საქმე №ბს-514(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ე-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 თებერვლის №1000779273 გადაწყვეტილება; ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, მ. ე-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-იმა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, მე-6, მე-7 მუხლებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სასამართლოების გადაწყვეტილებების დასაბუთებაში მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებულ სარეკომენდაციო წერილზე. სასამართლოებს არ უმსჯელიათ, თუ რამდენად ნეგატიურად აისახება მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელესა და მისი ოჯახის ცხოვრებაზე. ამასთან, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ განმცხადებელი არერთხელ ფლობდა ბინადრობის ნებართვას და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ გამოცემულია საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, აიძულებენ დატოვოს ის ქვეყანა, სადაც მისი მცირეწლოვანი შვილი სარგებლობს ბინადრობის ნებართვით, ან თან წაიყვანოს შვილი და შეუზღუდოს მას ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. აღნიშნული კი, გარდა იმისა, რომ იწვევს ოჯახის წევრების ცალ-ცალკე ცხოვრებას, არაჰუმანური მიდგომაა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, როგორც შესასრულებლად სავალდებულო განმარტებებზე, რამდენადაც აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებები სრულად იქნა უგულებელყოფილი სასამართლოების მიერ.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკომენდაციო ხასიათის საიდუმლო წერილს, რომლის მიხედვით, კასატორისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება მიზანშეუწონელია. სააგენტომ არ გაითვალისწინა განმცხადებლის კერძო ინტერესი და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ წერილს, რომლის შინაარსსაც თავადვე არ იცნობდა. ამასთან, განმცხადებელს არ მიეცა წარმოდგენილი ინფორმაციის უარყოფის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებულია მათ შორის, ადგილობრივი სამართლის მიხედვითაც, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. ე-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 თებერვლის №1000779273 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2022 წლის 26 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ე-იმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 74-79); ბ) მ. ე-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა მოთხოვნით, ეცნობებინა, არსებობდა თუ არა აღნიშნული პირისთვის უარის თქმის კანონიერი საფუძველი (ს.ფ. 56); გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 თებერვლის №SSG 3 22 00027832 წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მ. ე-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ს.ფ. 57); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 თებერვლის №1000779273 გადაწყვეტილებით მ. ე-ის უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები (ს.ფ. 12).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 თებერვლის №SSG 3 22 00027832 წერილი წარმოადგენს სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 ივნისის №ბს-514(კ-23) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა მ. ე-ის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. მ. ე-ის (დაბ.: ...წ., პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.04.2023წ. №6083 საგადასახადო დავალებით გ. ქ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე