Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1029(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ე. ც-ა

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ო-მა 2018 წლის 06 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ის ქ. N3/5-ის მესამე სართულზე მდებარე 47.65 კვ.მ. ფართის ა. ო-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელეს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი არსებობს, ვინაიდან სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ მომხდარა წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა, კერძოდ, მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დასარეგისტრირებელი ფართი წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ ფართებთან მიმართებით ერთ სისტემაში გაერთიანებულ ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რომლითაც ბმა-ის ვერცერთი წევრი ვერ ისარგებლებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართების გამოყენების გარეშე, რომ აღნიშნული საფუძვლით რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა საჭირო არ იყო. მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება სხვა მტკიცებულებებთან ერთად დააფუძნა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმად „N 47 და N 48 შემინული აივნები (შუშაბანდები) აღნიშნული პერიოდისათვის გაერთიანებულია და წარმოადგენს ერთიან სივრცეს, რომელიც სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია კედლითა და თაბაშირ მუყაოს ტიხრით. ხსენებულ აივანში (შუშაბანდში) მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ ა. ო-ის საკუთრებაში არსებული N 254 და N 255 ოთახების გავლით".

კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭირო ეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა, იმ ფონზე, როდესაც საქმეში არ მოიპოვებოდა არცერთი სახის საწინააღმდეგო შინაარსის მქონე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართების მიმართ ერთ სისტემაში გაერთიანებულ და ურთიერთ-დაკავშირებულ იზოლირებულ ფართს და სადავო ფართით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნიათ ბმა-ის სხვა წევრებსაც. კასატორის მითითებით სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას, რაც ცალსახად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან აღნიშნული მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მხრიდან რომ მომხდარიყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევა და განხორციელებულიყო წარმოდგენილი გარემოებების ამგვარი სწორი სამართლებრივი შეფასება ის მიიღებდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ასევე ერთ გარემოებაზე, რომელიც სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად სასამართლოს მხრიდან შეფასების გარეშე იქნა დატოვებული, კერძოდ, მოსარჩელის ა. ო-ის მსგავსად, განმცხადებლის მეზობლად მცხოვრებმა ბმა-ის კრების ოქმის გარეშე საკუთრებაში დაირეგისტრირა ფართი, სარეგისტრაციო წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განმცხადებლისთვის არ მოუთხოვია ის დოკუმენტები, რაც მოსარჩელისთვის რეგისტრაციაზე უარის საფუძველი გახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ო-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა. ო-ისთვის შიდა აზომვითი ნახაზზე ასახულ მომატებულ 47.65 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერების დადგენა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო აქტებით იზღუდება თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ 2018 წლის 10 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ა. ო-მა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №3-5-ში მდებარე უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) გაერთიანება და შიდა აზომვითი ნახაზზე ასახულ მომატებულ კვ.მ 47.65 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 15 მაისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ო-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა საერთო ფართი, ამასთან, №... განცხადებას დართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გასაერთიანებელი ფართი მოიცავდა თუ არა ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ფართობს. გარდა ზემოაღნიშნულისა, დამატებით ეცნობა, რომ შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის, წარსადგენი იყო ამხანაგობის განმარტებითი ხასიათის 100%-იანი კრების ოქმი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ა. ო-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე- 3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც ასევე განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის მოთხოვნით, იმავდროულად ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც წარმოშობს მოთხოვნის რეგისტრაციის შესაძლებლობასა და საფუძველს. ამასთან, აღნიშნავს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22- ე, 23-ე მუხლებით. კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

კასატორი უთითებს, რომ დასარეგისტრირებელი ფართი წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებულ ფართებთან მიმართებით ერთ სისტემაში გაერთიანებულ ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ვერცერთი წევრი ვერ ისარგებლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართების გამოყენების გარეშე, აღნიშნულიდან გამომდინარე რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა საჭირო არ არის. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად უთითებს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე და განმარტავს, რომ სადავო ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ა. ო-ის საკუთრებაში არსებული N254 და N255 ოთახების გავლით.

საკასაციო პალატა კასატორის მიერ მითითებული არგუმენტის საპირწონედ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის N005116818 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, "ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N3/5-ში მდებარე, ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე არსებული N47 და N48 შემინული აივნები 19 (შუშაბანდები) აღნიშნული პერიოდისათვის გაერთიანებულია და წარმოადგენენ ერთიან სივრცეს, რომელიც სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია კედლითა და თაბაშირმუყაოს ტიხრით. მითითებულ დასკვნას ერთვის საკვლევი სართულის სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით, N254 და N255 ფართებიდან კარი გადის საერთო სარგებლობაში არსებულ შემინულ აივანზე. საერთო სარგებლობის სამზარეულოდან (N251 ფართი) კარით შესაძლებელია შემინულ პატარა ფართში გასვლა, რომლის მარცხენა მხარეს არის ა. ო-ის საკუთრებად რეგისტრირებული 4 კვ.მ საკუჭნაო, ხოლო მარჯვნივ შემინული აივანი. ამ პატარა შემინული სივრციდან, ნახაზის მიხედვით არსებობს კარი, საიდანაც სადავო შემინულ აივანზე შესაძლებელია გასვლა."

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ე. ც-ა და მოპასუხე ა. ო-ი ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N3/5-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მესამე სართულზე და მათ გარდა ამ სართულზე არავინ ცხოვრობს. როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ გარკვეული ფართები, თუმცა ამ სართულზე ასევე არსებობს - 47,65 კვ.მ სადავო შუშაბანდი, რომელიც არც მოსარჩელეს აქვს საკუთრებად რეგისტრირებული და არც მოპასუხეს. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო 47,65 კვ.მ შემინული აივანი წარმოადგენს ა. ო-ის და ე. ც-ას საერთო სარგებლობის სივრცეს და როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე სადავო ფართის თანამოსარგებლეები არიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები და რომ დასარეგისტრირებელი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართებთან მიმართებით ერთ სისტემაში გაერთიანებულ ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის შესაბამისად, იქ არსებული საერთო სარგებლობის ფართები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას და მათი რეგისტრაცისას გამოყენებული უნდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციზე“, რომლის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ნივთის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მესამე პირთა სასარგებლოდ სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან გასხვისება შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის მონაცემების თანახმად, შიდა აზომვით ნახაზზე მითითებული დასარეგისტრირებელი ფართი (აივანი) წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ფართს, შიდა აზომვით ნახაზზე არსებული მიმატებული ფართის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი მომატებული (დასარეგისტრირებელი) ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომელშიც ასევე განმარტებული იქნებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გასაერთიანებელი ფართი მოიცავდა თუ არა ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ფართობს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ მოახდინა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა-გამოკვლევა და სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამ აქტის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილების მიმართ.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ა. ო-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება

3. ვ. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა. ო-ის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 21 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე