№10341-13 2 აპრილი, 2013 წელი
ვ-ე ლ., 10341-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. გ-ას
მსჯავრდებულ _ ლ. ვ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ვ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის განაჩენით ლ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 15 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ლ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით, 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ლ. ვ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ლ. ვ-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის) მიესაჯა 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით ლ. ვ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 მაისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით შეიცვალა: ლ. ვ-ეს ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 6 თვით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გირაოს სახით გადახდილი თანხა – 2000 ლარი, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ვ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ვ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ლ. ვ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ვ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, მის მიმართ, როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ. ვ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება - კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულ ლ. ვ-ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ლაშა ვასაძე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, რომელიც არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით და 273-ე მუხლით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-19, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ვ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ლ. ვ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ლ. ვ-ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებული ლ. ვ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე