№10371-13 2 აპრილი, 2013 წელი
ა-ე ა., 10371-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ პ. ჭ-ის
მსჯავრდებულ _ ა. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განაჩენით ა. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) – 12 წლითა და 6 თვით, 273-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით ა. ა-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 14 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. ა-ეს საბოლოოდ რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 25 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი, 9 თვე და 22 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 6 თვე და 22 დღე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 6 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 14 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-ემ საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებში იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განუსაზღვრა საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადა; მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩენოდა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და მითითებული უზუსტობის აღმოფხვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ა-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისთვისაც. შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ა. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, 5 წლის, 9 თვისა და 22 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლის, 6 თვისა და 22 დღის – პირობითად ჩათვლა, 3 წლის, 6 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით, კანონიერია, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. ასევე კანონიერია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ა. ა-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე