საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-694(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს პარლამენტი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ჭ-ემ 2018 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ „მ. ჭ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №734/1 ბრძანების ბათილად ცნობის, მ. ჭ-ის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მისი აღმოფხვრის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №734/1 ბრძანება, მ. ჭ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; მ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს პარლამენტმა, ასევე - მ. ჭ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-ისა და საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის ...მა მ. ჭ-ემ 2018 წლის 31 ოქტომბრის №18392 ახსნა-განმარტებითი ბარათით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს განუმარტა, რომ მიმდინარე წლის 22 და 24 ოქტომბერს დაგვიანებით გამოცხადდა სამსახურში, რადგან წინა საღამოს ქალაქიდან იყო გასული და მეორე დილით ავტოსაგზაო მოძრაობის ინტენსივობა წინასწარ ვერ გათვალა. ამასთან, 24 ოქტომბერს ვერ შეასრულა 8 საათიანი სამუშაო დრო ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ იმავე და მეორე დღეს ვაქცინამ გამოიწვია უკურეაქცია, 25 ოქტომბერს ვერ გამოცხადდა სამსახურში. ამავე ბარათით მან აღნიშნული გადაცდომების საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №715/1 ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის ...ის მ. ჭ-ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №18392 ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებული გარემოებებისა და მ. ჭ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის საკითხის შესასწავლად. დისციპლინური „გადაცდომების“ ფაქტი დადასტურებულია მ. ჭ-ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №18392 ახსნა-განმარტებითი ბარათით, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, დაიწყო დისციპლინური წარმოება. შედეგად, მ. ჭ-ის სამსახურში დროული გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №734/1 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 იანვრის №9/3 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „რ“ და „ტ2“ ქვეპუნქტებისა და დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 20 ნოემბრის №... დასკვნის საფუძველზე, მ. ჭ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება. კასატორის განმარტებით, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის N715/1 ბრძანება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაგზავნოდა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს - მ. ჭ-ეს. 2018 წლის 7-10 ნოემბერს მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ მივლინებაში, 11 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე (კვირა), 12 ნოემბერს კი (ორშაბათი) მას, დადგენილი ვადის (5 სამუშაო დღეში) დაცვით ჩაჰბარდა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის N715/1 ბრძანება, რაც დადასტურებულია ბრძანებაზე ადრესატის ხელმოწერით. ამავდროულად, კომისიის თავმჯდომარის მიერ მას ზეპირი ფორმით განემარტა დისციპლინური წარმოებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის დამატებითი ახსნა-განმარტებისა თუ დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლებისა და ვადების შესახებ. მ. ჭ-ემ, საკუთარი ინიციატივით, მომდევნო დღეს - 13 ნოემბერს წარადგინა დამატებითი ახსნა-განმარტება (N19227 წერილი) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N1798 ცნობა. შესაბამისად, დასტურდება, რომ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანების გამოცემისა და მხარისათვის გადაცემის/გაცნობის შემდეგ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირისათვის ძირითადი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადა ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, სამუშაო დრო იწყება 09:30 საათზე. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოთხოვილი პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემებით (ე.წ ტაბელი) 25 ოქტომბერს მ. ჭ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა გამოუცხადებლობის, არამედ დაგვიანების ფაქტს, კერძოდ, იგი სამსახურში გამოცხადდა 9:41:33 საათზე, თუმცა ტაბელის თანახმად, მას ეს დაგვიანება ჩათვლილი აქვს საპატიოდ. რაც შეეხება სამსახურში არგამოცხადებას, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. ჭ-ეს სამსახურში გამოცხადებისას (29 ოქტომბერი) არ წარუდგენია ცნობა დროებითი შრომისუუნარობის შესახებ, რაც გახდა აღნიშნული გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის საფუძველი და შესაბამისად, მოხდა მისი „ტაბელში“ ასახვა. კასატორი ასევე განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N1798 ცნობა მ. ჭ-ემ წარადგინა 26 ოქტომბრიდან (სამსახურში არგამოცხადების დღიდან) თითქმის 20 დღის შემდეგ - 13 ნოემბერს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 24 ოქტომბერს და მომდევნო დღეს (25 ოქტომბერს) აღენიშნა გვერდითი მოვლენები. მ. ჭ-ის მიერ როგორც 31 ოქტომბერს, ასევე 13 ნოემბერს წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაშიც ერთი და იგივე თარიღები ფიქსირდებოდა. კომისიის მხრიდან ახსნა-განმარტებებში და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილ ცნობაში მითითებული ფაქტებისა და თარიღების შედარება მოხდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემებთან, რითაც გამოვლინდა, რომ მისი სამსახურში არ გამოცხდების თარიღი არ ემთხვეოდა ახსნა-განმარტებაში მითითებულ თარიღს. შრომის დისციპლინის დარღვევის, კერძოდ დაგვიანება/არგამოცხადების ფაქტების თაობაზე „ტაბელში“ ასახული ინფორმაციის სისწორე ეჭვქვეშ არ დამდგარა, ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიკითხა მ. ჭ-ის უშუალო ხელმძღვანელი, რომელმაც დაადასტურა „ტაბელში“ ასახული ინფორმაციის სისწორე. დისციპლინური წარმოების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, მ. ჭ-ემ 2018 წლის 21 დეკემბრის N21916 წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, სადაც აღნიშნავდა იმ შეცდომების, ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის ახსნა-განმარტებებსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში. კასატორის განმარტებით, 26 ოქტომბრის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს შინაგანაწესის დარღვევას, იგი არასაპატიოდ არის ასახული სატაბელო მონაცემებში და შესაბამისად, დისციპლინური წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოთხოვილი და შესწავლილი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების საფუძველზე მიჩნეულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად. სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს ასეთ შემთხვევაში წარმოადგენდა საავადმყოფო ფურცლის გახსნა, რომლის შესახებ ეცნობება საჯარო დაწესებულებას. თავის მხრივ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია იმავე დღეს გამოსცეს მოხელის დროებითი შრომისუუნარობის შესახებ აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში მ. ჭ-ის მხრიდან არ განხორციელებულა. რაც შეეხება დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებას, კასატორი აღნიშნავს, რომ „შინაგანაწესის“ მე-8 მუხლში არ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც მოხელის მიერ უშუალო ხელმძღვანელის გაფრთხილება დაგვიანების/სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მისაჩნევად, სავალდებულოდ საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი აქცენტირება გააკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რასაც ადგილი არ ჰქონდა უშუალოდ დისციპლინური წარმოებისა და სადავო აქტის გამოცემის პერიოდში, რადგანაც მის მიერ მითითებული - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სადაც მითითებულია: ვაქცინის გაკეთების თარიღად - 25 ოქტომბერი, ხოლო, გვერდითი მოვლენების განვითარების და სამსახურში გამოუცხადებლობის თარიღად 26 ოქტომბერი) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს წარედგინა 2018 წლის 21 დეკემბერს N1916 წერილთან ერთად, კომისიის მიერ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნისა (2018 წლის 20 ნოემბერი) და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ - (გასაჩივრებული) ბრძანების მიღებიდან (2018 წლის 21 ნოემბერი) ერთი თვის შემდეგ. შესაბამისად, 2018 წლის 21 დეკემბერს N21916 წერილთან ერთად წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ვერ გახდებოდა ვერც კომისიის და ვერც აპარატის უფროსის მხრიდან მსჯელობის საგანი. კომისიამ დისციპლინური წარმოების დროს გამოთხოვილი და მხარის მიერ ორგზის წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის - 2018 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, შეფასების საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ იურიდიულად გაფორმდა აპარატის უფროსის მიერ გამოცემული გაფრთხილების შესახებ ბრძანებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კომისიამ, რომლის დასკვნის საფუძველზეც მიღებულია სადავო ბრძანება, გამოარკვია ყველა ის გარემოება და ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მ. ჭ-ის დისციპლინურ პასუხისმგებლობას - გაფრთხილებას. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ პარლამენტის აპარატის უფროსის (უფლებამოსილი პირის) მხრიდან არ მოხდა დასკვნის გამოკვლევა და შეფასება, მაშინ, როდესაც დასკვნაში მითითებული გარემოებების შესახებ მ. ჭ-ემ სწორედ აპარატის უფროსს მიმართა შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით, სადაც მითითებული იყო კონკრეტულ გადაცდომებზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ დადასტურებულია მ. ჭ-ის მიერ საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტები, რის საფუძველზეც 2018 წლის 21 ნოემბერს მოპასუხემ, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მიიღო მ. ჭ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე №306/2 ბრძანება. ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება არ არის გასაჩივრებული მ. ჭ-ის მიერ, სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მსჯელობა შეეხება მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით. ამრიგად, კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას იმოქმედოს კეთილსინდისიერად, კანონიერად და შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, მათ შორის შინაგანაწესის მოთხოვნები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის N126/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-2 მუხლის თანახმად, აპარატში სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე; ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 8 საათი, ხოლო შესვენებისა - 1 საათი. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და მთავრდება 18.30 საათზე. შესვენებაა 14-დან 15 საათამდე. ამავე შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მოვალეობათა დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისი დისციპლინური წარმოების ჩატარების საფუძველზე, გათვალისწინებულია მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. რაც შეეხება დისციპლინური წარმოების შედეგებს, აღნიშნული გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დისციპლინური გადაცდომისათვის ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორიცაა: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილ დარღვევებზე დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურისთვის კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებასა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესებას. მართალია, საჯარო სამსახურში, შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა საჯარო მოხელის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, თუმცა ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ დამსაქმებელი თავისუფლდება დარღვევის ხასიათს, დარღვევით გამოწვეული შედეგის, მისი ინტენსივობის და დარღვევის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევის ვალდებულებისაგან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ქმნის ეროვნულ საკანონმდებლო ბაზას, ამასთანავე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეთა მიმართ - წარმოადგენს დამსაქმებელს, რაც თავის მხრივ განსაკუთრებულად ზრდის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამუშაოზე გამოუცხადებლობისა თუ დაგვიანების ფაქტის გამოვლენისას, მისი ინტენსივობისა და გამომწვევი მიზეზების გარდა, ასევე არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოხელისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შესაბამისი სამუშაო დროის გათვალისწინებით, რამდენადაც სამუშაოს სრულყოფილად შესრულება წარმოადგენს სამსახურის ფუნქციონირების ძირითად მიზანს. რაც შეეხება დისციპლინური ზომის გამოყენებას, ის პრევენციული ხასიათისაა და ემსახურება საჯარო სამსახურში მოხელეთა მხრიდან მოვალეობების დარღვევების შემცირებას. ამასთან, დასახელებული მიზნების მიღწევისთვის „ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-161-158(კ-15)).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ჭ-ის 2018 წლის 31 ოქტომბრის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომლითაც ის ითხოვდა 22 და 24 ოქტომბერს დაგვიანების, ხოლო 25 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას, 2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის №715/1 ბრძანებით მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. დადგენილია, რომ მ. ჭ-ის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში, პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულის სისტემის (ე.წ. ტაბელის) მონაცემების მიხედვით, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ, მ. ჭ-ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის (დაგვიანებას) არაერთი ფაქტის გამოვლენის მოტივით, 2018 წლის 20 ნოემბერს მოამზადა დასკვნა მ. ჭ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით „გაფრთხილების“ გამოყენების შესახებ და 2018 წლის 20 ნოემბრის №... ბარათით წარუდგინა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს. კომისიის დასკვნას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მ. ჭ-ე სამსახურში არ გამოცხადდა არა 25 ოქტომბერს (როგორც ახსნა - განმარტებაში მიუთითებდა) არამედ 26 ოქტომბერს, ამასთან, მის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებული იყო, რომ ვაქცინაციით გამოწვეული შესაბამისი სიმპტომები მ. ჭ-ეს აღენიშნებოდა იმავე დღეს (24 ოქტომბერს) და მეორე დღეს (25 ოქტომბერს), თუმცა ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა 09:45 სთ-დან 23:14 სთ-მდე, ამასთან სექტემბრისა და ოქტომბრის თვის მონაცემებით ის დღეში მინიმუმ 8 საათს მუშაობდა. დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №734/1 ბრძანებით საქართველოს პარლამენტის ...ის აპარატის ...ის - მ. ჭ-ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 13 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N1798 ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა), მ. ჭ-ეს 2018 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Influvac-ით, მეორე დღეს 26 ოქტომბერს აღენიშნა საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება t-ს რეაქცია, თუმცა აღნიშნულმა მოვლენებმა შემდგომში გაიარა თვითდინებით (ს.ფ. 80-81). სატელეფონო შეტყობინებებით კი უდავოდ დადასტურებულია მ. ჭ-ის მიერ სამსახურში დაგვიანებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირის ინფორმირების ფაქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, იზიარებს განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა გაფრთხილების გამოყენების აუცილებლობა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, დაგვიანების მიუხედავად, მ. ჭ-ე დღეში მინიმუმ 8 საათს მუშაობდა, ამასთან, როგორც დაგვიანების, ასევე 2018 წლის 26 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმირებული იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში ე. წ. ტაბელში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე (მითითებულ დოკუმენტში დაგვიანება და გამოუცხადებლობა მიჩნეულია საპატიოდ), შესაბამისად, მართებულია მსჯელობა, რომ მ. ჭ-ის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაფრთხილების შესახებ ბრძანების კანონიერად მიჩნევისათვის.
რაც შეეხება, კასატორის მოსაზრებას საავადმყოფო ფურცლის წარდგენის სავალდებულოობასა და დაგვიანებით წარდგენასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-15 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც იმ პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი, გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. ვინაიდან, სადავო დისციპლინური წარმოება დაიწყო 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით და 2018 წლის 7-10 ნოემბერს მ. ჭ-ე იმყოფებოდა მივლინებაში, 2018 წლის 13 ნოემბერს გაცემული ცნობა (ერთ-ერთ მათგანში დაშვებული ტექნიკური შეცდომის მიუხედავად) წარმოადგენს სწორედ 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის სათანადო დოკუმენტს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწინააღმდეგო დოკუმენტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის საქმეში წარმოდგენილი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „მ. ჭ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №734/1 სადავო ბრძანებაში მითითებული მ. ჭ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის - გაფრთხილების საფუძველი, არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა