Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1479(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ... ცენტრი“ (შპს ... ცენტრის უფლებამონაცვლე)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „... ცენტრის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სამედიცინო დაწესებულებისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №04/22154 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „... ცენტრის“ შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე და ამავე ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „დ... ცენტრი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „... ცენტრის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №04/22154 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. რაც შეეხება 2015 წლის 1 ოქტომბრის №04/74373 წერილს, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გაგრძელებაზე, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი კანონიერია და შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მოთხოვნებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი თ. ჩ-ა არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე, იგი კლინიკაში მკურნალობდა 2017 წლის 17 სექტემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრამდე, მას ჩაუტარდა სამედიცინო (ამბულატორიული) მომსახურება და დაუდგინდა დიაგნოზი: ICD-J94.8, ხელოვნური კოდი - 1000000001. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 382 ლარი. კლინიკამ აღნიშნული თანხის გადახდა სრულად დააკისრა პაციენტს, მიმწოდებლის მიერ კი, 2017 წლის 17 ოქტომბერს გაკეთდა კომენტარი - „ეს შემთხვევა არ მოითხოვება“.

კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელოვნური კოდით - 1000000029 - ჰიდროთორაქსი (გულის უკმარისობის და ონკოლოგიური პათოლოგიის დროს, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას). განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველია რომელი კვლევის საფუძველზე გამოირიცხა ასეთი პროგრამული სამედიცინო შემთხვევის არსებობა. კასატორის მოსაზრებით, კლინიკა ვალდებული იყო დაედგინა მითითებული დიაგნოზი, რისთვისაც უნდა ჩაეტარებინა რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და სითხის ევაკუაცია. ამ შემთხვევაში გადაუდებელი ამბულატორიის ღირებულება იქნებოდა 161 ლარი და 30 თეთრი.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში დარღვეულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო დადასტურებული დარღვევის გამო, ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კლინიკას მართებულად დაეკისრა ჯარიმის - 161.30 ლარის სამმაგი ოდენობის - 483.90 ლარის გადახდა. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე და არასწორად განმარტა იგი. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კლინიკისთვის ჯარიმის დაკისრების კანონიერების შეფასება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. საქმეები: „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ §71; „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ §76; „Van de Hurk v. Netherlands“, par.61, „Garcia Ruiz v. Spain“ [GC] par.26; „Jahnke and Lenoble v France“ (dec.); „Perez v France“ [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შპს „... ცენტრისთვის“ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №04/22154 გადაწყვეტილების კანონიერება, პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის 10.21 მუხლი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის N92/ნ ბრძანების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრს (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიურ ჯამურ ანგარიშს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით. ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ზემოაღნიშნული დადგენილების 151 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით, ხოლო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები გათვალისწინებულია ამავე დადგენილების დანართი 1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათ შორის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის, უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების ან ჯარიმის დაკისრების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტ თ. ჩ-ას ჩაუტარდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოზით, ჰიდროთორაქსი - გამოწვეული თირკმლების უკმარისობით - J94.8, ხელოვნური კოდი - 1000000001, თუმცა მოპასუხემ მიიჩნია, რომ არასწორად დადგინდა დიაგნოზი და ნაცვლად ზემოაღნიშნულისა, მითითებული უნდა ყოფილიყო ჰიდროთორაქსი - გამოწვეული გულის უკმარისობითა და ონკოლოგიური პათოლოგიით, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას (ს/ა, რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, სითხის ევაკუაცია) გადაუდებელი ამბულატორიის ღირებულება კი შეადგენს 161. 30 ლარს, რის გამოც სააგენტომ ჩათვალა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეული იყო პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №04/22154 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით გადასახდელად დაეკისრა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (161.3 ლარი) სამმაგი ოდენობა, ანუ 483.9 ლარი, მასვე დაევალა პაციენტისათვის დაკისრებული ვალის - 382 ლარის ბათილად ცნობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას არასწორი დიაგნოზის მოტივით საჯარიმო სანქციის კანონიერების თაობაზე და მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე, აღმსარებლობისა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექიმის საქმიანობა დამოუკიდებელია, ხოლო თუ საკითხი შეეხება პაციენტის მიმართ განხორციელებულ არაჯეროვან მკურნალობას ან მკურნალობის ხარისხს, აღნიშნული წარმოადგენს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული დასკვნის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება არასწორ დიაგნოზთან დაკავშირებით, მხოლოდ ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს შეფასება ვერ გახდება შეფარდებული ჯარიმის კანონიერად მიჩნევის წინაპირობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ას შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ დაასაბუთა არასწორი დიაგნოზის არსებობა და ასევე ის გარემოება, არსებობდა თუ არა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არაჯეროვანი მომსახურების გაწევის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი კი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2023 წლის 10 იანვარს №00029 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე