Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1321(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ჟ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - დ. კ-ე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. ხ-ემ 2016 წლის 22 ნოემბერს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დ. კ-ეის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 13 მაისის სხდომის ოქმისა (№64 საოქმო გადაწყვეტილება დ. კ-ეის ნაწილში) და 2008 წლის 2 ივნისს დ. კ-ეის სახელზე ამავე კომისიის მიერ გაცემული №8673 საკუთრების უფლების მოწმობის (572 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს ჟ. ხ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და მოითხოვა, რომ სავარაუდო მოპასუხეს - დ. კ-ეს აკრძალვოდა მშენებლობის გაგრძელება ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), საქმეზე სასამართლო დავის დასრულებამდე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ჟ. ხ-ეის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დ. კ-ეს აეკრძალა მშენებლობის გაგრძელება ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), საქმეზე სასამართლო დავის დასრულებამდე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 13 მაისის №64 კომისიის ოქმი დ. კ-ეის ნაწილში, ასევე 2008 წლის 2 ივნისს გაცემული №8673 საკუთრების უფლების მოწმობა 572 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ამასთანავე, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დ. კ-ეს აეკრძალა მშენებლობის გაგრძელება ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), საქმეზე სასამართლო დავის საბოლოოდ დასრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჟ. ხ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ჟ. ხ-ეის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა და დ. კ-ეს აეკრძალა მშენებლობის გაგრძელება ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), საქმეზე სასამართლო დავის დასრულებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით და წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს თავდაპირველად და შემდგომაც ფლობდა ჟ. ხ-ე. სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი თავდაპირველად დარეგისტრირდა მისი მეუღლის - ნოდარ ხილაძის სახელზე, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ჟ. ხ-ემ მიმართა აღიარების კომისიას. აზომვითი ნახაზის შედგენის დროს აღმოჩნდა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო დ. კ-ეის სახელზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო მის მიერ, მასზე გაშენებული ჰქონდა მრავალწლიანი ნარგავები და მოსავალს თვითონ იღებდა.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მას უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდა თავდაპირველად მიმართული აღიარების კომისიისადმი და აღნიშნული განახორციელა მხოლოდ 2021 წელს. კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული მსჯელობა არასწორია, რადგან მან 2018 წელს მიმართა აღიარების კომისიას და მოითხოვა დაკავებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემა, მაგრამ რადგან საქმის მასალები დაკარგული აღმოჩნდა, 2021 წელს ხელახლა მოუწია აღიარების კომისიისადმი მიმართვა. აქედან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ჟ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. კ-ეისთვის 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 13 მაისის №64 საოქმო გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის მიერ 2008 წლის 2 ივნისს გაცემული №8673 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შეფასება. აღსანიშნავია, რომ ჟ. ხ-ე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დ. ხ-ეის საკუთრებაში რეგისტრაციით მას ერთმევა უფლება ამ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ჟ. ხ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს, 2021 წლის 17 დეკემბერს. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა წარმოება სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრებაში აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის №1168- VIმს-Xმპ კანონის თანახმად (ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება, რასაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე ახორციელებდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი კი განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (მუხ.4; პუნქტი 6). სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლება აღიაროს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გარდა, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე) იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. ამ შემთხვევაში აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს (მუხ.4; პუნქტი 7). თუ სააგენტოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) იმავე კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბრამდე) არსებობის ფაქტს (მუხ.4; პუნქტი 8).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე დასახელებული კანონების მოთხოვნების გასავრცელებლად პირველ რიგში სახეზე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული მიწის სამართლებრივი სტატუსის ქვეშ მოაზრებული მიწა, რომელსაც წარმოადგენს: 1) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული); ან 2) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე); და 3) აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე) იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. სწორედ აღნიშნული რომელიმე სამართლებრივი მოცემულობის არსებობის შემთხვევაში ხდება სავალდებულო საკუთრების უფლების აღიარების მსურველმა პირმა დაამტკიცოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, სახელდობრ ის ფაქტი, რომ, მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა ფლობს და სარგებლობს უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას, ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას, კანონის ამოქმედებამდე აშენებული აქვს/ჰქონდა საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომელთა სავალდებულოდ არსებობასაც კანონმდებელი უკავშირებს საკუთრების უფლების აღიარების უფლების რეალიზაციას.

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა ჟ. ხ-ეს რომელიმე ზემოთ აღნიშნული საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა, კერძოდ, უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული აქვს თუ არა შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ა.შ. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ დასახელებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვიდრე არ დადგინდება ჟ. ხ-ეს ნამდვილად აქვს თუ არა კანონიერი უფლება უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, მსჯელობა ამ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი დ. კ-ეის საკუთრებაში რიცხული ფართის ნაწილზე უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონიერების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ამ მოცემულობით ჟ. ხ-ეს ვერ ექნება პატივსადები იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი, რადგან აღნიშნული აქტები უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს არ აყენებენ მის ინტერესებს.

ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ თუ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდება ჟ. ხ-ეის უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მას აქვს უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი, მათ შორის, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზეც, რომელიც რეგისტრირებულია დ. კ-ეის საკუთრებად, მარეგისტრირებელი ორგანო „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანების 29-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში (პუნქტი 4). ამრიგად, თუ №... სარეგისტრაციო წარმოებისას საქმის გარემოებების გამოკვლევისას ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ არსებობს ჟ. ხ-ეის განცხადების დაკმაყოფილების და მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, მიუხედავად სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს თუ კერძო სუბიექტის საკუთრების რეგისტრაციისა, მარეგისტრირებელი ორგანო შეზღუდული არ იქნება უფლებაში - დააკორექტიროს არასწორი სარეგისტრაციო ჩანაწერი. საქმის წარმოების მოცემულ ეტაპზე კი, წინამდებარე დავის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობის წინაპირობებს, შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჟ. ხ-ეის სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ჟ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. რ. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 31 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით ჟ. ხ-ეის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე