ას-1338-1565-06 21 სექტემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჭ-შვილმა 2001წ. 14 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. პ-იას მიმართ და მოითხოვა მ. პ-იას სახელზე ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 2000წ. 19 ოქტომბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან მაღაზიის გამოთხოვა და მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1996წ. აგვისტო-სექტემბერში ქ.ქუთაისში, ..., რომელიც ეკუთვნის რკინიგზის სამტრედიის ნაგებობათა დისტანციას, საკუთარი სახსრებით ააშენა ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელშიც, როგორც ინდმეწარმეს, უნდა გაეხსნა სასურსათო-სამრეწველო მაღაზია. 1996 წლამდე აღნიშნულ მისამართზე იდგა რკინიგზის ჯიხური, რომელშიც განთავსებული იყო საზოგადოება სს „ტ. ა-ის“ სავაჭრო პავილიონი ¹2. 1997წ. 4 ნოემბერს „ტ.ს ა-თან“ დადებული ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული 27,08 კვ.მ ჯიხური საკუთრების უფლებით გადაეცა მას. 1997წ. 29 დეკემბრის ხელშეკრულებით მან აღნიშნული ჯიხური მიჰყიდა მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს - ჯ. პ-იას. მითითებული ჯიხური ჯ.პ-იამ გაიტანა. ჯ.პ-იას გარდაცვალების შემდეგ, 1998წ. 21 ოქტომბერს, მისმა მეუღლემ თვითნებურად დაიკავა იგი და მოახერხა საკუთრების უფლების მოწმობის მიღება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის სარჩელი მოპასუხე მ. პ-იას მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ. ჭ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისას გაირკვა, რომ სადავო ფართი გასხვისებულია ჯ. ტ-ძის სახელზე, რომელიც საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჭ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-იას სახელზე გაცემული 2001წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, აგრეთვე, 2001წ. 19 ოქტომბრის საკუთრების უფლების მოწმობა ქ.ქუთაისში, ... მდებარე კაპიტალურ შენობაზე (მაღაზიის ფართზე, რომელიც შედგება 27,08 კვ.მეტრისაგან).
ქ.ქუთაისში, ... მდებარე 27,08 კვ.მ კაპიტალური შენობა-მაღაზია ცნობილ იქნა მ. ჭ-შვილის საკუთრებად და მის სახელზე აღირიცხა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ.ჭ-შვილმა 1997წ. 4 ნოემბერს შეიძინა მხოლოდ ჯიხური, რადგან მიწა იმ დროისათვის სახელმწიფოს (რკინიგზის) საკუთრება იყო.
სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის დადებული 1997წ. დეკემბრის ხელშეკრულება ბათილად ცნო, რადგან მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრება იყო. მიუხედავად მ.ჭ-შვილი მაინც მაღაზიის მესაკუთრედ ცნო.
მ. პ-იამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. პ-იას საკასაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციამ 2002წ. 28 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა, სადავო ფართის თაობაზე 1997წ. 4 ნოემბრისა და 1997წ. 29 დეკემბრის ხელშეკრულებების, მ.პ-იასა და ტ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება. მოპასუხემ მოითხოვა საქმეში ტ-ძის ჩართვა, მ.ჭ-შვილის ცნობა მესამე პირად მოთხოვნის გარეშე, აგრეთვე, სადავო მაღაზიის მათ საკუთრებად ცნობა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის წარმომადგენლის - გ. კოხრეიძის შუამდგომლობა და განსახილველ დავაში სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანცია ჩართულ იქნა სათანადო მოსარჩელედ, ხოლო თავდაპირველი მოსარჩელე მ.ჭ-შვილი დარჩა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს. რ-ის“ სამოქალაქო ნაგებობათა სამტრედიის დისტანციის უფროსის - თ.ხუჭუას სარჩელი, ქ.ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიის კაპიტალური შენობა ცნობილი იქნა შპს „ს. რ-ის“ საკუთრებად; გაუქმდა მ. პ-იასა და ჯ. ტ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება, ქ.ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიის კაპიტალური შენობა ცნობილ იქნა შპს „ს. რ-ის“ საკუთრებად; გაუქმდა მ. პ-იასა და ჯ. ტ-ძეს შორის, 2000წ. 27 ივლისს ქ.ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიის ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა მ.ჭ-შვილის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-იას სახელზე გაცემული 2000წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, მ. პ-იას სახელზე 2000წ. 19 ოქტომბერს გაცემული საკუთრების მოწმობა ქ.ქუთაისში, ... მდებარე კაპიტალურ შენობაზე, ბათილად იქნა ცნობილი მ.პ-იასა და ჯ.ტ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ქ.ქუთაისში, ... მდებარე კაპიტალური შენობის გასხვისების შესახებ დაკმაყოფილდა მ.ჭ-შვილის შუამდგომლობა და მისი დამოუკიდებელი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ღიად დარჩა სარჩელის დაუზუსტებლობის გამო.
სასამართლომ შპს „ს. რ-ის“ სარჩელი სადავო ფართის ნასყიდობის 1997წ. ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რადგან ეს ხელშეკრულება ეხებოდა ამორტიზებულ ჯიხურს.
მ. პ-იამ და ჯ. ტ-ძემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „სმ-ის რ-ის“ ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
შპს „სმ-ის რ-ის“ ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება გააუქმა, ვინაიდან მ.ჭ-შვილი, როგორც არასათანადო მოსარჩელე, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით.
სმ-ის რ-ის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის წარმომადგენელმა გ. კილასონიამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიის შენობაზე მესაკუთრედ ცნობა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია, სადავო საგანი კაპიტალური ნაგებობაა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზეა აღმართული, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია სკ-ის 250-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 23 ივნისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ ფილიალის სამოქალაქო ნაგებობათა სამტრედიის ¹2 დისტანციის წარმომადგენელ გოჩა კილასონიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა „ს. რ-ის» სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დინსტანციის სარჩელი, გაუქმდა მ. პ-იასა და ჯ. ტ-ძეს შორის 2001წ. 27 ივლისს დადებული არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ქ.ქუთაისში, ... მდებარე მაღაზიის კაპიტალური შენობა ცნობილ იქნა შპს „ს. რ-ის» სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის საკუთრებად. ბათილად იქნა ცნობილი მ. პ-იას სახელზე გაცემული 2000წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და 2000წ. 19 ოქტომბრის საკუთრების უფლების მოწმობა ქ.ქუთაისში, ... მდებარე კაპიტალურ შენობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-იამ და ჯ. ტ-ძემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერავითარი დოკუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ სადავო შენობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა; კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს უნდა ესარგებლა დღემდე მოქმედი საქართველოს მიწის კოდექსის 96-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ქალაქის მიწაზე არსებული ნაგებობების საკუთრების უფლების გადასვლისას გადადის, აგრეთვე, მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლებაც. აქედან გამომდინარე, შენობასთან ერთად მიწაც გადავიდა მ. პ-იას მეუღლის საკუთრებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1997წ. 4 ნოემბრისა და 29 დეკემბრის ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ... მდებარე კაპიტალური ნაგებობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას სადავო შენობა, კანონიერ საფუძველზე ფლობს და განკარგავს ს. რ-ა და იგი არის ამ მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. რ-ა არის სადავო ნივთის მფლობელი. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიიჩნია, ნივთის მფლობელი ასევე არის მისი მესაკუთრე მიუხედავად იმისა, რომ ს. რ-ის საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. რ-ა არის სადავო ნივთის მესაკუთრე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ა» არ არის იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზედაც დგას სადავო შენობა-ნაგებობა, ასევე, იგი არის ამ მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძველი, რომლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით და არც ერთ შემთხვევაში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული წესი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების გარანტს, რომლითაც დაცული არიან სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია სტაბილურობა და საიმედოება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტურ ნებაზე გავლენას ახდენს ობიექტური ფაქტორი _ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შპს «ს. რ-ა» საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნებოდა იმ მიწის ნაკვეთის მესკუთრედ, რომელზედაც განლაგებულია სადავო შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლება გავრცელდებოდა ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც, ანუ სადავო შენობა-ნაგებობაზე (სკ-ის 171-ე მუხლი).
ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სადავო შენობა-ნაგებობაზე შპს «ს. რ-ის» სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის” მესაკუთრედ ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 23 ივნისის ¹1235-1370-04 განჩინებაში აღნიშნული მითითებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას სადავო შენობა, კანონიერ საფუძველზე ფლობს და განკარგავს ს. რ-ა და იგი არის ამ მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: მ. ჭ-შვილის სასარჩელო განცხადებით; მ. ჭ-შვილსა და ვ. ს-ძის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით; ს. რ-ის სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის უფროსის მიერ გაცემული 2000წ. 17 თებერვლის ცნობით; მ. პ-იას მიერ წარდგენილი შესაგებლით; ამიერკავკასიის რ-ის ტერიტორიათშორისო გაერთიანების სადგურ ქუთაისის კვების კომბინატის დირექტორის მიმართვითა და მისი დანართით; სამტრედიის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის უფროსის 2001წ. 1 ნოემბრის მიმართვით; სამტრედიის ¹2, სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციისა და მ. ჭ-შვილს შორის 2000წ. 17 თებერვლის იჯარის ხელშეკრულებით.
გადაწყვეტილება ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტი). გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, თუ რა ფაქტორები მიუთითებენ იმაზე, რომ იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც დგას სადავო შენობა, კანონიერ საფუძველზე ფლობს და განკარგავს ს. რ-ა ანუ არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების კრიტერიუმები. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტებს, უპირველეს ყოვლისა, შეფასება უნდა მიეცეს სარ-ო კოდექსის მიხედვით, (რაც მითითებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში). აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილია რ-ის მფლობელობაში არსებული მიწის სამართლებრივი საფუძვლების წინაპირობები, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რ-ის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარ-ო ლიანდაგებისა და რ-ის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად, ამასთან, ისე, რომ გზის განაპირა ორივე მხარეს იგი იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა.
განსახილველი ნორმებით გათვალისწინებულია ის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები, რომლითაც დასტურდება მიწაზე მფლობელობის უფლება, კერძოდ, სარ-ო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რ-ის მფლობელობაში არსებულ ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც ასახულია რ-ის ბალანსზე. ამრიგად, სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული დოკუმენტები, რამდენად წარმოადგენენ იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს, რომლებიც გათვალისწინებულია განსახილველი ნორმებით და რომლითაც დასტურდება სადავო მიწაზე ს. რ-ის მფლობელობის ფაქტი ანუ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცემული აქვს თუ არა კასატორს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მფლობელობაში, ასახულია თუ არა ეს მიწის ნაკვეთი მის ბალანსზე და ა.შ.
საკასაციო სასამართლო ამოწმებს სამართლებრივი შეფასების სისწორეს, მის შესაბამისობას სამართლის ნორმის შემადგენლობის აბსტრაქტულ ნიშნებთან, ნორმის აზრსა და შინაარსთან. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დგინდება საქმეში არსებული ფაქტები რამდენად ადასტურებენ საკუთრების ან მფლობელობის ფაქტს სკ-ის 155-ე 183-ე მუხლებისა და სარ-ო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად.
მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება მ. ჭ-შვილსა და ჯ. ტ-ძეს შორის 2001წ. 27 ივლისს დადებულ ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მ. პ-იას სახელზე გაცემულ 2000წ. 19 ოქტომბრის მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების მოწმობებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. პ-იასა და ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.