№10361-13 2 აპრილი, 2013 წელი
ა-ი მ.- 1036-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ყ-ის
მსჯავრდებულ _ მ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მ. ა-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 წელი განესაზღვრა სასჯელასრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა – პირობით;
სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით;
სსკ–ის 273–ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე – 10 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრუელბის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
მ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ელ ნაწილზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ა-ს, ერთნაირად და პროპორციულად, ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 8 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე – 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით.
მასვე ერთნაირად და პროპორციულად, ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით , ხოლო ნაწილი – 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით.
მასვე ერთნაირად და პროპორციულად, ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით – 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 4 თვე და 15 დღე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 18 დღის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამარლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მ. ა-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სწორად გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 ნაწილით, როდესაც მსჯავრდებული გაათავისუფლა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით და იმის გამო, რომ სსკ-ის 177-ე, 260-ე და 2381–ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ნასამართლობის მქონე პირი, ¼-ით კანონიერად შეუმცირა ამ მუხლებით დანიშნული სასჯელები.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–17, მე-18, მე-19 მუხლებით და ამ კანონის მოქმედება გაავრცელა თითოეულ დანაშაულსა და სასჯელზე ცალ–ცალკე, ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. ხოლო, რაც შეეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
გ. შავლიაშვილი