საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-344(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ.დ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 30 სექტემბერს ხ.დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 2 მაისის №1039507 ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციიდან. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება და სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ხ.დ-მა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს 2021 წლის 1 სექტემბრის №MIA 1 21 02307939 ბრძანებით იგი აღადგინეს სამსახურში, თუმცა ბრძანებით არ განსაზღვრულა განაცდურის ანაზღაურების საკითხი.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 2017 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველთვიურად 1138.50 ლარის (ჯამში - 59 202 ლარი) ოდენობით იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ხ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ზიანის სახით, მოსარჩელე ხ.დ-ის სასარგებლოდ, მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ანაზღაურება 2017 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, ყოველთვიურად 1138.50 ლარის (ჯამში 59 202 ლარი) ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხ.დ-მა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1039507 ბრძანება, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით აღდგენილ იქნა და დაინიშნა ტოლფას თანამდებობაზე. ამავე ბრძანებით, განისაზღვრა ხ.დ-ის წელთა ნამსახურობის დანამატისათვის წელთა ნამსახურობა, რომელიც 2021 წლის 1 სექტემბრისთვის შეადგენს 13 წელს, 6 თვესა და 16 დღეს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურში პირის აღდგენისა და სამსახურიდან გათავისუფლებულად ყოფნის პერიოდის სტაჟში ჩათვლის პირობებში, სამინისტრო ვალდებულია უკანონოდ გათავისუფლებულს აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი, განსახილველ შემთხვევაში კი თანხა უნდა გაიცეს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, ზუსტად იგივე ოდენობით, რასაც მიიღებდა მოსარჩელე, რომ მისცემოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები და უკანონოდ არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და განმარტავს, რომ იგი არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, რაც ქმნის განჩინების გაუქმების საფუძველს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია გამყარებულია შეუსაბამო სამართლებრივი ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკით, რეალურად კი არ იკვეთება ხ.დ-ისთვის 59 202 ლარის ანაზღაურების საფუძველი.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად არ არის დასაბუთებული, შესაბამისად უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხ.დ-ის სამსახურში აღდგენის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დავალების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. ამავე შინაარსის დანაწესებს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამავე კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ზიანის წყარო, პირის ინტერესს წარმოადგენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანით მიყენებული მატერიალური დანაკლისის შევსება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციატივით აღდგენილი ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: „საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №20550 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (...), პოლიციის კაპიტანი - ხ.დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 2 მაისის №1039507 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, ხ.დ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.
ასევე დადგენილია, რომ ხ.დ-მა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1039507 ბრძანება და სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის №MIA 1 21 02307939 ბრძანებით პოლიციის კაპიტანი ხ.დ-ი აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის (...) წამყვან სპეციალისტად (...). ამავე ბრძანებით სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2017 წლის 2 მაისიდან - 2021 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი. ამასთან, დადგენილია, რომ ხ.დ-ის წელთა ნამსახურობამ 2021 წლის 1 სექტემბრისთვის შეადგინა 13 წელს, 6 თვე და 16 დღე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას უკავშირებს. განსახილველ შემთხვევაში კი ერთი მხრივ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ ხ.დ-ი აღდგენილ იქნა სამინისტროში, სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი კი სამინისტროს მიერ ჩათვლილ იქნა მოსარჩელის სტაჟში. აღსანიშნავია, რომ სამსახურში აღდგენა და გათავისუფლების პერიოდის სტაჟში ჩათვლა თავისი არსით ემსახურება დასაქმებულისთვის იმ მდგომარეობის შექმნას/აღდგენას, რომელიც იარსებებდა თუ არ მოხდებოდა შესაბამისი პირის სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, დასახელებული მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, პროცესის მხოლოდ ნაწილის (ამ შემთხვევაში სამუშაოზე აღდგენა) უზრუნველყოფა ვერ იქნება მიჩნეული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამის ქმედებად. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან, შესაბამის სამსახურში მოღვაწეობა ემსახურება, როგორც მის პროფესიულ განვითარებასა და დამსაქმებელი დაწესებულების საქმიანობაში მონაწილეობას, ასევე მის მიერ გაწეული შრომისთვის განსაზღვრული ანაზღაურების მიღებას, რაც შედეგობრივად დაკავშირებულია ფიზიკური პირისთვის ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან. ამდენად, თანამშრომლის გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემთხვევაში, მისი უფლებების რეალური რესტიტუციისთვის საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ გათავისუფლების პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმ ანაზღაურების მიცემა, რომელსაც შესაბამისი პირი მიიღებდა, რომ არ მომხდარიყო მისი გათავისუფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ თანხა უნდა გაიცეს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, ზუსტად იგივე ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა, რომ მისცემოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები და უკანონოდ არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე