Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-499(კ-23) 31 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი. პ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი. პ-იმა 2021 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება 2017 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე, ჯამში - 2025 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის თანხა, 2017 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე, ჯამში - 2025 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - რამდენად კანონიერია ი. პ-ის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შედეგად მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაცია 45 ლარის ოდენობით თანხის მოთხოვნის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული თანხა სააგენტოს დააკისრა 2017 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე, ჯამში 2025 ლარის ოდენობით. მაშინ როდესაც ი. პ-ის დევნილის სტატუსის აღდგენა მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინების მიღებიდან.

კასატორმა მიუთითა ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N 287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის 14 ,,ა" პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი. ასევე, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი სამინისტროს/სააგენტოს უარი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

კასატორის მითითებით აღნიშნული უფლების რეალიზება მხარემ მოახდინა და სადავო ბრძანება, რომლითაც მას დევნილის სტატუსი ჩამოერთვა და შესაბამისად დევნილის ყოველთვიური შემწეობა შეუწყდა, გაასაჩივრა სასამართლო წესით. წარდგენილი სარჩელით მხარე ითხოვდა მხოლოდ დევნილის სტატუსის აღდგენას, რაც დაკმაყოფილდა კიდეც და ზემდგომი ინსტანციების მიერ დარჩა ძალაში. სარჩელში, მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებებში საუბარი არ არის სააგენტოს მიერ დევნილის შემწეობის მხარისათვის ანაზღაურების საკითხზე, რადგან აღნიშნული თავად არ წარმოადგენდა მხარის სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, კასატორმა აღნიშნა, რომ თუ მხარეს სურდა დევნილის ყოველთვიური შემწეობის ანაზღაურება გასულ პერიოდზე მას აღნიშნული სასამართლო წესით, სადავო N 1475 ბრძანების გასაჩივრებისას უნდა მოეთხოვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ მხარის მოთხოვნა გასულ პერიოდზე დევნილის შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხანდაზმულია, კერძოდ მან გაუშვა აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - ,,დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის'' მე-11 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა შეწყდება თუ პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი. მე-4 ნაწილის ,,ბ'' პუნქტის თანახმად კი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კასატორის განმარტებით მითითებული ნორმების საფუძველზე ცალსახაა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეწყვეტის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, მხარე თავისი მოთხოვნით ეწინააღმდეგება მითითებული სამართლებრივი ნორმების მიზანს და შინაარსს. ამდენად, მხარის მოთხოვნა ხანდაზმული რომც არ იყოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შემწეობის ანაზღაურებას სტატუსის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი. პ-ისათვის დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევის შედეგად მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაციის 45 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილის შემწეობა განმარტებულია, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-12 და მე-16 მუხლებიდან გამომდინარე, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელსაც გასცემს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე; ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი; ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი; გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე; ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, დევნილის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. თავის მხრივ, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. პ-ის აღუდგა უკანონოდ ჩამორთმეული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და შესაბამისად აღუდგა დევნილის შემწეობის თანხის დარიცხვაც.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა, რამაც გამოიწვია გასაცემელის შეწყვეტა, მიჩნეულ იქნა უკანონოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კი, ი. პ-ის აღუდგა დევნილის სტატუსი და შესაბამისად, განახლდა მასზე დევნილის შემწეობის გაცემა, ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე ვერ იღებდა კუთვნილ თანხას, ექვემდებარება ანაზღაურებას, რამეთუ უდავოა, რომ წინა პერიოდში 2017 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის მაისამდე, მოსარჩელე ი. პ-ი მოპასუხის მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ) გამოცემით დაბრკოლდა, მიეღო კანონით მისთვის განსაზღვრული შემწეობა, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონსტიტუციით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის მიღება კუთვნილი ოდენობით კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის მიღება, როგორც სოციალური დახმარების მიღების უფლება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ი. პ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რის გამოც არსებობდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევის შედეგად მიუღებელი ყოველთვიური კომპენსაციის 45 ლარის ოდენობით, ანაზღაურების საფუძველი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე