Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1333-1562-05 22 ნოემბერი, 2006წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი,

თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 1 თებერვალს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ე-ძემ ი. ს-ძის მიმართ და მოპასუხისაგან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და აღნიშნული ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით,რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998წ. 24 დეკემბრის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი მას და მოპასუხეს შორის გაფორმებული სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. ქ. ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში სახლი უნდა აღრიცხულიყო ი. ს-ძის სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელს დაეკისრა ნ. ე-ძისათვის 11 000 ლარის გადახდა. მართალია, სახლი აღირიცხა ი. ს-ძის სახელზე, მაგრამ იგი თავს არიდებდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ი. ს-ძისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 20077,6 ლარის ანაზღაურება და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ი. ს-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის დაყადაღება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ასევე გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და საქმეზე არ იყო ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადგენილი.

2005წ. 6 ივლისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.

2005წ. 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ი. ს-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა ნ. ე-ძის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ძეს ნ. ე-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 ლარის გადახდა, საქმეზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება. სასამართლომ აღსრულების გაჭიანურებად არ მიიჩნია სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვისას ი. ს-ძის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა, ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ზიანი განგრძობად მოვლენად ჩათვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ. ე-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ს-ძეს ნ.ე-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 ლარის გადახდა და 1998წ. 24 დეკემბერს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. საქმეზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც შეჩერდა ი. ს-ძის განცხადების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება აღმასრულებლის პრეროგატივაა და არ არის დამოკიდებული მხარის ნებაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. იგი მხარის დარღვეული ინტერესის აღდგენის ბოლო საფეხურია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების გაჭიანურება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების არსს.

საქმეებზე შპს «ა» საქართველოს წინააღმდეგ და შპს «ი» და მახრახიძე საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების ნაწილად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. აღნიშნული უფლება მოჩვენებითი იქნებოდა მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობას რომ დაეშვა საბოლოო, სავალდებულო ძალის მქონე სასამართლო გადაწყვეტილების აუმოქმედებლობა ერთი მხარის საზიანოდ.

მართალია, დასახელებულ საქმეებზე გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სახელმწიფო ორგანოს წინააღმდეგ, მაგრამ აღნიშნული პრინციპი მოქმედებს კერძო პირებს შორის დავის შემთხვევაშიც.

ამავე საქმეებზე სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიღწევის შეუძლებლობა წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლების ხელყოფას, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევაა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულებას წარმოშობს ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის «კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველს», ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით პირს კონკრეტული მოქმედების განხორციელების (თანხის გადახდის, ნივთის გადაცემის და ა. შ.) ვალდებულება ეკისრება და იგი სამართლებრივი ურთიერთობის მოვალე ხდება, კრედიტორს კი მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების არსებობა კი მისი შესრულების აუცილებლობასაც გულისხმობს.

მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილებაა, მაგრამ ეს ვერ გაათავისუფლებს მოვალეს დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. მოვალე უშუალოდაა პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებაზე.

სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ პირველადი მოთხოვნების დარღვევა კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, ხოლო, ვინაიდან, არსებობს ფულადი ვალდებულება, კრედიტორს სსკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია გადაცილებული ვადისათვის მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული პროცენტი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება არ გაჭიანურებულა, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლება მხარეს მინიჭებული აქვს კანონით. მართალია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას, აღნიშნული მხარისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაა, მაგრამ საქმის წარმოების შეჩერება ვერ მიიჩნევა ვალდებულების შესრულებად.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი, სსკ-ის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები, ასევე არასწორად განმარტა სსკ-ის 412-ე მუხლი, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და «გ» პუნქტების მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თუმცა, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროების გამო.

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას დასაქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ვინაიდან, სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ შეფასებულა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, 20077 ლარის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც საქმის მასალებიდან ირკვევა აღნიშნული თანხის გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ, საკასაციო პალატა,სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვას იმ სამართლებრივი მითითების გათვალისწინებით, რომსაქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ზუსტად დაადგინოს საპროცენტო განაკვეთი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს მოსარჩელისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის412-ე, 393-ე, 284-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ე-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეოდა გაკოტრებისსაქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.