Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1223(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა...ს“ წარმომადგენელმა 2022 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მიმართ და „ც.ფ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №10/10603 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №10/12392 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის მიერ პაციენტ ც.ფ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 1262.70 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ც.ფ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №10/10603 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №10/12392 გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ც.ფ-სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 1262.70 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ც.ფ-სთვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. დასტურდება, რომ პაციენტი 2021 წლის 31 მარტიდან 2021 წლის 8 აპრილის ჩათვლით მკურნალობდა შპს „ა...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა პროგრამის ფარგლებში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი - ...; დიაგნოზი - K80.0-/- ნაღვლის ბუშტის ქვები მწვავე ქოლეცისტიტით; ჩარევა - JKSA20 - ქოლეცისექტომია. სამედიცინო დოკუმენტაციით მოწოდებული დიაგნოზი/ჩარევა კი იდენტურია №36 დადგენილების დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიაგნოზის/ჩარევის. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეატყობინოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. აღნიშნული დარღვევა გამოვლინდა ინსპექტირების ეტაპზე, რის გამოც არ ანაზღაურდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტი და განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტის - ც.ფ-ს მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. ც.ფ-სთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატის მითითებით, კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების მე-15 მუხლის მე- 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). აღნიშნულ საფუძველზე მიუთითებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და ამასვე უთითებს სააგენტო სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა, საკასაციო პალატის მითითებით, სადავო აქტებში არ არსებობს დასაბუთება, კონკრეტულად რაში გამოიხატა ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტი - ც.ფ-ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე პირს. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №5289 ცნობის თანახმად დადგენილია, რომ პაციენტი შპს ,,ო...ში“ შევიდა 2021 წლის 31 მარტს. პაციენტის ანამნეზიდან ირკვევა, რომ მომართვამდე რამდენიმე დღით ადრე აღენიშნებოდა ტკივილები მუცლის არეში, რომლის ინტენსივობამ მომდევნო პერიოდში იმატა, დაერთო გულისრევა, შებერილობა, საერთო სისუსტე. ყოველივე აღნიშნულის გამო 112 ბრიგადის მიერ ც.ფ-ი მიყვანილ იქნა ...-ს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. პაციენტს მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ასევე ტრავმატოლოგის მიერ გაეწია კონსულტაცია. მარცხენა ლატერალური გოჯის მოტეხილობის (ცდომის გარეშე) გამო მარცხენა კოჭ-წვივის არეში დაედო თაბაშირის ღარიანი ლონგეტი (NHXX32). პაციენტს ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზის კონტროლი დინამიკაში, სადაც აღენიშნებოდა ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. ჩატარებული ინფუზიური და სპაზმოლიზური თერაპიის მიუხედავად, კვლავ აღენიშნებოდა ტკივილები მუცლის არეში. დაუდგინდა წინასწარი დიაგნოზი - მწვავე მუცელი. 2021 წლის 1 აპრილს ზოგადი გაუტკივარების ქვეშ (WAA4) ჩაუტარდა ოპერაცია: ლაპაროტომია, რევიზიით ნანახი იქნა ნაღვლის ბუშტი მკვეთრად დილატირებული, დაჭიმული, გასქელებული კედლებით, მორუხო ფერის, ალაგ-ალაგ ფიბრინის ნადებებით, პუნქციის შემდეგ მიღებულია ბლანტი თეთრი ფერის ნაღველი, ნ/ბუშტის დაცლის შემდეგ ყელის არეში ნანახი იქნა წვრილი კონკრემენტები. შესრულდა ქოლეცისტექტომია (JKSA20) მუცლის ღრუს დრენირება (JKSA20). პოსტოპერაციული პალატიდან პაციენტი გადაყვანილ იქნა ზ/ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც უტარდებოდა ანტიბაქტერიული, ანტიულცერული, ანტიკოაგულანტური, ინფუზიური და სხვა სახის სიმპტომური კონსერვატიული მკურნალობა. უკეთდებოდა ყოველდღიური შეხვევები, ჭრილობა ხორცდება პირველადი დაჭიმვით.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს „ა...ის“ მიერ პაციენტ ც.ფ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია: 1. სახ. კოდი: ...; დასახელება: დიაგნოზი K80.0-K80.0-ნაღვლის ბუშტის ქვები მწვავე ქოლეცისტიტით, ჩარევები: ZYZX82-ZYZX82-წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი მოვლა(რაოდენობა-1)WAA4-WAA4-ზოგადი ანესთეზია(რაოდენობა-1) JKSA20-JKSA20- ქოლეცისტექტომია (რაოდენობა-1) პროცენტი-90.00 ასაკობრივი ჯგუფი - ყველა; დაწყება- 31.03.2021, 16:22:00; დასრულება-08.04.2021, 15:00:00; NCSP ჩარევები- JKSA20- ქოლეცისტექტომია; პროგრამა-მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა; კომპონენტი-გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.

საკასაციო პალატა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებულია მასზე დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე აიტვირთა ინფორმაცია პაციენტის - ც.ფ-ის დიაგნოზის შესახებ: K80.0 ნაღვლის ბუშტის ქვები მწვავე ქოლეცისტიტით. შეტყობინების თარიღად მითითებულია 2021 წლის 01 აპრილი (ს.ფ. 17). აღნიშნული დიაგნოზი ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფორმა IV-100 (ს.ფ.18) და ფორმა IV-300-16/ა (ს.ფ.19), რომლებშიც მითითებულია იდენტური დიაგნოზები და ჩატარებული ოპერაციის პროტოკოლი. აღნიშნული დიაგნოზები კი ექცევა ასანაზღაურებელი კატეგორიის მონაცემში. შესაბამისად, პაციენტის - ც.ფ-ის მიმართ განხორციელებული სამედიცინო ჩარევა, მასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია და პორტალზე გადაცემული ინფორმაცია ერთმანეთთან თანხვედრაშია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების კონკრეტული ნორმების დარღვევაზე, თუმცა მასში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. ამრიგად, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის - ც.ფ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალების საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2022 წლის 1 ნოემბერს №28403 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე