Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1510(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ი-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ი-ემ 2021 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა „მ. ი-ეისათვის თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის SSVA 00009450 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი.

სარჩელის მიხედვით, მ. ი-ე 1987 წლიდან 1989 თებერვლამდე მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და 1987 წელს სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ცნობილ იქნა სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად. მოსარჩელემ აღნიშნა, მან ვეტერანის სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თუმცა მიუხედავად სტატუსის მოსაპოვებლად კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო აქტი უკანონო იყო, ეწინააღმდეგებოდა კანონს და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ი-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის SSVA 00009450 გადაწყვეტილება მ. ი-ეისათვის თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ი-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება, სასამართლოების მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოეყენებინა, რათა დაედგინა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში მ. ი-ეის შიზოფრენიით დაავადების ფაქტი, გამოწვეული იქნა სამხედრო ვალდებულების თუ მოვალეობის შესრულებისას და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ტვირთი არ უნდა გადაეტანა შშმ სტატუსის მქონე პირზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი საბუთი-1989 წლის თებერვლით დათარიღებული „მოწმობა ავადმყოფობის შესახებ №o182/ნ.“, რომლის თანახმად, მ. ი-ეის დაავადება არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან.

კასატორი მიუთითებს, სასკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. კასატორის განმარტებით, ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა. მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები. ასევე ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ისე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა გამოკვლევა, რომ არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ი-ეისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატის მიუთითებს, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს, მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები. ხოლო მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 20 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის №36 ცნობით დასტურდება, რომ მ. ჯ.-ის ძე ი-ე 1987 წლის ნოემბრიდან 1989 წლის თებერვლამდე მსახურობდა სსრკ-ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სამსახურის გავლის პერიოდში იგი გახდა ავად და დაუდგინდა დიაგნოზი: შიზოფრენია, ფსიქოპათიის მსგავსი სინდრომი. სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემული ავადმყოფობის №182/ნ მოწმობის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავადმყოფობის განრიგისა და ფიზიკური ნაკლოვანებების შესახებ “ სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის 1987 წლის 9 სექტემბრის №260 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. ი-ე ცნობილ იქნა უვარგისად სამხედრო სამსახურისთვის და მოიხსნა სამხედრო აღრიცხვიდან. მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ი-ეს ავადმყოფობა განუვითარდა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის 2019 წლის 21 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მ. ი-ეის დიაგნოზია - პარანოიდული შიზოფრენია, კოდი - F20.0. ამასთანავე, 2019 წლის 18 სექტემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების №04-06-08/1797 ცნობის მიხედვით, მ. ი-ე (მეორე ჯგუფის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მუდმივად) სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რ/განყოფილებაში რეგისტრირებულია სოციალური პაკეტის მიმღებად, (ს.ფ. 20).

საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 14 აპრილს მ. ი-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ,,ომისა დ სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, მინიჭებოდა თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი, რათა შესძლებოდა ვეტერანებისათვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობა.

2021 წლის 28 აპრილის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის SSVA 00009450 გადაწყვეტილებით მ. ი-ეს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ უწყებაში კანონით დადგენილი 20 და მეტი კალენდარული წელი ნამსახურობა, ასევე წარდგენილ დოკუმენტაციას არ ერთოდა დოკუმენტი რომლითაც დადგენილი იქნებოდა, რომ ტრავმა მიღებულია სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, მისთვის მიენიჭებინა თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 1989 წლის თებერვლის სამხედრო საექიმო კომისიის ავადმყოფობის №182/ნ მოწმობაზე, რომლითაც დგინდება, რომ მ. ი-ეს მემკვიდრეობით ფსიქოლოგიური პათოლოგია არ გააჩნდა, სამხედრო სამსახურში გაწვევისას იყო ჯანმრთელი, თითქმის ორი წელი იმსახურა და სამსახურის გავლის პერიოდში დაავადდა. კასატორი სადავო აქტის მართებულობის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ მ. ი-ეის დაავადება არ არის გამოწვეული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმისგან, თუმცა იგი ვერ ასაბუთებს პოზიციას შესაბამისი მტკიცებულებებით და არც გასაჩივრებული აქტი შეიცავს მსჯელობას, თუ რატომ არ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტით-სამხედრო საექიმო კომისიის მიერ გაცემული ავადმყოფობის №182/ნ მოწმობაზე დაყრდნობით, მ. ი-ეის შიზოფრენიით დაავადება სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ ტრავმად.

საკასაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს/კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები)(სუსგ საქმეზე №ბს-246-243(კ-14).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ საკითხის ხელახლა შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს სადავო საკითხი, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან, შეაფასოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სადავო საკითხთან მიმართებით, რამეთუ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე