Facebook Twitter

ას-1343-1461-04 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. და მ. გ.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა.-ის” მიმართ. მათ მოითხოვეს მოლაპარაკებისაგან მიყენებული ზიანის ანაზაურება და შპს „ა.-თან” გაფორმებული ხელშეკრულების დადებულად ცნობა. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისას დაანგრია ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი, რამაც ამავე ქუჩის ¹88-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, შპს „ა.-ის” პრეზიდენტმა თ.ნ.-მ მ.გ.-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ა.-ს” 2002წ. ბოლომდე მოსარჩელისათვის უნდა გამოეყო 110 კვ.მ საერთო ფართის მქონე ბინა ..., მაგრამ მან ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. და მ. გ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.გ.-სა და შპს „ა.-ს” შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, რადგან მისი დადებისას დარღვეულია სკ-ის 323-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ სახლი ავარიული იყო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და მ. გ.-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვალს, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ა.-მ”. სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 11 მაისს დააკმაყოფილა შპს „ა.-ის” საჩივარი და გააუქმა 2004წ. 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2004წ. 31 მაისს არ გამოცხადდნენ მ. და ლ. გ.-ები და მათი წარმომადგენელი, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მ. და ლ. გ.-ებმა საჩივრის მეშვეობით გაასაჩივრეს მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, მართალია, ისინი სხდომის დღის თაობაზე გაფრთხილებულნი იყვნენ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მ. გ.-ი მკურნალობდა 2004წ. 25 მაისიდან 14 ივნისამდე, ხოლო წარმომადგენელი, ბიძის გარდაცვალების გამო, იმყოფებოდა ქ.ფოთში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინებით მ. და ლ. გ.-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჩივარში არაფერია მითითებული ლ. გ.-ის გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, ასევე არ არის წარმოდგენილი მათი რწმუნებულის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მ. გ.-ი, წარმოდგენილი ცნობის თანახმად, იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე და მან ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო სხდომაზე.

მ. და ლ. გ.-ებმა განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. გ.-ი 2004წ. 31 მაისს ავადმყოფი გამოცხადდა სასამართლოში და 13.00 საათამდე უცდიდა საქმის განხილვას, რა დროსაც იგი ცუდად გახდა და იძულებული იყო, ეცნობებინა მოსამართლისათვის. მან მიმართა განცხადებით კანცელარიას. კანცელარიის თანამშრომლებმა კი მას შეატყობინეს, რომ საქმე უკვე განხილულ იქნა მის გარეშე. კასატორის განმარტებით, საქმის განხილვის დროს სასამართლომ უწყებაში მიუთითა 11 საათი 30 წუთზე, ხოლო საქმე განიხილა 10 საათსა და 30 წუთზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ლ. და მ. გ.-ების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ საჩივარში არაფერია მითითებული ლ. გ.-ის გამოუცხადებლობის მიზეზზე. ამასთან, არ არის დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა პროცესზე განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, ხოლო მ. გ.-ის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო სხდომაზე. სსკ-ის 241-ე მუხლში მითითებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს სსკ-ის 233-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაზე. ასეთზე არც მის მიერ შეტანილ საჩივარშია საუბარი. რაც შეეხება მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, უნდა ითქვას, რომ საკასაციო საჩივარში და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში მითითებული გამოუცხადებლობის მიზეზები განსხვავებულია: თუ საჩივარში უთითებს, რომ იგი 2004წ. 25 მაისიდან 14 ივნისამდე გადიოდა მკურნალობას და ამიტომ ვერ გამოცხადდა სხდომაზე, საკასაციო საჩივარში ასეთ მიზეზად მოჰყავს ის გარემოება, რომ იგი გამოცხადდა სასამართლოში 11 საათზე და იცდიდა 13.00 საათამდე. ამ დროს იგი გახდა ცუდად, შემდეგ გაირკვა, რომ საქმე უკვე განხილული იყო.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მას საშუალება ჰქონდა, გამოცხადებულიყო სასამართლოს სხდომაზე, ხოლო ის გარემოება, რომ მას არ შეატყობინეს სასამართლო პროცესის დაწყების თაობაზე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.

კასატორი, ასევე, უთითებს, რომ სასამართლომ იგი გააფრთხილა სხდომაზე გამოცხადების თაობაზე 11.30 საათისათვის, პროცესი კი ჩატარდა 10.30 საათზე. აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით. სასამართლოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ 2004წ. 31 მაისს სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო 11.30 საათზე და არა 10.30 საათზე.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მ. გ.-მ ვერ დაადასტურა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ხოლო რაც შეეხება ლ. გ.-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტს, მის თაობაზე არაფერია მითითებული არც საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში, ასევე, საკასაციო საჩივარში არ არის არავითარი მითითება წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, როდესაც არ ცხადდება აპელანტი, თანახმად სსკ-ის 387-ე მუხლისა, სასამართლო არსებითად არ მსჯელობს დავის საგანზე, ამიტომ სასამართლო ვერ შეაფასებდა შპს „ა.-სა” და მ. გ.-ს შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერების ფაქტს.

პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. და ლ. გ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.