Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-189(კ-23) 31 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ.ბ-ი, დ.ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. და დ. ბ-ებმა 2021 წლის 25 ივნისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1676/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის თ. და დ. ბ-ების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით თ. და დ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აპრილის №03-1676/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის ავტორი ძირითადად იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოში.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე გაირკვა, რომ განმცხადებელი არც ერთხელ არ იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე. ამასთან, დევნილთა მონაცემთა ბაზაში თ.ბ-საც და დ.ბ-საც სხვადასხვა ფაქტობრივი მისამართი აქვთ მითითებული. კასატორის აღნიშვნით მონიტორინგისას გადაღებული ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, რომ განმცხადებელი-თ.ბ-ი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და მხოლოდ დ.ბ-ის ნივთებით არის დატვირთული სახლი. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ მხარემ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რეალურად არ ცხოვრობს შვილთან ერთად. კასატორის მითითებით, სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, სხვა მის ხელთ არსებული საშუალება არ არსებობს. ამდენად, სააგენტოს მიაჩნია, რომ საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და გამოყენებულია ის საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს, კერძოდ, მონიტორინგი, რომელსაც იყენებს აგრეთვე მსგავსი საკითხების გამოკვლევისას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რა მეთოდიც დადგენილია ნორმატიული აქტით.

ამრიგად, საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული აქტი დასაბუთებულია. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორი შეფასება მისცა მხარის ახსნა-განმარტებას და სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები საერთოდ არ გაითვალისწინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მხარის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელია თ.ბ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ანალოგიურ მოწესრიგებას ადგენს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ.ბ-ის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც განმცხადებლის ოჯახის წევრად მითითებული არის: შვილი - დ.ბ-ი, ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქ. N11.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ.ბ-ის ოჯახმა განაცხადის დამუშავების შედეგად შეფასებით მოიპოვა სულ - 4.50 ქულა. მათ შორის: ქირით ცხოვრება - 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა)- 3.00 ქულა.

2020 წლის 13 ნოემბერს მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის დროს მითითებულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ მხოლოდ დ.ბ-ი, რომელმაც განმარტა, რომ თ.ბ-ი იმყოფებოდა ქალაქში. დ.ბ-ის განმარტებით, ბინა ეკუთვნის გ.ა-ს, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში. მოსარჩელეს ჰყავს და - მ.ბ-ი, რომელიც უკვე დაკმაყოფილდა ოჯახთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ბინაში იხდიან ქირას-200 ლარს და ვინაიდან ბინის მფლობელი უცხოეთში ცხოვრობს, მას ანგარიშზე ურიცხავენ თანხას, ხოლო კომუნალურ გადასახადების გადახდაში ოჯახს მოსარჩელის დეიდაშვილი - მ.ხ-ა ეხმარება.

2021 წლის 26 მარტს, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N11 განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი, თუმცა მისამართზე მისულ მონიტორინგის თანამშრომლებს სახლში არავინ დახვდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, თ.ბ-ის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1676/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე თ.ბ-ს და განაცხადში გათვალისწინებულ პირს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმებს, რომელთა თანახმად, პირველ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფს, მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. N11 დახვდათ დ.ბ-ი, ხოლო განმეორებითი მონიტორინგისას ჯგუფს არავინ დახვდა და ამასთანავე მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოსურათებიდან არ იკვეთებოდა თ.ბ-ის იქ ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არა დევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ოქმებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, არ დასტურდება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი და არ იქმნება ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის, მოსარჩელის ოჯახის შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების შესახებ, მართებულად მიჩნევის საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მონიტორინგის განხორციელებისას არ გამოიკვლია, განაცხადში მითითებული მისამართი წარმოადგენდა თუ არა თ.ბ-ისა და მისი შვილის მიერ არჩეულ საცხოვრებელ ადგილს.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თ.ბ-ის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე გაკეთებულ განაცხადში მითითებულ მისამართზე ქირით ცხოვრებისას სწორედ სახელმწიფო უხდიდა მათ ქირა, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სს ,,...ის“ ანგარიშის ამონაწერით (ს.ფ. 20-21). აღნიშნული დახმარების შეწყვეტის დროს (ქირის თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო) ისინი დროებით გადავიდნენ სხვაგან, თ.ბ-ი ამ პერიოდის განმავლობაში დროებით იმყოფებოდა ...ში ახლობელთან, ხოლო სახელმწიფოს მიერ ქირის კვლავ გადახდის პირობებში, დაბრუნდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. N11-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში და მუდმივად ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, რაც მხარის მითითებით, დასტურდებოდა მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოსურათებითაც.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა თ.ბ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ჩატარდა არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რადგან არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

1. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე