№10401-13 2 აპრილი, 2013 წელი
ნ-ე გ. , 10401-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. წ-ას
მსჯავრდებულ _ გ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივლისის განაჩენით გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 9 თვით, 151-ე მუხლით – 9 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით გ. ნ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით, 151-ე მუხლით – 6 თვითა და 22 დღით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. ნ-ეს მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ ამნისტიის სწორად გავრცელებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ნ-ისათვის დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით, 151-ე მუხლით – 6 თვითა და 22 დღით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით, სასჯელის საბოლოო ზომად კი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას გ. ნ-ე წინათ განზრახი დანაშაულისათვის – საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104, 203, 238-ე, 243-ე და სხვა მუხლებით – იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება გ. ნ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე