საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-422(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - მ. მ-ე, ა. ხ-ე, მ. ი-ე, რ. მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ს-ემ 2018 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 მარტის №25/5623 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე 14.00 კვ.მ და 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე აწ გარდაცვლილი შ. ს-ის მემკვიდრის - ა. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, ა. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ - მ. მ-ე, ა. ხ-ე, მ. ი-ე და რ. მ-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე ვერ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას, რითაც მას ერთმევა კონსტიტუცით გარანტირებული ერთ-ერთი ძირითადი უფლება - საკუთრების უფლება, რის გამოც ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, წარდგენილი დოკუმენტის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუჩნევლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ა. ს-ის წარმომადგენელმა - ხ. ს-ემ 2017 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე 26 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაერთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი. ამავე განცხადებაში მიეთითა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციაზე, რომლითაც განმცხადებელს წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ივლისის №599 ოქმი;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 25 იანვრის №16 საოქმო გადაწყვეტილება და 2008 წლის 26 თებერვლის №172 საკუთრების მოწმობა 112 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში, რომლითაც ა. ხ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №143-ში მდებარე 430.18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ასევე ამავე კომისიის 2008 წლის 9 მარტის საოქმო გადაწყვეტილება და ამავე თარიღის №194 საკუთრების მოწმობა 61 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში, რომლითაც მ. მ-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. №141-ში მდებარე 443.9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; ამავე გადაწყვეტილებით მ. მ-ისა და ა. ხ-ის განცხადებებთან დაკავშირებით მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა;
- საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... და 2018 წლის 28 თებერვლის №... წერილების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე 14.00 კვ.მ და 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე ა. ს-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 მარტის №25/5623 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მითითებულ მიწის ნაკვეთების საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იქნა ამავე კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №34 და 2017 წლის 27 ივლისის №37 საოქმო გადაწყვეტილებებით, განსახილველი მიწის ნაკვეთები მიჩნეულ იქნა შ. ს-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულად. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები კი მიღებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებული 14.00 კვ.მ და 26.00 კვ.მ მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის №... გადაწყვეტილებით ხ. ს-ეს ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე 14.0 კვ.მ და 26.0 კვ.მ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამასთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ხ. ს-ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
- ასევე დადგენილია, რომ რეგისტრაციაზე უარი ხ. ს-ემ 2018 წლის 30 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით ხ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება. ამასთანავე, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქმეზე დადასტურებულ გარემოებათა და მათ მომწესრიგებელ ნორმათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე უძრავ ნივთზე დაცული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დგინდება შ. ს-ის უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დასახელებული დოკუმენტით, „ბათუმი, ...ის №16-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1969 წლის 1 თებერვალს. სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 1969 წლის 1 თებერვლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ორი თავფურცელი: ერთ მათგანზე შესაბამის გრაფაში (მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა სია) მითითებულია სახლმმართველობა №8, რომლის მფლობელობაც გაუქმებულია (გადახაზულია) და ფიქსირდება შ. ს-ე, რომელსაც საფუძვლად მითითებული აქვს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 15 თებერვლის №120 გადაწყვეტილება, ხოლო მეორე თავფურცელზე შესაბამის გრაფაში თავდაპირველად მითითებულია შ. ს-ე, რომლის მფლობელობაზეც გაკეთებულია ჩანაწერი: „ექვემდებარება დანგრევას“, ხოლო შემდგომ ფიქსირდება სახლმმართველობა №8. ამავე თავფურცელზე გაკეთებულია ჩანაწერი „დარეგ. რ. მ-ეზე 60.1 შენობა, 60.1 მიწა“. შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილი არ არის. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით კი, ქალაქ ბათუმში, ...ის №16-ში მდებარე 427.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (60.10 კვ.მ) რეგისტრირებულია რ. მ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად უდევს თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს მიერ 2008 წლის 4 იანვარს გაცემული №43 და 2009 წლის 25 დეკემბერს გაცემული №1356 საკუთრების უფლების მოწმობები. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის, როგორც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეფასებაზე, უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო თუ წარმოების ფარგლებში სააგენტო არ მიიჩნევს არსებულ დოკუმენტს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ამდენად, სადავო აქტით მართებულად განიმარტა, რომ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთებზე შ. ს-ის მართლზომიერი მფლობელობა. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება;
3. ხ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 13 ივნისს №28596434 საგადასახადო დავალებით ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე