გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1333-1454-04 18 იანვარი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 14 ივნისს ლ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ, მარჩენლის დაკარგვის გამო, სარჩოს დანიშვნის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისი რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივნისის დადგენილებით თ.დ-ე ცნობილ იქნა შეურაცხად პირად და შესახლდა ... ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო 20 ივნისის დადგენილებით განისაზღვრა მისი ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა, რაშიც მონაწილეობას იღებდა ... რ-ნის პოლიცია, მათ შორის, მოსარჩელის მეუღლე რამაზ კ-ი. ექიმების ხელშეწყობით თ.დ-ემ სცადა გაქცევა. დერეფანში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგად რ.კ-ი გარდაიცვალა. ... რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თ.დ-ეზე, როგორც შეურაცხად პირზე, მეთვალყურეობა ევალებოდა ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, ამდენად, ლ.ჯ-მა მიუთითა სკ-ის 995-ე და 1006-ე მუხლებზე და მოითხოვა მოპასუხისათვის რ.კ-ის კმაყოფაზე მყოფი მცირეწლოვანი შვილების: ნ. და ს. კ-ების სასარგებლოდ სარჩოს _ თითოეულისათვის 30 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სკ-ის 995-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თ.დ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება რ.კ-ის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირში იყო. სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის თ.დ-ის მიერ რ.კ-ის მოკვლის ფაქტი. მოპასუხემ მიუთითა სკ-ის 895-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თ.დ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით, 2000წ. 23 ივნისს, რ.კ-ის გარდაცვალების მომენტისათვის, თ.დ-ის შეურაცხადობის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის გათვალისწინებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელწმიფო ფონდის 2003წ. 13 ოქტომბრის ¹27021 წერილის თანახმად, რ.კ-ის ოჯახის ხუთ წევრს დაენიშნა ყოველთვიური პენსია 259,05 თეთრის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით, გარდაცვლილის შვილები იღებენ იმ სარჩოს, რომელიც მათ მამისაგან შეეძლოთ მიეღოთ, ხოლო ზიანის ორმაგად ანაზღაურებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მხარემ მიიჩნია, რომ სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
... რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიის მითითებით, საქმის მასალებითა და ... რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტიებით დადგენილია, რომ თ.დ-ე ქ.თბილისის მთაწმიდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის დადგენილების საფუძველზე, იძულებითი მკურნალობისათვის, შესახლდა ... ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო იმავე სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის დადგენილებით, იგი გადაყვანილ უნდა ყოფილიყო ... მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ასევე დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გამოყენებით თ.დ-ემ სცადა აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გაქცევა, ცეცხლი გაუხსნა მისი ეტაპირებისათვის მისულ პოლიციის მუშაკებს, რა დროსაც ლ.ჯ-ის მეუღლე რ.კ-ი გარდაიცვალა. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა მოპასუხის არგუმენტი, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელწმიფო ფონდის მიერ პენსიის დანიშვნის გამო სარჩოს დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ და მიუთითა, რომ ზემოხსენებული პენსია დაინიშნა «პოლიციის შესახებ» კანონის თანახმად, ხოლო სადავო სარჩო გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან და სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანს წარმოადგენს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ლ.ჯ-ის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა, მოსარჩელეს იგი კანონით დადგენილ ვადაში რომ წარედგინა, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელემ დაარღვია ამავე კოდექსის 128-ე და 1008-ე მუხლების მოთხოვნები, რაც სარჩელი ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველია.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ლ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.ჯ-ს უფლება ჰქონდა, ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა სკ-ის 408-ე მუხლის თანახმად. სწორედ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დაეკისრა მოპასუხეს რ.კ-ის დაკრძალვის ხარჯების გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბრალეულობა რ.კ-ის გარდაცვალებაში, რასაც სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის მიხედვით, პრეიუდიციული ძალა მიენიჭა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი დავა ეხება დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას, რომლისთვისაც მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადად, სკ-ის 1008-ე მუხლის თანახმად, დაწესებულია სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ ლ.ჯ-მა ვალდებული პირის _ აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის შესახებ ცნობილი გახდა ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომლითაც მოსარჩელეს მეუღლის დაკრძალვის ხარჯები აუნაზღაურდა. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 128-ე და 1006-ე მუხლები და სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. კანონიერ Aძალაში შესული ზემოხსენებული პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით სადავო ზიანის მიმყენებულია აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ამდენად, სკ-ის 1006-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს იგი. რაც შეეხება «პოლიციის შესახებ» კანონის საფუძველზე გარდაცვლილი პოლიციელის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის ყოველთვიური პენსიის დანიშვნას, აღნიშნული სპეციალური კანონითაა გათვალისიწნებული და სკ-ის ხსენებულ მუხლს არ ეწინააღმდეგება, ამასთან, მოცემული ნორმით ან სხვა რაიმე კანონით გარდაცვლილი პოლიციელის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის პირობებში მისი მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა აკრძალული არ არის.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის არგუმენტი, თითქოს ლ.ჯ-ს უფლება ჰქონდა, სსკ-ის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხისათვის მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რადგან ამ ნორმის თანახმად, ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს არა ნებიმიერ, არამედ _ ვალდებულ პირს, ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გაერკვია, წარმოადგენდა თუ არა აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ასეთ პირს. კასატორმა მიუთითა სკ-ის 992-ე, 995-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თ.დ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება რ.კ-ის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირში იყო. ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის თ.დ-ის მიერ რ.კ-ის მოკვლის ფაქტი. კასატორის მითითებით, თ.დ-ისა და სხვათა მიმართ არსებული საბრალდებო დასკვნით, რ.კ-ის სხეულზე ნაპოვნი დაზიანებათა ზომების უმრავლესობა თ. დ-ის იარაღის კალიბრის შეუსაბამოა. მის მიერ გასროლილი 7 ვაზნის მასრები სხვადასხვა ადგილასაა ნაპოვნი. ამ ფაქტებს საბრალდებო დასკვნა ხსნის სხვადასხვა, კასატორის აზრით, საეჭვო გარემოებებზე დაყრდნობით და წარმოადგენს მხოლოდ გამოძიების მოსაზრებას. აღნიშნულ პირობებში არ არსებობს თ.დ-ის მიერ რ.კ-ის მოკვლის მტკიცება, ამდენად, მოპასუხის პასუხისმგებლობა გამორიცხულია. კასატორის განმარტებით, სკ-ის 895-ე მუხლის თანახმად, ფსიქიატრიული ცენტრის პასუხისმგებლობა მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინაიდან თ.დ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2000წ. 2 ივნისს, რ.კ-ის გარდაცვალების დღეს, თ.დ-ე შერაცხადი იყო, ამდენად, თ.დ-ის ბრალეულად მიჩნევის შემთხვევაშიც კასატორი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, სკ-ის 995-ე მუხლის მიხედვით, თავისუფლდება. მხარის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 160-ე მუხლი, რ.კ-ის გარდაცვალებაში ... ფსიქიატრიული ცენტრის ბრალეულობა 2003წ. 28 მარტის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა მიანიჭა. კასატორის მითითებით, ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენი მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სამოქალაქო წესით საქმის განმხილველ სასამართლოს პირის სისხლის სამართლის ბრალეულობაზე მსჯელობის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, სააპელაციო პალატას თ.დ-ის მიერ რ.კ-ის მოკვლის ფაქტი არ დაუდგენია და იგი მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე ზოგადი მითითებით შემოიფარგლა. კასატორის განმარტებით, ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას პრეიუდიციული ძალა ვერ მიენიჭება სააპელაციო სასამართლოს იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ ხსენებული განჩინება მხარეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რადგან მითითებულ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 1008-ე მუხლის და სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა აითვალა არა რ.კ-ის გარდაცვალების დღიდან, არამედ ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 1006-ე მუხლი და რ.კ-ის ოჯახის წევრთათვის დანიშნული სარჩო სპეციალური კანონით გათვალისწინებულ პენსიად მიიჩნია, რომლის დანიშვნას სამოქალაქო კანონმდებლობა არ კრძალავს. მხარის აზრით, სააპელაციო პალატამ ვერ მიუთითა მოქმედი კანონმდებლობის ნორმაზე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დაზარალებულისათვის იმ ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას არ განუცდია. კასატორმა მიუთითა, რომ გარდაცვლილი რ.კ-ის ოჯახი შედგებოდა 5 წევრისაგან, რომელთაც დაენიშნათ პენსია, თითოეულს _ 51,81 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე დამატებითი სარჩოს დანიშვნას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, სააპელაციო სასამართლომ, კასატორის აზრით, უკანონოდ დაადგინა რ.კ-ის ორ არასრულწლოვანი, თითოეული შვილისათვის ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ.ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს დელიქტით გამოწვეული ზიანი: სკ-ის 997-ე მუხლის თანახმად კი პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას, პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ზიანი, რომელიც მოსარჩელს მიადგა აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლის ი. კონსტანტინიდის ბრალეული მოქმედებით. აღნიშნული კი დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 თებერვლის განაჩენით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ლ. ჯ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია. სკ-ის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილებიდან, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც სასამართლოს განაჩენით დადასტურებულად იქნა ცნობილი ი. კონსტანტინიდის ბრალი. აღნიშნული განაჩენი წარმოდგენილია საქმის მასალებში და მხარეებს იგი სადავოდ არ გაუხდიათ (აღნიშნულის თაობაზე მითითებული აქვს ლ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარში). სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებაზე აპელანტი უთითებდა სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე. ამდენად, პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განხზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული განაჩენით დადგენილია ი. კონსტანტინიდის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელმაც მოდავე მხარეს მიაყენა ზიანი. ამასთან, სკ-ის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაფიქსირებული სარჩოს გადახდა მოპასუხისათვის.
პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აკადემიკოს ბ.ნ-ის სახელობის ... ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.