Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1108(2კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.დ-ე (საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2023წ. განჩინებით დარჩა განუხილველად)

კასატორი (მოპასუხე) - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.დ-ემ 2019 წლის 6 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ და „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ.დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის №729 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ქალაქ ბათუმში, ...ეს ქ. №42ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ....), კერძოდ, მიწის ნაკვეთი 550.00 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ქონება ათეულ წელზე მეტია იჯარით აქვს გაცემული და მის მართვას ახორციელებს მოიჯარე. მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 4 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილების საფუძველზე აწარმოებდა აღსრულებას სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ნ.დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მან ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ მას ქალაქ ბათუმში ...ეს ქ. №42ა-ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე 2018 წელს არ განუხორციელებია იმ ტიპის/მოცულობის სამუშაოები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანხმობას (შეთანხმებას ანდა ნებართვას) მოითხოვდა. მისივე განმარტებით, მერიის სამსახურის სადავო დადგენილება ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 4 თებერვალს გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 12 ნოემბერს.

გარდა ზემოაღნიშნული გარემოებასა, მოსარჩელემ სადავოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილებაში მითითებული მისამართი, სადაც ნ.დ-ის საკუთრებაში არსებული ობიექტის ადგილსამყოფლად ნაცვლად ქალაქი ბათუმი, ...ის ქ. №42-ისა მითითებულია ქალაქი ბათუმი, ...ის ქ. №72, სადაც მას არანაირი საკუთრება არ გააჩნია.

ამავე სარჩელით ნ.დ-ემ იშუამდგომლა საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილების, ამავე სამსახურის 2019 წლის 8 ოქტომბერს გაცემული №149/18-1, №149/18-2 სააღსრულებო ფურცლების მოქმედების, აგრეთვე ნ.დ-ის წინააღმდეგ მიმართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული საქმისა (NA19176347-005/001) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის წარმოებაში არსებული საქმის ((NA19176347-007/002) შეჩერების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ნ.დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა სადავო დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლების მოქმედებები, ხოლო მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო წარმოებების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წელი 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრტაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წელი 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილება და ნ.დ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვიცე-მერის მიერ 2019 წლის 13 ივნისის №729 ბრძანება ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და ნ.დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ააიპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ნ.დ-ემ.

კასატორი - ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია თავის საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

კასატორი აღნიშნავს, რომ განხორციელებული მშენებლობის დროს ნ.დ-ეს არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და არც რაიმე სახის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მის მიერ ქალაქ ბათუმში, ...ეს ქ. №42-ში საზოგადოებრივ ობიექტზე (...ზე) დამატებითი ფართის მიშენების კანონიერებას. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 10 აგვისტოს ნ.დ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მასზე გაიცა №47 მითითება, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა წინადადება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 10 დღის ვადაში მოეხდინა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 2018 წლის 22 აგვისტოს №58 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ნ.დ-ემ არ შეასრულა მითითების პირობები და არ განახორციელა მიშენებული ფართის დემონტაჟი. საბოლოოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 08 ოქტომბრის №149 დადგენილებით ნ.დ-ე, ‘პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ა“”ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 2019 წლის 4 თებერვალს კი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ.დ-ემ და მოითხოვა სადავო დადგენილების ბათილად ცნობა.

კასატორი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ დასახელებული მუხლი განსაზღვრავს იმ სამშენებლო სახეებს, რომლებსაც სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ესაჭიროება არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტურქციასაც. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ნ.დ-ის მიერ საზოგადოებრივ ობიექტზე (...ზე) უნებართვოდ დამატებითი ფართის მიშენება არის უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა. შესაბამისად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება ისჯება 3000 ლარით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლებით. ამასთანავე, მოსარჩელეს კანონიერად დაევალა განხორციელებული რეკონსტრუქციის დემონტაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ნ.დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ.დ-ის საკასაციო საჩივარი, მასზე დადგენილი ხარვეზის კანონით დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხარეთა მიერ, თუმცა ნ.დ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, შესაფასებელია მხოლოდ ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრეტენზია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ნ.დ-ისთვის დავალებული დემონტაჟის კანონიერების შეფასება, რადგან დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, ...ეს ქ. №42ა-ში ნ.დ-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი - უკანონო მშენებლობა, კერძოდ, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის განხორციელება, რის გამოც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ შედგა №47 მითითება, რომლითაც ნ.დ-ეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა. მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღე. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ შედგენილი 2018 წლის 22 აგვისტოს №58 შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ ნ.დ-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით გათვალისწინებული პირობები. ამის შემდეგ, 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილებით ნ.დ-ე დაჯარიმდა უნებართვო მშენებლობისათვის 3000 ლარით. მასვე დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მიშენების დემონტაჟი. ამასთანავე, დადგენილია, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ.დ-ემ სადავო დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა იგი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 ივნისის №729 ბრძანების შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ.დ-ეს საჯარო რესტრის მიერ განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციით, დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ერიცხება ქალაქ ბათუმში ...ის ქუჩა №42ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...), კერძოდ, მიწის ნაკვეთი 550.00 კვ.მ და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (...), საერთო ფართით 1381.12 კვ.მ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა აღიარებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩა №42ა-ში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 1381,12 კვ.მ შენობის საერთო ფართში შედის ნ.დ-ის მიერ სადავოდ გამხდარი რეკონსტრუქცია მიშენებაც.

შენობის დემონტაჟის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოადგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სანივთო უფლების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, ამა თუ იმ ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. ამდენად, რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს უძრავ ქონებაზე უფლების, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების, წარმოშობის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ მოსარჩელემ სადავო დადგენილების გამოცემამდე საკუთრებად დაირეგისტრირა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რაც გულისხმობს მისი საკუთრების უფლების გავრცელებას მიშენებულ ფართობზეც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ დემონტაჟს დაქვემდებარებული, ქალაქ ბათუმში, ...ეს ქ. №42ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა ... (ს/კ ...) და მასზე განხორციელებული უკანონო მიშენება-რეკონსტრუქცია საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში და მისი დემონტაჟით საერთაშორისო კანონმდებლობით დეკლარირებული და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება უკანონოდ იქნება დარღვეული. ამასთანავე, დადგენილების აღსრულება ნ.დ-ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში შეუძლებელია, რამდენადაც აქტის ეს ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის და სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებს, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში ქალაქ ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვიცე-მერის 2019 წლის 13 ივნისის №729 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის როგორც ბათილად ცნობა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს აქტის მოქმედების შეწყვეტას, თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ბათილად ცნობას ექვემდებარება სამართლებრივი ბუნებით მხოლოდ უკანონო აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადებას - სამართლებრივი ბუნებით მხოლოდ კანონიერი აქტი. ამასთან, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, განსხვავებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისაგან, რომელიც არა ავტომატურად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი შედეგების გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას სადავო აქტების ძალადაკარგულად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეზე უდავოდ დადასტურებული გარემოებები ამავე აქტების ბათილად ცნობის წინაპირობებს ქმნის, თუმცა მოცემულ საკითხზე საკასაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტების როგორც ბათილად, ისე ძალადაკარგულად ცნობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი და იმავე შედეგს წარმოშობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შედეგობრივად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ააიპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე