Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1155(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - კ. თ-ი, გ. პ-ე, ბ. გ-ე, გ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ტ-იმა 2016 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2009 წლის 03 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ, 2009 წლის 06 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ, 2016 წლის 04 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2016 წლის 10 მაისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ივნისის განჩინებით ს. ტ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის N ... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ტ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ს. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა ს. ტ-იმა, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე ს. ტ-ის მიერ საკუთრების უფლების შეძენა მოხდა 2006 წელს, მის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქი რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს/კ ..., 1814 კვ.მ ფართობით განხორციელდა 2006 წელს მოქმედი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონით. მის მიერ შესრულდა ყველა ის აუცილებელი მოქმედება, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს კანონმდებლობა და რომელიც უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მესამე პირების მიმართ მისი საკუთრების დაცვის უზრუნველყოფის საშუალება.

კასატორმა მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულია აღნიშნული სამართლებრივი აქტების ნორმები კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოებისას არსებული სარეგისტრაციო მონაცემების გაუთვალისწინებლად, დაეყრდნენ ამზომველის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას და წარდგენილ სახეშეცვლილ საკადასტრო ნახაზს, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა 2006 წელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაციისგან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ს/კ ...–ით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის შეცვლა, ხოლო მოსარჩელის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება.

კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ, თუ როგორ ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება 115 კვ.მ-ით იმ პირობების არსებობისას, როდესაც დადგენილი ზედდების შემდეგ სასამართლო წარმოების ეტაპზე ერთ-ერთმა მესამე პირმა მოახდინა ხარვეზის გასწორება. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. ტ-ისთვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, ამასთან, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო აქტებით იზღუდება თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

საკასაციო პალატა მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესითა და საფუძვლით, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი განცხადების შედეგად. ამდენად, როგორც თავდაპირველი რეგისტრაციისას, ისე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განსახორციელებლად განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ნივთზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. მითითებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზიას წარმოადგენს წარდგენილ საკადასტრო ნახაზსა და რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებს შორის რეესტრის მიერ დადგენილი ზედდების არსებობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან. საბოლოოდ ს. ტ-ი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ არასწორად იქნა განხორციელებული მესამე პირთა საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთებზე ცვლილების რეგისტრაცია; სასარჩელო მოთხოვნებს, რომელიც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 03 აგვისტოს №... და 2009 წლის 06 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტების კანონიერება უნდა შეფასდეს იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნდა თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავი ქონებების გ. პ-ეისა და კ. თ-ის საკუთრებად დარეგისტრირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველ საქმეში არსებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთზე ს. კ. ... რეგისტრირებული იყო შპს ,,ი...ს" საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ ხსენებული ნაკვეთი 2009 წელს დაიყო 5 ნაკვეთად. (საკადასტრო კოდები: ...; ...; ...; ... და ...). დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 03 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით კ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია (ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია). ამასთან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს. კ. ... კ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2006 წლის 08 ნოემბრიდან. რეგისტრაციის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 06 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განხორციელდა გ. პ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია). უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს. კ. ... გ. პ-ეის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია 2008 წლის 22 მაისს. დადგენილია, რომ ს. ტ-იმა 2006 წლის 27 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, უძრავი ნივთის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს 2007 წლის 02 თებერვალს. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ს. კ. ... 2020 წლის 07 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ა-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ს.კ ..., 2013 წლის 28 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. გ-ეის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 მარტის №008445219 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ადგილზე აზომვის შედეგად მიღებული მონაცემები, შედარებულ იქნა შპს ,,ი...ს" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფის გეგმასთან, აღნიშნულის შედეგად დადგენილი იქნა, ს. ტ-ის, ბ. ს-ას და კ. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა. მოხდა შპს ,,..."-ს მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზისა და საქმის მასალებში არსებული გამიჯვნის გეგმის გაორიენტირებული ნახაზის ურთიერთშედარება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს ,,..."-ს მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები, კონფიგურაცია, ფართი და მდებარეობა კოორდინატთა სივრცეში, ძირითადად შეესაბამება საქმის მასალებში არსებული გამიჯვნის გეგმის გაორიენტირებულ ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტულ ზომებს, კონფიგურაციას, ფართს და მდებარეობას კოორდინატთა სივრცეში. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტ ი. ი-ის განმარტებაზე, რომ შპს ,,..."-ს მიერ შესრულებული აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები, კონფიგურაცია, ფართი და მდებარეობა კოორდინატთა სივრცეში, 90 პროცენტით შეესაბამება საქმის მასალებში არსებული გამიჯვნის გეგმა გაორიენტირებულ ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტულ ზომებს კონფიგურაციას, ფართს და მდებარეობას კოორდინატთა სივრცეში. ამასთან მიუთითა, რომ შპს ,,ი...ს" ნახაზი არის ძველი და ხელით შესრულებული. გეგმის მიხედვით, ს. ტ-ის მიღებული აქვს 1814,24 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები უძრავი ქონებებზე ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამის უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, მართებულად მიუთითეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, რომ სადაო რეგისტრაციები განხორციელებული იქნა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებული იყო სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობდა იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობდა და იგი ეკუთვნოდა რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენდა, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულია რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა, კერძოდ თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ; თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ ამ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად; თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად; რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნულიდან სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელისა და წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, ს. ტ-ისა და კ. თ-ის რეგისტრაციისას სახეზე იყო დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება. ერთ-ერთი მათგანის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრირებამ გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ წარდგენილი მონაცემების დარეგისტრირება. მესამე პირების თავდაპირველი რეგისტრაციები და მათი სამართლებრივი საფუძვლები მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა, ის ძალაში იყო სადავო რეგისტრაციის განხორციელების მომენტში და არც შემდგომში გაუქმებული. ამდენად, სახეზე იყო უფლებაწარმომშობი ხელშეკრულებები და მის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება - რეგისტრაციები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეესტრის მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაციები მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციული აქტები მიღებულ იქნა სრულყოფილი და ობიექტური ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.

რაც შეეხება, კასატორის მოთხოვნას მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 04 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2016 წლის 10 მაისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ამავე კანონის 2-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი; განსახილველ საკითხთან მიმართებაში პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისთვის დავალებული დოკუმენტის - აზომვით/აგეგმვით ნახაზსა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის ზედდების არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. აქვე საყურადღებოა ის ფაქტი რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ,,მაპანეტი 7-ის" მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები, კონფიგურაცია, ფართი და მდებარეობა კოორდინატთა სივრცეში ძირითადად შეესაბამება საქმის მასალებში არსებული გამიჯვნის გეგმის გაორიენტირებულ ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის გაბარიტულ ზომებს, კონფიგურაციას, ფართს და მდებარეობას კოორდინატთა სივრცეში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. შ-ი მ.-სს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. ტ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 31 იანვარს №15914916179 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე