საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-376(კ-23) 31 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ე. ჩ-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 16 დეკემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ე. ჩ-ას მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე“ ე. ჩ-ას შორის 2013 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, ,,თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9, პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის ვალდებულება". საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის 2013 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული №446 კონტრაქტის მე-6 მუხლში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით კონტრაქტის დარღვევის ან სამხედრო სამსახურში სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვისა. ე. ჩ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისა და კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა 2021 წლის 12 აგვისტოს პირადი პატაკი, მისი ნამსახურობის ვადა შეადგენს 07 წელს, 11 თვესა და 16 დღეს, აქედან გამომდინარე, ე. ჩ-ა ვალდებული იყო თავდაცვის სამინისტროსთვის კონტრაქტის შეწყვეტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში აენაზღაურებინა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, რაც მას არ განუხორციელებია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ე. ჩ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 2 500 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის 2013 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული N446 კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელსა და მსმენელად ყოფნის ვადას. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად: „თუ მოსამსახურე ვადამდე დათხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის ვალდებულება“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის 2019 წლის 10 ივნისს გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის 2013 წლის 15 სექტემბერს გაფორმებულ N446 კონტრაქტის მე-6 მუხლში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით კონტრაქტის დარღვევის ან სამხედრო სამსახურში მსახურზე უარის თქმის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარით, კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვისა. ამდენად, იმ პირობებში როცა ე. ჩ-ამ დროზე ადრე საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა ხელშეკრულება, იგი ვალდებული იყო თავდაცვის სამინისტროსათვის კონტრაქტის შეწყვეტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში აენაზღაურებინა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, რაც დღემდე არ გადაუხდია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ე. ჩ-ასთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 15 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ჩ-ას შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად, მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით პირობების დარღვევისათვის კონტრაქტი ითვალისწინებდა ჯარიმას - 28 000 ლარს. 2019 წლის 10 ივნისს აღნიშნულ კონტრაქტში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურის მიერ საკუთარი ინიციატივით კონტრაქტის დარღვევის ან სამხედრო სამსახურში მსახურზე უარის თქმის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, კონტრაქტის შეწყვეტიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვისა.
ამასთანავე დადგენილია, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს ე. ჩ-ამ პირადი პატაკით ითხოვა გათავისუფლება, რა დროისთვისაც მისი ნამსახურობის ვადა შეადგენდა 7 წელს, 11 თვესა და 16 დღეს, ხოლო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადას-6 წელი. ე. ჩ-ამ პატაკში მიუთითა, რომ იგი ვეღარ ახერხებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მშობლის ქრონიკული ავადმყოფობისა და რთული სოციალური პირობების მიზეზით და მოითხოვა კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა, რაც კონტრაქტის 6 მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი მოპასუხის პირადი პატაკი გახდა და არა-კონტრაქტის ვადის ამოწურვა, ვინაიდან, ე. ჩ-ა ვადის ამოწურვის შემდგომაც აგრძელებდა სამხედრო სამსახურს, აღნიშნული კი, წარმოადგენდა ხელშეკრულების მე-6 მუხლის 11.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, როდესაც ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტი შესაძლებელია გაგრძელდეს მაშინ, თუ მოსამსახურე თანახმაა გააგრძელოს სამხედრო სამსახური. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტი მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, როგორია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ე. ჩ-ას პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ე. ჩ-ამ უფრო მეტი წელი იმსახურა თავდაცვის ძალებში, ვიდრე მხარეთა შორის დადებული თავდაპირველი ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონტრაქტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ე. ჩ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს (5 000 ლარი) თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში - 2 500 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-230(კ-19); 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19); 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე