№ბს-457(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ც-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანება ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თ. ც-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ ...) განთავსებული შენობა-ნაგებობის (რესტორანი) მშენებლობის ნებართვის გარეშე, მშენებლობის მწარმოებლის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის (რესტორანი) სრული დემონტაჟის შესახებ.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანება ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თ. ც-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ ...) განთავსებული შენობა-ნაგებობის (რესტორანი) მშენებლობის ნებართვის გარეშე, მშენებლობის მწარმოებლის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის (რესტორანი) სრული დემონტაჟის შესახებ. მოპასუხე - ...ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თ. ც-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ ...) განთავსებული შენობა-ნაგებობის (რესტორანი) მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რესტორანი ,,...“ მდებარეობს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. რესტორნის ტერიტორიაზე განთავსებულია პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები. რესტორნის უკანა ეზოს შესასვლელთან, ჭიშკრის მარჯვენა მხარეს პროექტით გათვალისწინებულია ღობისა და მწვანე ნარგავების არსებობა, ხოლო ფაქტობრივად დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ ადგილას განთავსებულია ერთსართულიანი აგურით აშენებული შენობა, რომელიც მხარის განმარტებით წარმოადგენს დამხმარე სათავსოს. როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ცხადჰყოფს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს მოსარჩელის განცხადების განხილვის ეტაპზე არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული ბრძანება დაეყრდნო ისეთ ფაქტებს, რაც კომისიის მხრიდან სრულყოფილად გამოკვლეული არ ყოფილა. ოქმის შედგენის დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა პროექტი, რომლის მიხედვით, მთლიანი მშენებლობა არ წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგინდა და ამას ადასტურებენ თავად ოქმის შემდგენელი პირებიც, რესტორნის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული ღობისა და მწვანე ნარგავების ადგილზე აშენებული ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა - ე.წ. სათავსო და არა რესტორან ,,...ს“ შენობა, რომლის სრული დემონტაჟიც იქნა მოთხოვნილი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისე განიხილა თ. ც-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და სამართლებრივად არ შეუფასებია ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში თ. ც-ის საკუთრების უფლებით, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 9082 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები (№01/1-საერთო ფართი-461.2 კვ.მ, №02/1- საერთო ფართი - 505.2 კვ.მ, №03/1- საერთო ფართი - 88.2 კვ.მ, №04/1- საერთო ფართი - 29.6 კვ.მ) ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №14 მითითებით, ამავე სამსახურის 2018 წლის 17 სექტემბრის №14 შემოწმების აქტითა და ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანებით ჩაითვალა უკანონო მშენებლობად, ხოლო თ. ც-ეს კი დაევალა მისი სრული დემონტაჟი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა შეფასებული ის სამართლებრივი გარემოება, რაც უკავშირდება თუნდაც უნებართვო მშენებლობის შედეგად მიღებული შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა მშენებლობა, შემდგომ კი ასეთის რეგისტრაცია. ამდენად, სადავო დადგენილება შეეხებოდა იმ შენობის დემონტაჟს, რომელიც არათუ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბერს გამოცემული №45 2004 ბრძანების გამოცემის მომენტისათვის, არამედ ჯერ კიდევ 2015 წლის 29 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო თ. ც-ის საკუთრებად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნებს. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დეკლარირებული საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების დაცულობა, რადგან სადავო ბრძანების შესაბამისად მოსარჩელეზე შენობა-ნაგებობების სრული დემონტაჟის დავალება მოხდა უკვე საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზეც.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ (...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა) ისე ჩათვალა თ. ც-ის მიერ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ-ით ...) რესტორნის მშენებლობა უნებართვო მშენებლობად, რომ მათ არ მოუძიებიათ რაიმე სახის მტკიცებულება, მით უფრო, იმ პირობებში, როცა ამავე ორგანოს - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2008 წლის 19 მაისს გაცემული იქნა №5 მშენებლობის ნებართვა, არ მოუძიებია რესტორნის სამშენებლო პროექტი, რომელიც ასევე შეთანხმებული იყო ...ის მუნიციპალიტეტის არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს მოსარჩელის განცხადების განხილვის ეტაპზე არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული ბრძანება დაეყრდნო ისეთ ფაქტებს, რაც კომისიის მხრიდან სრულყოფილად გამოკვლეული არ ყოფილა. ოქმის შედგენის დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა პროექტი, რომლის მიხედვით, მთლიანი მშენებლობა არ წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას. როგორც ადგილზე დათვალიერებით დადგინდა და ამას ადასტურებენ თავად ოქმის შემდგენი პირებიც, რესტორნის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული ღობისა და მწვანე ნარგავების ადგილზე აშენებული ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა - ე.წ. სათავსო, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა ოქმი მთლიან მშენებლობაზე და დემონტაჟს დაექვემდებარა აშენებული შენობა-ნაგებობები (რესტორანი) სრულად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე თ. ც-ემ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აწარმოა რესტორნის მშენებლობა. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები საჭიროებდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისგან სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა მითითების აქტის შედგენა და მოქალაქე თ. ც-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რის შედეგადაც სამსახურის მიერ ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეულ იქნა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიცა დაჯარიმების შესახებ ბრძანება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანება კანონიერია და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორად დაადგინა (განჩინების 4.1.14 პუნქტი) ფაქტობრივი გარემოება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, რესტორანი ,,...’’ მდებარეობს ...ის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, რესტორანის ტერიტორიაზე განთავსებულია პროექტით გათვალისწინებული შენობა ნაგებობა, რესტორნის უკანა ეზოს შესასვლელთან ჭიშკრის მარჯვენა მხარეს პროექტით გათვალისწინებულია ღობისა და მწვანე ნარგავების არსებობა, ხოლო ფაქტობრივად დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ ადგილას განთავსებულია ერთსართულიანი აგურით აშენებული შენობა, რომელიც მხარის განმარტებით წარმოადგენს დამხმარე სათავსოს, რესტორნის მშენებლობა დასრულებულია და თითოეული შენობა წარმოადგენს ე.წ „შავ კარკასს’’. ასევე დადგენილია, რომ დათვალიერების პროცესში მშენებლობა არ მიმდინარეობდა. თუმცა, სასამართლომ არასწორად იმსჯელა განჩინების იმ პუნქტში (4.1.15 პუნქტი), სადაც მიუთითა, რომ ზედამხედველობის სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოუკვლევია, არ მოუძიებია ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ნაწარმოები მშენებლობის პროექტი და მოსარჩელის დაჯარიმება განახორციელა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომელშიც მითითებული შენობა-ნაგებობების ოდენობა არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ მდგომარეობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ...ის მუნიციპალიტეტის არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თ. ც-ის მიწის ნაკვეთში რეზტორანი ,,...ს’’ მშენებლობის პროექტის შედგენის მიზნით 2008 წლის 25 თებერვალს გასცა არქიტექტურულ - გეგმარებითი დავალება №16, რომლის შესრულების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 25 მაისამდე (ტ.1. ს.ფ. 204-205); ბ) არქიტექტურულ - გეგმარებითი დავალების საფუძველზე დამუშავდა საპროექტო დოკუმენტაცია და შედგენილ იქნა რესტორან ,,...ს’’ პროექტი. გენგეგმის შესაბამისად, რესტორანს გააჩნია შემდეგი სახის ექსპლიკაცია: 1) მთავარი შესასვლელი, 2) საპროექტო შიდა გზა; 3) ავტოპარკირება; 4) ფეხმავალთა მოკირწყლული გზა; 5) რესტორანი ,,...“ (ფაცხა); 6) რესტორნის დამხმარე ბლოკი; 7) სამეურნეო ეზო; 8, 9, 10, 11) - კუპეები; 12) ესტრადა; 13) ,,მოედანი“ ცეკვისათვის; 14) ...; 15) ...; 16) საპროექტო ღობე; 17) დაბალი ჯიშის კოინდარი - გამწვანება; 18) არსებული ...ის მოსაცდელი; 19) არსებული ...ის რაიონის ძველი გზა; 20) ...ის მომსახურეობის ცენტრი; 21) არსებული ...ის მშ. შენობა; 22) საპროექტო წყლის რეზერვუარი; 23) ტუალეტი/ავტომომსახურების/; 24) სალექარი დამჭერი; 25) ცხიმდამჭერი; 26) რკინა-ბეტონის მიწისქვეშა 5ტ რეზერვუარი (ტ.1. ს.ფ. 200-250); გ) რესტორან ,,...ს“ დაკვალვითი გენგეგმის შესაბამისად, რესტორანს გააჩნია შემდეგი სახის ექსპლიკაცია: 1) ქართული ოდა; 2) კუპე 50 ადგილზე; 3) კუპე 25 ადგილზე; 4) კუპე 20 ადგილზე; 5) კუპე 15 ადგილზე; 6) კუპე 25 ადგილზე; 7) ესტრადის ადგილი; 8) კუპე 25 ადგილზე; 9) წყლის სამარაგო ავზი 10ტ; 10) გამწმენდი ნაგებობა/ცხიმდამჭერი/ ორმო; 11) გამწმენდი ნაგებობა; 12) ორმო; 13) ტუალეტი 2 ადგილიანი (ტ.1. ს.ფ. 213); გ) ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2008 წლის 19 მაისს გაცემულია №5 მშენებლობის ნებართვა თ. ც-ის საკუთრებაში არსებულ, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რესტორნის ,,... ს“ მშენებლობის მიზნით. მშენებლობის ნებართვის თანახმად, პროექტი შეთანხმებულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან. მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2009 წლის 19 მაისამდე. მშენებლობა დასრულდა 2008 წელს. კვების ობიექტი საქმის განხილვის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს (ტ.1. ს.ფ. 18); დ) 2015 წლის 23 სექტემბერს თ. ც-ემ განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის №...) მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №... გადაწყვეტილებით თ. ც-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 9082 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №... (ნაკვეთის წინა №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/1-საერთო ფართი - 461.2 კვ.მ, №02/1- საერთო ფართი - 505.2 კვ.მ, №03/1- საერთო ფართი - 88.2 კვ.მ, №04/1- საერთო ფართი - 29.6 კვ.მ) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. ც-ის სახელზე (პ/ნ. ...) (ტ.1. ს.ფ. 15-16, 113-115); ე) 2018 წლის 05 ივნისს ...ის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართა თ. ც-ემ, წარუდგინა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე რესტორნის კომპლექს ,,...ს“ რეკონსტრუქციის სამშენებლო-დოკუმენტის პროექტის 3 ეგზემპლარი და სთხოვა გაეცა მშენებლობის ნებართვა წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტის პროექტზე (ტ.2. ს.ფ. 136-229); ვ) ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №14 მითითებით თ. ც-ეს განესაზღვრა 05 (ხუთ) დღიანი ვადა სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარსადგენად. ამასთან, განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ობიექტის დემონტაჟი (ტ.1. ს.ფ.19); ზ) ზედამხედველობის სამსახურის I კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა ალექსანდრე რობაქიძემ 2018 წლის 10 სექტემბერს №1433-45 მოხსენებითი ბარათით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერს, სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს შემოწმებულ და დათვალიერებულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მოქალაქე თ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მდებარე რესტორანი. თ. ც-ეს ჩაბარდა ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტი და ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25.2 მუხლის შესაბამისად დაწყებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერს ეთხოვა, დაევალოს ...ის მუნიციპალიტეტის მერიის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტუქტურისა და არქიტექტურის სამსახურს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულებამდე შეაჩეროს თ. ც-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რესტორნის სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება (ტ.1 ს.ფ. 85); თ) ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 სექტემბრის №14 შემოწმების აქტის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მოქალაქე თ. ც-ემ მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოა რესტორნის მშენებლობა და მითითების აქტში მიცემულ ვადაში (5 დღე) თ. ც-ემ არ წარადგინა სამშენებლო დოკუმენტაცია და არ მოახდინა დემონტაჟი. შესაბამისად, არ შეასრულა 10.09.2018 წლის №14 მითითება (ტ.1. ს.ფ. 20); ი) საქმეში წარმოდგენილია ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 სექტემბრის №14 სხდომის ოქმი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: თ. ც-ემ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწაზე (ს/კ ...) აწარმოა მშენებლობა, კერძოდ, რესტორნის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები საჭიროებდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის (იმ დროისთვის გამგეობა) შესაბამისი სამსახურიდან სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემას. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა მითითების აქტის შედგენა და მოქალაქე თ. ც-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითების აქტით განსაზღვრულ ვადაში თ. ც-ემ ვერ წარმოადგინა მშენებლობის სანებართვო მოწმობა მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე, რაზეც მოხდა შემოწმების აქტის შედგენა და დადგინდა, რომ მითითება არ შესრულდა. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონით 43-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის თ. ც-ის დაჯარიმების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 95-96); კ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანებით თ. ც-ე დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი №...), მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობის (რესტორანი) გამო. ამავე ბრძანებით მოსარჩელეს დაევალა დარღვევის გამოსწორება და მშენებლობის ახალი ნებართვის მოპოვება. დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში თ. ც-ეს დაევალა მოეხდინა წარმოებული მშენებლობის (რესტორანი) სრული დემონტაჟი (ტ.1. ს.ფ. 24-25); ლ) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის ადგილზე დათვალიერებით დადგენილია, რომ რესტორანი ,,....“ მდებარეობს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. რესტორნის ტერიტორიაზე განთავსებულია პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები. რესტორნის უკანა ეზოს შესასვლელთან, ჭიშკრის მარჯვენა მხარეს პროექტით გათვალისწინებულია ღობისა და მწვანე ნარგავების არსებობა, ხოლო ფაქტობრივად დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ ადგილას განთავსებულია ერთსართულიანი აგურით აშენებული შენობა, რომელიც მხარის განმარტებით წარმოადგენს დამხმარე სათავსოს. რესტორნის მშენებლობა დაუსრულებელია და თითოეული შენობა წარმოადგენს ე.წ. „შავ კარკასს“. ასევე, დადგენილია, რომ დათვალიერების პროცესში მშენებლობა არ მიმდინარეობდა;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს მითითების შესრულების საკითხს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას სამართალდამრღვევ პირს შეიძლება დაევალოს პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოებული ნაგებობის დემონტაჟი. მოცემულ შემთხვევში დადგენილია და კასატორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რესტორანი ,,...ს“ ტერიტორიაზე განთავსებულია პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობები. რესტორნის უკანა ეზოს შესასვლელთან, ჭიშკრის მარჯვენა მხარეს პროექტით გათვალისწინებულია ღობისა და მწვანე ნარგავების არსებობა, თუმცა ფაქტობრივად განთავსებულია ერთსართულიანი აგურით აშენებული შენობა, რომელიც მხარის განმარტებით წარმოადგენს დამხმარე სათავსოს. ასევე დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 9082 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ №... (ნაკვეთის წინა №...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/1-საერთო ფართი - 461.2 კვ.მ, №02/1- საერთო ფართი - 505.2 კვ.მ, №03/1- საერთო ფართი - 88.2 კვ.მ, №04/1- საერთო ფართი - 29.6 კვ.მ) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. ც-ის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული ბრძანება დაეყრდნო ისეთ ფაქტებს, რაც კომისიის მხრიდან სრულყოფილად გამოკვლეული არ ყოფილა. ოქმის შედგენის დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა პროექტი, რომლის მიხედვით, მთლიანი მშენებლობა არ წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობას და რესტორნის ტერიტორიაზე უნებართვო ნაწარმოებია მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული ღობისა და მწვანე ნარგავების ადგილზე აშენებული ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა - ე.წ. სათავსო და არა რესტორნ ,,...ს“ შენობა, რომლის სრული დემონატაჟიც იქნა მოთხოვნილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ Nბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები: გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 სექტემბრის №45 2004 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც გასაჩივრებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ...ის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე