Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1108(2კ-22) 12 იანვარი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.დ-ე

კასატორი(მოპასუხე) - ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.დ-ემ 2016 წლის 6 ნოემბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ და მოითხოვა: „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ.დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის №149 დადგენილებისა და ნ.დ-ის 2019 წლის 04 თებერვლის №3431/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 13 ივნისის №729 ბრძანების ბათილად ცნობა;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ქ.ბათუმის მუნიციპალური ინსპექციით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, ქ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის N149 დადგენილება და ნ.დ-ის საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვიცე-მერის მიერ 2019 წლის 13 ივნისის N729 ბრძანება ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში. ნ.დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.დ-ემ და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და ნ.დ-ის (პ/ნ...) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.დ-ემ და ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, კასატორის წარმომადგენლის მითითებით საკასაციო საჩივარს ობიექტური გარემოებების მიზეზით არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მან ასევე მიუთითა, რომ საქმის არსებით განხილვამდე წარმოადგენდა მას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ნ.დ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი ნ.დ-ის წარმომადგენელს - გ.ქ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ...ის ქ.№37, ოფისი ...) და 2022 წლის 27 სექტემბერს ჩაბარდა გ.ქ-ეს (პ/ნ ...) პირადად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ.დ-ეს გაუგრძელდა 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა. კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ბაჟის გადავადების თაობაზე და კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის-300 ლარის გადახდის ქვითრის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის ფაქტს. კასატორის ასევე განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარ არ დაიშვება და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი ნ.დ-ის წარმომადგენელს - გ.ქ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ...ის ქ.№37, ოფისი ...) და 2022 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა ოფისის თანამშრომელს- თ.ა-ეს (პ/ნ ...).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 7 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 13 დეკემბერს, 24 საათზე (სამშაბათი). კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, საკასაციო საჩივარს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რითიც მხარე დაადასტურებდა წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას და მას საკასაციო სასამართლოსთვის არც აღნიშნული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ.დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ნ.დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე