ას-1345-1475-04 15 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ.ყ-ის სარჩელი სამშენებლო კომპანია „კ.“, ლ. და ზ. გ-ების მიმართ „კ.“ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მისი შეწყვეტის, ზ. გ-თან დადებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მისი ბინიდან გამოსახლების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო.
ლ. ყ-მა 2004წ. 29 მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებებად მითითებულია: თბილისის საბურთალოს რ-ნის გამგეობის განკარგულება ¹331(22-09.1998წ.) ამხანაგობა ,,ხ.-.....-ის” დაკომპლექტების შესახებ; თბილისის მერიის ადგილობრივი მართველობის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის განკარგულება: ¹ 154/5.03 (1.05.2001 წ.); საგარანტიო ხელშეკრულება ¹1/47, რომელიც ერთის მხრივ დადებულია 1998წ. 22 დეკემბერს შპს ,,კ.” და ლ. ყ-ს შორის.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულების წარმოუდგენლობა მოხდა მისი ბრალის გარეშე, რადგან შპს ,,კ.-ის” ხელმძღვანელობა, საიდანაც აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვა უნდა მომხდარიყო, იმალებოდა. განმცხადებლის აზრით, ამ დოკუმენტების დროულად წარდგენა სასამართლოში მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის განჩინებით ლ.ყიფიანის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ყიფიანის წარმომადგენელმა გ. ბ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ლ.ყიფიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის I ნაწილის „ვ“ - ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითიებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ.ყიფიანმა, როგორც მისივე განცხადებიდან დგინდება, იცოდა იმ მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც მითითებული არის განცხადებაში, კერძოდ, 1998წ. 22 დეკემბრის ¹1/47 ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დაიდო მას და შპს „კ.“ შორის, მაგრამ მისი ბრალით არ მომხდარა ამ მტკიცებულებაზე მითითება გადაწყვეტილების გამოტანის დროს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა მაინც არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ მას და ზ. გ-ს შორის 1998წ. 28 ნოემბერს დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან 1998წ. 22 დეკემბრის ¹1/47 ხელშეკრულებაში შპს „კ.“ (ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში), კისრულობს მის მიერ ჩაბარებული ბინის დაბრუნებას და არა სადავო ბინის მესაკუთრე ზ. გ-ი.
განმცხადებელს ასევე შეეძლო, საქმის განხილვის დროს მიეთითებინა დანარჩენ ორ მტკიცებულებაზეც, კერძოდ, თბილისის საბურთალოს რ-ნის გამგეობის 22.09.1998 წ. ¹331 განკარგულებაზე და თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 01.05.2001წ. ¹154/5.03 განკარგულებაზე ამხანაგობა „ხ. ....-ის” და „ჭ. .....-ის” დაკომპლექტების შესახებ. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებიც არ გამოიწვევდნენ მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.ყიფიანის განცხადებაში მითითებული მტკიცებულებები (გარემოებები) არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, ლ.ყ-მა მისი ბრალით არ მიუთითა აღნიშნულ მტკიცებულებებზე სასამართლოს, ასევე აღნიშნული მტკიცებულებები არ გამოიწვევდნენ მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, ზ.გ-სა და განმცხადებელს შორის დადებული საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სააპელაციო პალატის განჩინება ლ. ყ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად, თუკი იგი წარადგენდა 1998წ. 22 დეკემბრის ¹ 1/47 ხელშეკრულების დედანს, სადაც 6.1 პუნქტში მითითებულია, რომ ოროთახიანი ბინის მთლიანი ღირებულება დაფარულია ჩაბარებული ბინით, მდებარე ..., ხოლო ამ ხელშეკრულების 6.2 პუნქტში კი წერია: ,,მშენებარე ბინის არაშენების შემთხვევაში ლ. ყ-ს კომპანიამ უნდა დაუბრუნოს უკან ზემოთ აღნიშნული ბინა”, გარანტირებული ექნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორის თქმით, სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ თითქოს მან არ მიუთითა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე. მან ამ გარემოებაზე მიუთითა, მაგრამ ვერ წარადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, არსებობს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ.ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლ. ყ-მა სასამართლოში საქმის განხილვის დროს იცოდა იმ მტკიცებულებების არსებობის შესახებ, რომლებსაც იგი მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, კერძოდ, 1998წ. 22 დეკემბრის ¹ 1/47 ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მას და შპს ,,კ.” შორის.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ მტკიცებულებაზე მითითება გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ მოხდა მისი ბრალით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლო თვლის, თუ კასატორმა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ შეძლო წერილობითი მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან ვისთანაც ისინი იმყოფებოდა, მას შეეძლო, სსკ-ის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, უარის მიღების შემთხვევაში კი გაესაჩივრაბინა შესაბამისი განჩინება. თუ მხარეს მიაჩნდა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, მას უნდა გამოეყენებინა ყველა საპროცესო საშუალება მათ მისაღებად, რაც მხარეს არ გაუკეთებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უთხრა უარი ლ. ყიფიანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინება.
კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.