გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-134-458-05 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: დარღვეული საავტორო უფლების დაცვა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-მ და ი. დ-ვ-დ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საავტორო უფლების აღიარება; უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა; ზიანის ანაზღაურება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; პირადი არაქონებრივი უფლების დაცვა, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება, მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების – წარმომადგენელისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის დაკისრება. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ 2000 წლიდან ყოველ წელიწადს, 2003წ. ჩათვლით ატარებდნენ ღვინისა და ვაზის ფესტივალს, დევიზით _ „ვაზის საგალობელი». ამ ფესტივალის და მისი სხვადასხვა ნაწილების გამოყოფილი პროექტები დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში». მოპასუხეები 2004 წელსაც აპირებდნენ ფესტივალის ჩატარებას; 2004წ. მარტში მათ მიმართეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, რათა დახმარებოდა ფინანსურად და ფესტივალის ჩატარებაში მათი პარტნიორი გამხდარიყო, მაგრამ მინისტრმა დახმარების ნაცვლად, მიითვისა ლ. მ-ს პროექტი და დაარღვია მისი საავტორო უფლებები. სამინისტრომ აღნიშნული ფესტივალის ჩასატარებლად მიიღო 35000 ამერიკული დოლარი. მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა ხარჯთაღრიცხვა და მოითხოვა ფესტივალის ჩასატარებლად 60000 აშშ დოლარი, რაზედაც უარი განუცხადეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე – ... სამინისტრო. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოპასუხე ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღის შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ასევე ი. დ-ვ-დ-ე, რომელსაც სსკ-ის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო. სასამართლო კოლეგიამ ი. დ-ვ-დ-ის სარჩელი განუხილველად დატოვა სსკ-ის 231-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო კოლეგიის სხდომაზე ლ. მ-ს წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ... სამინისტროს დაეკისრა აღიაროს ლ. მ-ს საავტორო უფლება ნაწარმოებზე „ვაზის საგალობელი».
ლ. მ-ს სასარჩელო მოთხოვნები: ... სამინისტროს მიერ აღდგენილ იქნეს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობა და აღკვეთილი იქნეს ის მოქმედებები, რომლებიც არღვევენ უფლებას ან ქმნიან მისი დარღვევის საფრთხეს; მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, რომელიც შეადგენს 20.000 აშშ დოლარს;K ... სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა; ასევე დაეკისროს მორალური ზიანის მიყენების გამო 60.000 აშშ დოლარის გადახდა _ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ... სამინისტროსათვის სასამართლო ხარჯების, წარმომადგენლისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარჩელის გარემოებები მოსარჩელის ნაწარმოების ავტორობისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის შესახებ იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელის ნაწარმოების ავტორად აღიარების შესახებ, რის გამოც კოლეგიამ სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.
სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით სარჩელში არ არის მითითებული გარემოებები, თუ რა სახის მდგომარეობა არსებობდა მოპასუხის მიერ საავტორო უფლების დარღვევამდე, რის გამოც მოთხოვნა _ „აღდგენილი იქნეს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობა და აღკვეთილი იქნას ის მოქმედებები, რომლებიც არღვევენ მოსარჩელის უფლებას და ქმნიან მისი დარღვევის საფრთხეს» ვერ ამართლებს სარჩელის მოთხოვნებს და იგი არ დააკმაყოფილა.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სარჩელში არ არის მითითებული იმ გარემოებებზეც, რომლებიც საშუალებას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მოთხოვნების _ მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის _ 20.000 აშშ დოლარის დაკისრების, მორალური ზიანის _ 60.000 აშშ დოლარის დაკისრებისა და მოსარჩელის რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვის დაკისრების _ იურიდიული მართებულობა, რის გამოც სასამართლომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს უარი უთხრა.
სასამართლომ იურიდიულად გაუმართლებლად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, რადგან არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, თუ რა სახის ხარჯები იქნა გაწეული მოსარჩელის მიერ. სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი.
ლ. მ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, აღიარებულ იქნეს, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელე ლ. მ-ს საავტორო უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-5, მე-10, მე-11, მე-18, 23,59-ე მუხლებით და საპატენტო კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით. აეკრძალოს მოპასუხეს საერთაშორისო ღვინის ფესტივალის „ვაზის საგალობელის» ჩატარება; დაპატენტებული გამოგონების შემდგომში დამზადება ან სხვა უფლებადამრღვევი ქმედებანი, აეკრძალოს მოპასუხეს ნაწარმოებების „ვაზის ფესტივალის» სხვა სახით მოწმობა-გამოყენება ნებისმიერი სახეშეცვლილი ფორმით და დაევალოს მოპასუხეს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა; კასატორმა მოითხოვა, ასევე, მოპასუხეს დაეკისროს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად მატერიალური ზიანის 60.000 აშშ დოლარის და მორალური ზიანის 60.000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. მ-ს და ი. დ-ვ-დ-ეს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის სახით „ვაზის ფესტივალისათვის» ყადაღის დადებაზე; მოპასუხე ... სამინისტროს აეკრძალა „ვაზის ფესტივალის» ჩატარება. ამ განჩინებაზე სასამართლო კოლეგიამ 2004წ. 11 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მოპასუხემ არ გაასაჩივრა, მაგრამ ... სამინისტრომ ამ განჩინებას იგნორირება გაუკეთა, „ვაზის ფესტივალს» შეუცვალა სახელი და იგივე ღონისძიება ჩაატარა „რთველი-2004-ის» და „ღვინის ფესტივალის» სახელით. ამ ღონისძიების ჩატარებისას მოპასუხემ გამოიყენა ლ. მ-ს ინტელექტუალური საკუთრება – პროექტები და პროგრამები, რომლებიც დაპატენტებულია საქპატენტის მიერ. მოპასუხე ორგანიზაციის აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საავტორო უფლებების დარღვევად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნული საავტორო პროექტის მითვისებით მოპასუხემ დაარღვია არა მარტო კასატორის საავტორო უფლებები, არამედ მას სულ ცოტა ოთხი წლით მოუსპო შესაძლებლობა და მათ შორის საქართველოსაც, შევიდეს ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში O.I.V-ში, რადგან ასეთი ფესტივალის ოთხჯერ ჩატარების შემთხვევაში ორგანიზატორები ხდებიან O.I.V-ის წევრები. ამის შესახებ მოპასუხეს აცნობა კასატორმა 2004წ. მარტის წერილით, დაპატენტებული პროექტით და სერთიფიკატებით. მოპასუხის მხარიდან დახმარების ნაცვლად „ვაზის საგალობელის» ფესტივალის ჩატარების ხელისშეშლის გამო ლ. მ-მ მორალური და მატერიალური ზიანი განიცადა. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული და დამტკიცებულია, რის გამო არასწორად განმარტა სასამართლომ სსკ-ის 230-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. მ-ს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. მ-ს სახელზე, როგორც ავტორზე, „საქპატენტის» მიერ 2002წ. 3 ივლისს გაცემულია ¹199 სერთიფიკატი ნაწარმოებზე: ღვინის საერთაშორისო ფესტივალის „ვაზის საგალობელი» და ღვინისა და ლიქიორ-არყის დეგუსტაცია-კონკურსის პროექტი; მის სახელზე 2002წ. 21 ოქტომბერს „საქპატენტმა» გასცა ¹253 სერთიფიკატი შემდეგ ნაწარმოებზე „ვაზის და ღვინის დღე» – პროექტი და პროგრამა; 2004წ. 2 თებერვალს კასატორის სახელზე გაცემული იქნა იმავე ორგანოს მიერ ¹663 სერთიფიკატი ორ ნაწარმოებზე; რესტორნებისა და სასტუმროების ლიცენზირებისა და სერთიფიკაციის კომპლექსური სამსახურის შექმნა ოთხ ნომერაციაში; კულინარია, სერვისი, მუსიკალური გაფორმება და დიზაინი დევიზით: ეროვნული სუფრის მადლი» (ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი შეთანხმებით; რესტორნების, მინერალური წყლების, უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის დეგუსტაცია – კონკურსი; 2004წ. 2 თებერვალს „საქპატენტმა» ლ. მ-ს სახელზე გასცა ¹661 სერთიფიკატი ნაწარმოებზე _ კარნავალი – „მცენარეთა ყვავილობა» ფესტივალის დროს გაზაფხულზე, „ვაზის საგალობელი» ფესტივალის დროს შემოდგომაზე.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 58-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ამ კანონით გათვალისწინებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის იურიდიული პირი პასუხს აგებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
იმავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით; დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო საავტორო და მომიჯნავე შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო; ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. იმავე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ», „დ» და „ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების არჩევით.
იმავე მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დარღვევის არსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო ავტორს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ზიანის ანაზღაურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლო ხარჯები, წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ჩათვლით.
სასამართლო კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის სხდომის ოქმში მოცემულია სხდომის თავმჯდომარის შეკითხვა იმის თაობაზე, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სარჩელში მითითებული მოთხოვნები. მოსარჩელე ლ. მ-ს წარმომადგენელმა ამ კითხვაზე მიუთითა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის 58-59-ე მუხლების თანახმად, საავტორო უფლების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს იმ სახის მოთხოვნები, რაც სარჩელშია და ამდენად, მოთხოვნა სამართლებრივად გამართულია». სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო კოლეგიამ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სსკ-ის 225-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმით თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მართალია, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელის საფუძველში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის; საჭიროა ასევე, რომ ეს დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნებს. ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ჩათვალა, რომ სარჩელის გარემოებები მოსარჩელის ნაწარმოების ავტორობისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის შესახებ იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელის ნაწარმოების ავტორად აღიარების შესახებ და ამის გამო კოლეგიამ სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა; ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა შეემოწმებინა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» ითვალისწინებს თუ არა იმ შედეგს, რომლის დადგომაც სურს მოსარჩელეს. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის 59-ე მუხლი და ამ ნორმის შესაბამისად არ შეამოწმა ლ. მ-ს სარჩელში მითითებული გარემოებები მის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ თუ არა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედგენილია სსკ-ის 234-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; ამ მუხლის მოთხოვნაა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე. მაგრამ თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მაშინ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს კანონზე (მატერიალურ-სამართლებრივ ნორმაზე), რომელიც მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამათლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე» პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.