე (30.12.1998წ.) მითითებულ შპს ,,...ას“ შენობის მდებარეობას, ხოლო ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 28 იანვრის №5000522422 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - 06.07.2019 წლის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობის მდებარეობა არ შეესაბამება მიწათსარგებლობის გეგმაზე 30.12.1998წ. მითითებულ შპს ,,...ას“ შენობის მდებარეობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონების მესამე პირისადმი კუთვნილების ფაქტი საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ადმინისტრაციული ორგანო უტყუარი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რომ ქ. ჯ-ის უფლებაასაღიარებელი შენობა სწორედ ის შენობაა, რომელიც სს „...ას“ ჰქონდა იმავე ტერიტორიაზე განთავსებული; მეტიც, სს „...ას“ მიერ სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება გასაჩივრებული არ არის, რითაც დაეთანხმა მის სისწორეს. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქ. ქუთაისის მერიის 1998 წლის 30 დეკემბრის №673 ბრძანების თანახმად, სს „...ას“ დროებით სარგებლობაში მხოლოდ 3 წლით დაუმაგრდა ტერიტორიები ჯიხურების განთავსებისათვის.
რაც შეეხება საქმის სააპელაციო ინსტანციაში მიმდინარეობის პროცესში სს „...ას“ მონაწილეობის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა და საქმის განხილვის თარიღის დანიშვნის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი გაეგზავნა სს „...ას“ დირექტორს - გ. დ-ს და ჩაჰბარდა კომპანიის ადმინისტრატორს (ტ.2, ს.ფ. 14). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება მესამე პირის ინფორმირებულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა