საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-214(კ-23) 20 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ.ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ტ.ბ-ემ 2022 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და ტ.ბ-ის დაჯარიმების შესახებ 2022 წლის 27 მაისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15586 ბრძანების (საჩივარი №...) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2021 წლის ივნისში „...ის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საკუთარი ავტომობილით 3 თვით შემოვიდა საქართველოში, 2021 წლის აგვისტოში კი აპირებდა რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას. იმავე წლის აგვისტოში შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, 20 დღის განმავლობაში იმყოფებოდა „...ის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე უგონო მდგომარეობაში. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მკურნალობას აგრძელებდა ბინაზე საქართველოში, იყო მწოლიარე მდგომარეობაში და როგორც კი მკურნალი ექიმის მიერ მიეცა ნებართვა რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით, დატოვა საქართველო და მკურნალობა გააგრძელა რუსეთის ფედერაციაში. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა და 3 თვის ვადაში საკუთარი ავტომობილით გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2022 წლის მაისში დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნული საპატიო და დაუძლეველი გარემოებებისა, 2022 წლის 30 მაისს გადაეცა აქტი, რომლის თანახმადაც დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული აქტი გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 20 ივნისის №15586 ბრძანების საფუძველზე საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მიიღო გადაწყვეტილება დაკისრებული ჯარიმის გაუქმების შესახებ, მთელი რიგი მოთხოვნების შესრულების პირობით, მათ შორის, დაევალა ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გეგმავს ავტომობილის განბაჟებას და არც მისი რეექსპორტია მისი მიზანი, შემოსავლების სამსახურის ზემოხსენებული ბრძანებით ფაქტობრივად უარი ეთქვა ჯარიმის გაუქმებაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჰქონდა საპატიო მიზეზი, რომლის თავიდან აცილება მისთვის შეუძლებელი იყო, გაუგებარია შემოსავლების სამსახურმა რაიმე დამატებითი პირობების გარეშე რატომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ჯარიმის გაუქმების თაობაზე. აგრეთვე ბუნდოვანია ჯარიმის გაუქმების საპირწონედ რატომ დაეკისრა იმგვარი ვალდებულებების შესრულება, რომელიც აიძულებს კუთვნილი ავტომობილი მოხსნას რუსეთის ფედერაციის რეგისტრაციიდან მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქვეყანაში ცხოვრობს მუდმივად და საქართველოში ჩამოდის ზაფხულობით ნათესავების მოსანახულებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საჩივრის ავტორის მოთხოვნისა შემოსავლების სამსახურის მიერ არ მიეცა საშუალება დასწრებოდა ზეპირ მოსმენას და მიეწოდებინა ადმინისტრაციული ორგანოსთვის სრულყოფილი ინფორმაცია, რომელთა მხედველობაში მიღებითაც ექვემდებარებოდა ჯარიმისგან რაიმე დამატებითი პირობების გარეშე გათავისუფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა და დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ტ.ბ-ის დაჯარიმების შესახებ 2022 წლის 27 მაისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15586 ბრძანება; ტ.ბ-ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, მათი მიღების დროისათვის არ მომხდარა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება და არ არსებობდა მათი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორის მითითებით, უდავოდ დადგენილია ტ.ბ-ის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენა. კერძოდ, მას კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ განუხორციელებია საბაჟო გამშვებ პუნქტს „...ის“ გავლით შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, რაც მიუთითებდა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კი 2022 წლის 27 მაისს დაუსწრებლად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლითაც ტ.ბ-ეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, როდესაც მათ ჩათვალეს, რომ სახეზე იყო საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტი და მოსარჩელე ცნეს სამართალდამრღვევად, თუმცა გამოიყენეს კანონის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ და გადაწყვეტილება მთლიანად დააფუძნეს აღნიშნულ ნორმას. კერძოდ, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე ვრცელდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება და მიუთითეს, რომ თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. კასატორის მითითებით, დასახელებული 22-ე მუხლი უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არა საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს. თავის მხრივ, ადმინისტრაციული სახდელი განმარტებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლში ჩამოთვლილია ადმინისტრაციული სახდელის სახეობანი. მეორე მხრივ საბაჟო სამართალდარღვევისა და საბაჟო სანქციის ცნებები განმარტებულია საბაჟო კოდექსის მუხლებით, რომლის თანახმადაც, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო საბაჟო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლითვეა გაწერილი საგადასახადო სანქციის სახეები. ადმინისტრაციული სახდელიც და საბაჟო სანქციაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას. თუმცა, ვინაიდან განსხვავდება მათი მიზნები, რეგულირების სფერო და სახეები, აღნიშნული ცნებები არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, არამედ არიან განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტები. ამგვარად, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს (და არა საბაჟო სანქციას), აღნიშნული მუხლი ვერ იქნება გამოყენებული საბაჟო სანქციის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს საზღვრის კვეთისას მოსარჩელის მიერ შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო შეფარდებული სანქციის თანაზომიერება და მიზანშეწონილობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ტ.ბ-ის სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, რამდენად იყო სახეზე მოსარჩელის მხრიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა და რამდენად კანონიერად მოხდა 2022 წლის 27 მაისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მისთვის საბაჟო სანქციის დაკისრება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში (იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ტ.ბ-ის მხრიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა და ამ მიმართებით აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა), პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს საწინააღმდეგოდ შეაბრუნოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამით სამართლებრივად გააუარესოს კასატორის სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მართებულად შეამოწმა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ვერ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შესაბამისი პრეტენზია არ წარდგენილა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს მოქალაქე ტ.ბ-ემ 2021 წლის 7 ივნისს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „...ის“ მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებით (საიდენტიფიკაციო კოდი - ..., სარეგისტრაციო ნომერი - ...) გადმოკვეთა საზღვარი. ავტომანქანას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 6 აგვისტო. ვინაიდან საზღვარზე ავტომანქანა არ გამოცხადდა განსაზღვრულ ვადაში, მის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის - ტ.ბ-ის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც მას სანქციის სახედ განესაზღვრა ფულადი ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით;
2021 წლის 16 აგვისტოს ტ.ბ-ეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, რის შედეგადაც ოცი დღე იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში, ხოლო 2021 წლის ოქტომბერში გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში მკურნალობის გასაგრძელებლად;
ტ.ბ-ე 2022 წლის მაისში დაბრუნდა საქართველოში, ხოლო იმავე წლის 30 მაისს გადაეცა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმი ტ.ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15586 ბრძანებით ტ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური, ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის და შესაბამისი საფასურ(ებ)ის/გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდებოდა 2022 წლის 27 მაისის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანების სარეზელუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადასტურებულ ობიექტურ გარემოებათა შესაბამისად (ტ.ბ-ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში, რის გამოც დადგენილ ვადაში საბაჟო ორგანოში ვერ შეძლო ავტომობილის წარდგენა), ამასთან, სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობის შეუძლებლობისა და ტ.ბ-ის საკასაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს დამრღვევის საბაჟო სანქციისგან (ადმინისტრაციული პასუხისმგებელობისაგან) გათავისუფლებას, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლიანობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო სანქციისაგან პირის გათავისუფლება და მის მიმართ შენიშვნის გამოცხადება, როდესაც სახეზეა შესაბამისი ობიექტური საფუძველი, არ ეწინააღმდეგება საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მის ამ ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე