საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-112(კ-23) 20 ივლისი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. რ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 14 მაისს მ. რ. ბ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მ. რ. ბ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის №1000743681 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ამავე სააგენტოსათვის მ. რ. ბ-ის 2021 წლის 16 მარტის განცხადების განხილვისა და მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ. ბ-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით მ. რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ. ბ-იმ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი, მტკიცებულებათა შეფასების მნიშვნელობაზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები საკმარისი იყო განცხადების განხილვისა და არსებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იყო არსებითად შეეფასებინა საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება და ამგვარად მიეღო გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოში წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობა.
კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფორმალურად არ უნდა შეემოწმებინა განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამასთან, სააგენტომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის სახელზე წარსულში ორჯერ გაიცა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელთა გაცემის საფუძველიც იგივე კომპანიის ფუნქციონირებასთან იყო დაკავშირებული, რომლის დირექტორსაც ამჟამად წარმოადგენს მოსარჩელე. კასატორის მითითებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები უგულებელყო როგორც მოპასუხემ, ისე სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მ. რ. ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის განმცხადებლის მიერ წარუდგენლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.
ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული „წესის“ მე-5 მუხლში მოცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; დ1) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. რ. ბ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობა, სააღსრულებო ფურცელი და სასამართლო გადაწყვეტილება, ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან, სარჩელი და სარჩელის რეგისტრაციის ბარათი.
ადმინისტრაციული წარმოებისას მ. რ. ბ-ის ეცნობა, რომ წარსადგენი იყო: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისათვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის მსურველ თითოეულ უცხოელზე; ასევე, როდესაც დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ზემოთაღნიშნული სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წლიური ბრუნვის შესახებ ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები. აღნიშნული ცნობით/ცნობებით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ბ) უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; გ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში - 35 000 ლარზე ნაკლები. ასევე, თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ საშეღავათო პირობით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომითი ბინადრობის ნებართვის პირობების არსებობას; 2. შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; 3. ცნობა სამსახურიდან, რომლითაც დადასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.
ამდენად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2021 წლის 15 აპრილამდე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.
დადგენილია, რომ 2021 წლის 6 აპრილს მ. რ. ბ-იმ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ იქნა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ობიექტურად არ შეეძლო ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარდგენა, რადგან კომპანია დღეის მდგომარეობით ვერ ფუნქციონირებს მის მიმართ არსებული დავალიანების გამო, რომელზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა და სააღსრულებო წარმოება. ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული კომპანიიდან მ. რ. ბ-ი, რომელიც დირექტორს წარმოადგენს, სააღსრულებო ბიუროს მიერ თანხის ამოღებამდე შემოსავალს ვერ იღებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის შედეგად.
ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დოკუმენტების წარსადგენად ხარვეზით დადგენილი ვადა მ. რ. ბ-ის გაუგრძელდა 2021 წლის 29 აპრილამდე.
2021 წლის 22 აპრილს, მ. რ. ბ-იმ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, სადაც კვლავ მიუთითა, რომ მის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ იქნა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება და განმცხადებელმა მოითხოვა საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის შედეგად.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის №1000743681 სადავო გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მ. რ. ბ-ის განცხადება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობას. ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით, მართალია, საქართველოში შრომითი ბინადრობის მოპოვების მსურველ უცხოელს ეძლევა შესაძლებლობა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენის ობიექტურად შეუძლებლობის შემთხვევაში წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, თუმცა იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ აღნიშნული ცნობა ან მტკიცებულება უდავოდ უნდა ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობას, სახელდობრ, უცხოელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელება (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა წარედგინოს სააგენტოს) და აქედან გამომდინარე, ნორმაში მითითებული წლიური ბრუნვისა და ხელფასის ოდენობების შესახებ სააგენტოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სავალდებულოა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი საწარმოს მიმართ სხვა საწარმოს დავალიანების არსებობა, რის გამოც შპს “K...” ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ გააჩნია წლიური ბრუნვა და შესაბამისად, მ. რ. ბ-იც ვერ ახორციელებს შრომით საქმიანობას, არ წარმოადგენს იმგვარ ალტერნატიულ ცნობას ან მტკიცებულებას, რომელიც უდავოდ ადასტურებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების (მათ შორის, მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების) არსებობას და რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელის მიმართ გამონაკლისის სახით „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციის გავრცელებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წლის 29 აპრილის №1000743681 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. ჭ-ეს მ. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 06.03.2023წ. №9943 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება.
3. ჯ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 06.03.2023წ. №9943 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე