საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-380(კ-23) 31 ივლისი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ.ქ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:რ.ქ-ემ 2021 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-562/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის რ.ქ-ის ოჯახისთვის (განაცხადში მითითებულ პირებთან ერთად) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით რ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-562/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - რ.ქ-ის ოჯახისთვის (განაცხადში მითითებულ პირებთან ერთად) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს მეუღლესთან თანაცხოვრებაზე, ხოლო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული. სასამართლო გადაწყვეტილებას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე ამყარებს, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები გააკეთეს. მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა შვილის და რძლის დაშორების შესახებ სხვადასხვა თარიღი უთხრა სასამართლოს. მოსარჩელის შვილმა კი განმარტა, რომ სწავლობს თბილისში და ჩადის ხოლმე მამის ოჯახთან. ასევე მიუთითა, ის გარემოებები, რაც ხელმოწერილი მონიტორინგის ოქმით ნამდვილად არ დასტურდებოდა. მან თავად განუმარტა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს, რომ მითითებულ მისამართზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობდა, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მხარემ 2021 წელს მიმართა შესაბამის ორგანოს განქორწინების მოთხოვნით, სადავო ბრძანების გამოცემის შემდგომ. ყოველივე აღნიშნული, მხოლოდ სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანას ემსახურება (როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე სასამართლოს).
კასატორის განმარტებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით (იხ. ადგილზე დათვალიერების და გასაუბრების ოქმი და ფოტო მასალა). გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის მეუღლეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონებები, მათ შორის თბილისშიც. სასამართლოს მითითებით რადგან მოსარჩელის ქულათა ოდენობა გახლდათ საკმარი საცხოვრებლი ფართის გადასაცემად სააგენტოს იგი უპირობოდ უნდა დაეკმაყოფილებინა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები რასაც საქმის გადაწყვეტისათვის ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა.
კასატორმა აღნიშნა, რომ არსებული მწირი საბინაო რესურსის პირობებში სააგენტო ცდილობს პირველ ეტაპზე უპირატესად დააკმაყოფილოს ყველაზე მეტად შეჭირვებული დევნილი ოჯახები. კასატორმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების მიღება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უამრავი უსახლკარო დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს და მათ საკითხზე მსჯელობს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს ყურადღება არ მიაქცია და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტების სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღო და არა რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რაც სრულიად დაუშვებელია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა დევნილ ოჯახებს მოსარჩელის ოჯახთან მიმართებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ.ქ-ის დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს, რ.ქ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს და ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა - ე.ქ-ე (დედა) და ნ. და თ. ნ-ები (შვილები), ხოლო ფაქტობრივ მისამართად - გორი, ...ის გზატკ. კორპ. №15, ბინა №... (...). 2019 წლის 21 ნოემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად - რ.ქ-ის ოჯახმა დააგროვა - 1.5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები).
საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (20.02.2020 წ, ოქმი №8), რ.ქ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით, კერძოდ 2 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე, მეუღლესთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. კომისიამ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ვრცელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობდა ვარაუდი, რომ მხარე, კარგად აპრობირებული მეთოდით ცდილობდა წარმოედგინა თავი ცალკე ოჯახად. გათვალისწინებული იქნა, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ 2019 წლიდან აკეთებდა განაცხადს და განმარტავდა, რომ 2019 წლიდან გადავიდა დედასთან და მეუღლესთან განქორწინებულია, თუმცა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შვილი აწვდის ინფორმაციას, რომ ცხოვრობს მშობლებთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ ივარაუდა, რომ მხარე საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით ამტკიცებდა 2019 წლიდან მეუღლესთან განქორწინების ფაქტს, თუმცა აღნიშნული მხოლოდ 2021 წლის 5 აპრილს დაადასტურა წარმოდგენილი განქორწინების მოწმობით. საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობის თანახმად - 2021 წლის 5 აპრილს განქორწინდნენ რ.ქ-ე და გ.ნ-ი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათა შეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ...ის დევნილთა დასახლებაში მდებარე №... კოტეჯში განხორციელებული მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტისას, მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე რ.ქ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს მეზობლები არ გამოუკითხავთ, ხოლო მონიტორინგის სამსახურის „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების“ 2020 წლის 10 თებერვლის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანების გამოცემას (ადმინისტრაციული ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი).
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტებების საფუძველზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე - რ.ქ-ე და გ.ნ-ი, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მომენტში არ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ის ფაქტი, რომ მათ განქორწინებასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართეს 2021 წელს, გამოწვეული იყო პირადი მიზეზებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია არასწორი სამართლებრივი შეფასება და საბოლოოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე