Facebook Twitter

№ბს-515(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანება; გ) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საშიშროების შესაბამისი რისკი, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანება და დაევალა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საშიშროების შესაბამისი რისკი, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის’’ მე-4 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა საქმისწარმოების მასალები, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულია გ.მ-ის საშიშროების რისკის განსაზღვრისა და მისი შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში მოთავსების გადაწყვეტილებები. №395 ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და საქმისწარმოების მასალებზე დაყრდნობით მსჯავრდებულ გ.მ-ის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გუნდმა შეაფასა შემდეგი გარემოებები: გ.მ-ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე, სასჯელის მოხდის პერიოდში არ ყოფილა არც დასჯილი და არც წახალისებული. საყურადღებოა, რომ კანონისა და დაწესებულების დებულების მოთხოვნების დაცვა მსჯავრდებულის მოვალეობაა და არა უფლება. ამის საპირწონედ, დადებითად შეიძლება შეფასდეს მსჯავრდებულის წახალისების ღონისძიებები, თუმცა გ.მ-ეს არც ერთი წახალისება არ ჰქონია. გუნდის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, ასევე, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ შევსებული დანართი, რომლის თანახმად, გ.მ-ეს არ აქვს სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში ჩართვის სურვილი, აგრეთვე, არ აქვს სწავლისა და მუშაობის სურვილი. იგი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს ყველა ამ ღონისძიების მიმართ. თუმცა კი, მსჯავრდებულის ჩართულობა სარეაბილიტაციო პროგრამებში, აგრეთვე სწავლისა და მუშაობის ფაქტები ხელს უწყობს რესოციალიზაციის, როგორც სასჯელის მიზნის მიღწევას. განსახილველ შემთხვევაში, გ.მ-ე მკაცრად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს მათ მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ გ.მ-ე პატივისცემას არ იჩენს დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ, არ არის კომუნიკაბელური და თავაზიანი. მსჯავრდებულს არ გააჩნია პრობლემებთან გამკლავების უნარი, იგი არ არის მოტივირებული ცვლილებებისაკენ. არ აქვს გააზრებული და გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული და უარყოფითი ხასიათი. გარდა ამისა, გუნდმა გაითვალისწინა გ.მ-ის შესახებ საქმეში არსებული საიდუმლო (ოპერატიული) ინფორმაცია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ერთადერთი არგუმენტი, რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე თავის სააპელაციო საჩივარში, იყო მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმში მითითებული საიდუმლო (ოპერატიულ) ინფორმაცია, რომლის შინაარსიც მხარეებისათვის უცნობია. მსჯავრდებული თვლიდა, რომ აღნიშნული გამორიცხავდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მხარეებს უფლება არ აქვთ გაეცნონ სხდომის ოქმში მითითებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ჯერ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის მიერ და შემდგომ, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაცია შესწავლილ იქნა საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან ერთად და გადაწყვეტილება მიღებულია მათი ერთობლიობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ თავად მოსარჩელისა და მისი ადვოკატის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა იწვევს არაობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას, არ წარმოადგენს სამართლებრივად სწორ შეფასებას.

კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ზემოთ მითითებული ყველა გარემოებისა და მტკიცებულების შეჯერების შედეგად ჩათვალა, რომ მსჯავრდებულ გ.მ-ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმით მსჯავრდებულ გ.მ-ეს განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი.

№395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 და პირველ პუნქტებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანება, რომლის თანახმად, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ გ.მ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსდა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

კასატორის განმარტებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო აქტში მითითებულია ყველა ის გარემოება, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია დასაბუთებულად და კანონიერად, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების სრული დაცვით. მოსარჩელე მხარემ საქმისწარმოების ვერც ერთ სტადიაზე ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცემული აქტი უკანონო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანების კანონიერების შეფასება, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საშიშროების შესაბამისი რისკი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მე-3 მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანხმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი (2); სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ​1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191​1 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას (4); მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით (41); გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად (42); ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში (5); ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს (6).

პატიმრობის კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად, (1) დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. (2) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ.მ-ე მსჯავრდებულია გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის №1/173-21 განაჩენით, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. სასჯელის დასაწყისია - 2021 წლის 7 აპრილი, სასჯელის დასასრული - 2025 წლის 7 აპრილი (ს.ფ. 101-103, 93-95); ბ) საქმეში წარმოდგენილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა განიხილა №... პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული „დანართი №1“ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია „დანართი №2“ მსჯავრდებულ გ.მ-ის შესახებ. ოქმის თანახმად, მსჯავრდებულ გ.მ-ის საქმის განხილვისას მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა იხელმძღვანელა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით დადგენილი საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმებით და დაადგინა, რომ მსჯავრდებული გ.მ-ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე. მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. თვითდაზიანების მიყენების ან მცდელობის ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მსჯავრდებულ გ.მ-ეს არა აქვს პროგრამებში მონაწილეობის, სწავლის და მუშაობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. პატივისცემას არ იჩენს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. არ არის მოტივირებული ცვლილებებისაკენ. გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვს ჩადენილი დანაშაული და მისი უარყოფითი ხასიათი. არ გააჩნია პრობლემებთან გამკლავების უნარი. არ არის კომუნიკაბელური და თავაზიანი. მსჯავრდებულის გ.მ-ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. მსჯავრდებულ გ.მ-ეს განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი და გაეწია რეკომენდაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, მსჯავრდებული - გ.მ-ე განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში (ს.ფ. 101-103); გ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანებით საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ გ.მ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში (საფუძველი: 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმი) (ს.ფ. 104).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი (1); საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (4). მოცემული წესის მე-8 მუხლის თანახმად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები (1). ამავე წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით (1). ამავე წესის 12.2 მუხლის თანახმად, დანართი №2-ით დადგენილ ფორმაში ისეთი ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით გუნდს ეგზავნება საიდუმლო საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებული წესის მე-15 მუხლის თანახმად, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს გენერალური დირექტორი, გუნდის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში (1); გენერალური დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, რომელ დაწესებულებაში იქნება მსჯავრდებული გადაყვანილი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით (8).

ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 ივნისს №ბს-515(კ-23) მიმართვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2021 წლის 8 ოქტომბრის საიდუმლო სხდომის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ოქტომბრის №2265 ბრძანების გაცემას. (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა. განსახილველ შემთხვევაში კი, ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ ბრძანებაში ასახული არ არის. სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე