Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-500(კ-23) 31 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ე. ფ-ე, მ. ფ-ე (ქ. ჯ-ას უფლებამონაცვლეები)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ჯ-ამ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-840/ო ბრძანება, მოსარჩელე ე. ფ-ისა და მ. ფ-ის როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ფ-ისა და მ. ფ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ფ-ისა და მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-840/ო ბრძანება, მოსარჩელე ე. და მ. ფ-ეების როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ფ-ისა და მ. ფ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების საკითხის განხილვა სააგენტოში მოხდა შესაბამისი კომისიის მიერ. მოკვლეული მასალითა და გეოლოგიური დასკვნით დადგინდა, რომ ქ. ჯ-ას საცხოვრებელი სახლი ძველი აშენებულია, დაბზარულია მისი ოთხივე კედელი, ბზარების სიგანე აღემატება 5 სმ-ს და ხშირ შემთხვევაში გამჭოლია. სახლის დაზიანებას ასევე ხელი შეუწყო ფერდობზე განვითარებულმა ნელი მოძრაობის მეწყერმა, რომელიც დიდი პერიოდულობით განიცდიდა გააქტიურებას და დაკავშირებული იყო ძლიერ, ხანგრძლივ ატმოსფერულ ნალექებთან. კასატორის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ სახლის დაზიანების მიზეზი არის სიძველე და მოუვლელობა, რაც ხშირ შემთხვევაში მიტოვებული სახლების უმეტესობას ახასიათებს, ხოლო სახლის დაზიანებას ამავდროულად ხელი შეუწყო ფერდობზე განვითარებულმა ნელი მოძრაობის მეწყერმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე კი კასატორის განმარტებით, მხოლოდ დაზიანების ხარისხის განსაზღვრა არ არის საჭირო, რათა საჭირო გახდეს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა. თავად გეოლოგიური დასკვნა თავის დროზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, არცერთი ინსტანციის სასამართლო არ უთითებს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება რაში გამოიხატება, კერძოდ რა უნდა გეთვალისწინებინა დამატებით და რა არ გაითვალისწინა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (გეოლოგიურ დასკვნას) არასწორად შეაფასეს და განმარტეს, რომ კომისიამ მოსარჩელეებს ისეთ პირობებში უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, როდესაც ალტერნატიული საცხოვრებელი მოსარჩელის ოჯახს არ აქვს. კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების" მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი და განმარტა, რომ განსახლების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა – შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. კასატორის განმარტებით საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელეების საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულ ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. კომისიამ და სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მოსარჩელე არ დააკმაყოფილა საცხოვრებლით გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება. მოსარჩელეები შეუზღუდავად სარგებლობენ თბილისში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ფართით, რომელთან დაკავშირებითაც არცერთი ინსტანციის სასამართლოს ინფორმაცია არ გამოუკვლევია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი განჩინების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. და მ. ფ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი 13 დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად მოსარჩელე ე. და მ. ფ-ეების ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 16,5 ქულა - საცხოვრებელი სახლის დაზიანების 1 კატეგორია - 10 ქულა, სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა. მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი - 0,50 ქულა. დადგენილია ასევე, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები 2020 წლის 21 ოქტომბერს განაცხადის გადამოწმების მიზნით იმყოფებოდნენ მოსარჩელეების მიერ მითითებულ მისამართზე (მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი). 2020 წლის 21 ოქტომბრის გადამოწმების ოქმის თანახმად, ქ. ჯ-ას ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან, შვილი - ე. ფ-ე, შვილი - მ. ფ-ე, შვილიშვილი - დ. ბ-ი). საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაზიანებულია მეწყრული პროცესებისგან. ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. საცხოვრებელი სახლი, ასევე დამხმარე ნაგებობა არის დაზიანებული მეწყრული პროცესებიდან. გამომდინარე ძირითად სახლს აღენიშნება ბზარები, როგორც კედლებზე ასევე საძირკველზე, ასევე გადახრილია საყრდენი ბოძები. დამხმარე ნაგებობას ასევე აღენიშნება ბზარები ძირითად კედელზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ასევე უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 დეკემბრის №21/4141 დასკვნაზე, (გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს სპეციალისტების მომზადებული დასკვნა) რომლის შესაბამისად „ქ. ჯ-ას საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 100 დახრილობის ხევის ...ა ფერდობზე, რომელიც ეროზიულ-დენუდაციური გენეზისაა. გეოლოგიურად აგებულია მესამეული ასაკის ქანებით, რომელიც ლითოლოგიურად თიხებით, ქვიშაქვებით და კონგლომერატების შუაშრეებით არის წარმოდგენილი. საცხოვრებელი სახლი ძველი აშენებულია, დარბაზულია მისი ოთხივე კედელი. ბზარების სიგანე 5 სმ-ს აღემატება და ხშირ შემთხვევაში გამჭოლია. სახლის დაზიანებას ასევე ხელი შეუწყო ფერდობზე განვითარებულმა ნელი მოძრაობის მეწყერმა, რომელიც დიდი პერიოდულობით განიცდიდა გააქტიურებას და დაკავშირებული იყო ძლიერ, ხანგრძლივ ატმოსფერულ ნალექებთან. სახლი ავარიულია, საჭიროა მისი დაშლა და მდგრად ადგილზე გადატანა. დაბზარული სახლის გვერდზე აშენებული შედარებით ახალი დამხმარე შენობაც, რომლის დაზიანების უმთავრესი მიზეზია საძირკვლის უხარისხობა. ეზოს ტერიტორიაზე სახლის აშენება შესაძლებელია ტერიტორიების დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლის შემდეგ.“

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების არარსებობის პირობებში დაზიანებაზე მითითებას არ ითვალისწინებს და მისი დაზიანება გამოწვეულია მხოლოდ სიძველით; მეტიც, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლის დაზიანებას ასევე ხელი შეუწყო ფერდობზე განვითარებულმა ნელი მოძრაობის მეწყერმა, რომელიც დიდი პერიოდულობით განიცდიდა გააქტიურებას და დაკავშირებული იყო ძლიერ, ხანგრძლივ ატმოსფერულ ნალექებთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამავე დასკვნის თანახმად, ეზოს ტერიტორიაზე სახლის აშენება მხოლოდ დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, ასევე ადასტურებს ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესების განვითარების ფაქტს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორს სწორედ სტიქიური გეოლოგიური პროცესები წარმოადგენს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების ოჯახი წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტ ოჯახს).

რაც შეეხება კასატორის მითითებას ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობაზე, საკასაციო პალატა მოიხმობს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტებს, რომლის შესაბამისად დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების ეკომიგრანტი ოჯახისთვის მინიჭებული 16.50 ქულა სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ შემცირებულა, მათ შორის, უცვლელი დარჩა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში მინიჭებული 6 ქულა. გარდა აღნიშნულისა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მრავალგზის განიმარტა, „მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის №ბს-1161(კ-20) განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე